მთავარი,სიახლეები

თურქეთში 8-ჯერ გაიზარდა კოვიდის ახალი შემთხვევები – მედია

08.07.2022 • 1472
თურქეთში 8-ჯერ გაიზარდა კოვიდის ახალი შემთხვევები – მედია

თურქეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი რვაჯერ გაიზარდა – წერს თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთში, ერთ კვირაში, 27 ივნისიდან 3 ივლისამდე, კოვიდის 57 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ანკარის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ალპაი აზაპმა „ანადოლუს“ უთხრა, რომ Covid-19-ის ახალი ვარიანტები, BA.4 და BA.5, კოვიდის ახალი შემთხვევების ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მისი თქმით, ეს ვარიანტები „წითელასავით“ გადამდებია, რეგულაციების გაუქმების და შემსუბუქების შემდეგ კი ადამიანები აღარ ატარებენ პირბადეს, რადგან მიიჩნევენ, რომ პანდემია დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის:

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამეცნიერო წრეები რამდენიმე თვეა აცხადებენ, რომ პანდემია არ დასრულებულა. ვირუსი აგრძელებს ევოლუციას და დაიწყო ომიკრონის ვარიანტის ქვეტიპებით გამოწვეული ახალი ტალღა, რომელიც ძალიან გადამდებია და უფრო მდგრადია ვაქცინაციის ან დაავადების მქონე იმუნიტეტის მიმართ.

…უახლოეს დღეებში რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში შეიძლება გაიზარდოს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის შემთხვევები,“ – ამბობს ის.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა საქართველოშიც. მაგალითად, თუ ივნისის შუა რიცხვებში საქართველოში კოვიდის დადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 0.51% პროცენტი იყო, გასული კვირის მაჩვენებელი უკვე 4.05 პროცენტია.

კოვიდით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მატებაზე საუბრობენ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც, რომელიც რეგიონის მთავარი კოვიდკლინიკაა.

_____________________________

ამავე თემაზე: 

ბათუმში კოვიდპაციენტების მატების გამო გავხსენით თერაპიული განყოფილება – გია კიკაბიძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: