მთავარი,სიახლეები

რა იწვევს არდაგანის ტბაზე შლამის მატებას და არსებობს თუ არა მისი დაჭაობების საფრთხე

07.07.2022 • 1396
რა იწვევს არდაგანის ტბაზე შლამის მატებას და არსებობს თუ არა მისი დაჭაობების საფრთხე

ბათუმში, არდაგანის ტბის ზედაპირზე შლამის რაოდენობა კვლავ მომატებულია. კომპანია „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, რომ ამის მიზეზი ტემპერატურის მატებაა, რა დროსაც ტბებზე წყალმცენარეები და ხავსი მრავლდება.

ბათუმის ბულვარში მდებარე არდაგანის ტბა წლებია ინტენსიურად ბინძურდება და ასევე ინტენსიურად იწმინდება. პერიოდულად მდგომარეობა მძიმდება, როცა ტბას ზედაპირზე შლამის მასა ედება, რაც  სპეციფიკურ, უსიამოვნო სუნს წარმოშობს.

შპს „ბათუმის წყალს“ ქალაქის ორივე ტბის მოვლა და დასუფთავება ევალება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ზედაპირული  დასუფთავება არდაგანის ტბაზე რეგულარულად ხდება, გარდა ამისა, ეტაპობრივად ხორციელდება მექანიკური წმენდა.

„ხორციელდება, როგორც მექანიკური, ისე ბიოლოგიური გაწმენდა, როცა სატრანსპორტო საშუალება ერთვება გაწმენდის პროცესში და ვიღებთ დათბობის შედეგად წყალში გავრცელებულ წყალმცენარეებს“ – განმარტავენ „ბათუმის წყალში“. მათივე თქმით, პერიოდულად მყვინთავების დახმარებითაც ხდება ტბის ფსკერის დასუფთავება.

არდაგანის ტბაში ქალაქის სანიაღვრე სისტემების წყლები ჩაედინება და ის ერთგვარ შემკრებ აუზს წარმოადგენს. “ბათუმის წყალში” ამბობენ, რომ უხვი ნალექის დროს ტბიდან წყალი რომ არ გადმოვიდეს, იხსნება ტბიდან ზღვაში გამავალი არხი.

კომპანიაში ამბობენ, რომ არდაგანის ტბა, ისევე როგორც ნურის ტბა, დაჭაობების საფრთხის წინაშე არ დგას.

„თვეში ერთხელ, ორივე ტბაზე, ადლიის ჩამდინარე წყლების ლაბორატორია ამოწმებს წყლის (ტბის სამი ნაწილიდან აღებულ) სინჯებს. კვლევის შედეგებით, ორივე ტბაზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – ამბობენ „ბათუმის წყალში“.

არდაგანის ტბაში თევზაობის ამკრძალავი რეგულაცია არ არის დაწესებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: