ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ივლისში აჭარის 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – როგორ დავესწროთ აზომვას

29.06.2022 • 7555
ივლისში აჭარის 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია იწყება – როგორ დავესწროთ აზომვას

ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების 9 თემში მიწის უფასო რეგისტრაცია 2022 წლის ივლისის თვეში დაიწყება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ სავალდებულო არა, მაგრამ უმჯობესია მიწის მფლობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი დაესწროს აზომვის პროცესს.

2022 წლის ივლისში საკადასტრო აზომვითი სამუშაოები დაიწყება:

  • დანდალოში და წონიარისში [ქედა]
  • დღვანში, უჩამბასა და ჭვანაში [შუახევი]
  • ხიხაძირში, სხალთაში, ღორჯომსა და ფუშრუკაულში [ხულო]
მოქალაქეებს, რომლებიც ნაკვეთებს ფლობენ იმ სოფლებში, სადაც მიწის აზომვა დაწყებულია ან აწი დაიწყება, შეუძლიათ საჯარო რეესტრს დაუკავშირდნენ და მიაწოდონ ინფორმაცია ამ ბმულის საშუალებით 

აღნიშნული ბმულის საშუალებით, მოქალაქეებს შეუძლიათ მათი საკონტაქტო მონაცემები და მიწის ნაკვეთის მდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საჯარო რეესტრს.

„როცა დაიწყება მიწის აზომვა, ამზომველები მოქალაქეების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაითვალისწინებენ და შესაბამისად დაუკავშირდებიან მათ, ეტყვიან კონკრეტულ დროს, რათა მოახერხონ და დაესწრონ აზომვის პროცესს. ეს შემდგომში ბევრი უზუსტობის თუ გაუგებრობების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა“, – უთხრეს საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“.

საჯარო რეესტრში აცხადებენ ასევე, რომ საწყის ეტაპზე ხდება მოსახლეობის ინფორმირება პროექტის შესახებ, შემდეგ იწყება საველე სამუშაოები [ანუ მიწის ნაკვეთების აზომვა. სწორედ ამ პროცესშია სასურველი მიწის მფლობელების თუ მათი წარმომადგენლების დასწრება უშუალოდ აზომვის დროს];

მომდევნო ეტაპზე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ აზომვის შედეგად მიღებულ მონაცემებს ელექტრონულად [რაც ატვირთული იქნება რეესტრის ვებგვერდზე] და თუ რაიმე უზუსტობას აღმოაჩენენ, მიმართონ საჯარო რეესტრს;

ბოლო ეტაპი კი არის – საველე სამუშაოების დროს აზომილი და შემდეგ [საჭიროებისამებრ] კორექტირებული საკადასტრო საზღვრების ანუ კონკრეტული მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია.

მიწის ნაკვეთი, რომლის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი აზომვისა და დოკუმენტების გადამოწმების პროცესში ვერ დადგინდება, დარეგისტრირდება სახელმწიფოს ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკუთრებად.

მიწის აზომვა, დოკუმენტების მოძიება და რეგისტრაცია, პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა.

2022 წლის ივლისში მიწის რეგისტრაცია აჭარის 9 თემის გარდა ასევე დაიწყება თიანეთში [სიმონიანთხევი], ლანჩხუთში [ღრმაღელე], ოზურგეთში [დვაბზუ], დაბა ჩოხატაურსა და ხარაგაულში.

მიწის აზომვების გეგმა-გრაფიკი კი, დასახლებული პუნქტების და წლების მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: