მთავარი,სიახლეები

არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა

12.04.2016 • 1983
არჩილ ხაბაძე: ამ ეტაპზე შესაძლებელია დრიმ ოაზისთან ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტა

არჩილ ხაბაძე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც „ბათუმელებს“ მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურმა მოაწოდა, მთავრობა ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხს განიხილავს იმ კომპანიასთან, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. არჩილ ხაბაძის განცხადების მიხედვით, ამ საკითხზე ორმხრივი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„გასულ კვირაში გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან. ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კომპრომისული შეხვედრა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნების ნაწილი იყო სამართლიანი. ჩვენ ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდით მოგვარების გზებზე. იყო საუბარი, თუ რამდენად შეიძლებოდა სამართლებრივ ფარგლებში ხელშეკრულებაში ცვლილებები შესულიყო ან შეწყვეტილიყო. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სამართლებრივ ჩარჩოებში შესაძლებელია ხელშეკრულების ორმხრივად შეწყვეტის შესახებ პროცედურებისა და მოლაპარაკებების დაწყება.

რაც შეეხება მოთხოვნას ბულვარის კონსერვაციასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ბულვარის კონსერვაცია ბიუჯეტით არ არის დაგეგმილი, თუმცა სამომავლოდ შესაძლებელია ამაზე მუშაობის დაწყება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანია დავითანხმეთ ხელშეკრულების ორმხრივ შეწყვეტაზე. თუმცა ჩვენ ავანაზღაურებთ იმ სამუშაო ღირებულებას, რაც უკვე შეასრულა დრიმ ოაზისმა. სიტყვიერად შევთანხმდით, თუმცა უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა ამ მიმართულებით“, – აჭარის მთავრობის პრესსპიკერის ინფორმაციით, ეს განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ  მედიასთან დღეს გააკეთა.

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი“, დღეს, 12 აპრილს, განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, აჭარის ხელისუფლების დაკვეთით ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია კვლავაც იმ მიდგომით აგრძელებს მუშაობას, რაც ბათუმის ძველი ბულვარის იერ-სახის დამახინჯებას გამოიწვევს.

არჩილ ხაბაძემ განმარტება “დრიმ ოაზისთან” ხელშეკრულების შეწყვეტაზე  სწორედ საინიციატივო ჯგუფ – „დაიცავი ძველი ბულვარის“ მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ გააკეთა.

შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისი“, რომელიც ბათუმის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა, 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს. სამი კომპანიის შერწყმა/რეორგანიზაციის შემდეგ ახალი კომპანია – შპს „დრიმლენდ ოაზისი“ მუშაობს. სწორედ ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ ირგვლივ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: