მთავარი,სიახლეები

საკადრო ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

11.04.2016 • 1846
საკადრო ცვლილებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა აფხაზავამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოსტი დატოვა. ის ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორის მოადგილედ, რვა აპრილს დაინიშნა.  ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროშიც ადასტურებენ, სწორედ მათი წარდგინებით დაინიშნა ბიძინა აფხაზავა.

„ბათუმელები“ ბიძინა აფხაზავასაც დაუკავშირდა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან თავისი სურვილით არ წასულა: „მთელი ცხოვრება ძეგლებისთვის ვიბრძოდი და მინდოდა, რომ ბოლომდე ვყოფილიყავი, რომ რაც შეიძლება ნაკლები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულიყო.  ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ ბევრი რაღაცეები აღარ გვექნება“.

ბიძინა აფხაზავა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თითქმის 30 წელი მუშაობდა. „საიდანაც წამოვედი იქ დავბრუნდი და ვეცდები, რომ რაღაც ჩვენი ქალაქისთვის გავაკეთო. მუზეუმიც კულტურის ძეგლია“, -გვეუბნება ის.

არაოფიციალური ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, ძეგლებზე ნებართვის გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი, საკრებულოს წევრი, ზაურ ახვლედიანი განიხილება. თუმცა, „ბათუმელებთან“ საუბარში ზაურ ახვლედიანი ამბობს, რომ მისი კანდიდატურა ადრე განიხილებოდა, ამჯერად კი შემოთავაზება არ მიუღია: „ორი წლის წინ განიხილებოდა და მოხდა კიდეც ჩემი წარდგინება, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები იყო და გადაიდო, ახლა არ ვიცი რა ეტაპზეა, განიხილავს თუ არა დირექტორი არ ვიცი“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: