მთავარი,სიახლეები

21 წლის გოგო ქედიდან, რომელმაც მცენარეებზე ზრუნვა შემოსავლის წყაროდ აქცია

14.06.2022 • 4680
21 წლის გოგო ქედიდან, რომელმაც მცენარეებზე ზრუნვა შემოსავლის წყაროდ აქცია

21 წლის ზოია ფარტენაძე ქედიდან, სოფელ აბუქეთადან, სხვადასხვა მცენარის ნერგს ამრავლებს და ინტერნეტით ყიდის.

ზოიას მცენარეები ბავშვობიდან უყვარს. გვიყვება, რომ ბებო და დედა  ყოველთვის უვლიდნენ ქოთნის თუ ეზოს ბევრ მცენარეს. ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში ეხმარებოდა დედას მცენარეების გადარგვასა თუ მორწყვაში.

ზოია რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. უნდოდა საკუთარი საქმე ჰქონდა. სცადა ბევრი რამ, საბოლოოდ კი ბევრი წინაღობის მიუხედავად,  შეძლო, შემოსავლის წყაროდ მცენარეებზე ზრუნვა ექცია.

მისი დღე დილით ადრე მცენარეებზე ზრუნვით იწყება. გვიყვება, რომ საღამოს, სამეურნეო და სახლის საქმეების დასრულების შემდეგ ისევ მცენარეებს უბრუნდება და მხოლოდ მათი მოვლის შემდეგ იძინებს.

ზოიას პირველი გაყიდული მცენარე დეკორატიული წიწაკა იყო.

  • ზოია, როდის და როგორ გადაწყვიტეთ მცენარეების ნერგები გამოგეყვანათ, ეს საქმე თქვენი შემოსავლის წყარო გაგეხადათ?

ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა დეკორატიული წიწაკის ნერგი მაჩუქეს.

ზამთარში ფანჯრის რაფაზე გავზარდე ეს ნერგი და შემდეგ ერთჯერად ჭიქებში გადავამრავლე. შვილივით ვუვლიდი.

მოგვიანებით, სრულიად შემთხვევით, ინტერნეტში ვნახე, რომ ამ მცენარეს ძალიან ძვირად ჰყიდდნენ. გადავწყვიტე, მეც გამეყიდა. მე შედარებით იაფად დავიწყე დეკორატიული წიწაკის გაყიდვა ინტერნეტით. მალევე ძალიან კარგი შეფასებები დავიმსახურე ჩემი მომხმარებლებისგან.

მაშინვე არ გამჩენია მოტივაცია სხვადასხვა ჯიშის ყვავილის ნერგების გამოყვანა და მათი გაყიდვაც დამეწყო. დეკორატიულ წიწაკებს მივუბრუნდი და უფრო მეტი ნერგის გამოყვანას შევეცადე.

მოგვიანებით მეგობარმა მირჩია, რომ დრო იყო, სხვადასხვა ყვავილის ნერგებიც გამომეყვანა.

დასაწყისში 25-მდე განსხვავებული ჯიშის ქოთნის მცენარე შევიძინე გასამრავლებლად. მათი მოვლა არ ვიცოდი. ყველას ერთნაირად ვუვლიდი, რაც, ცხადია, არ იყო სწორი.

  • 2019 წლამდე გქონდათ მცენარეებთან შეხება?

ყვავილები ბავშვობიდან მიყვარდა, რადგან ბებო და დედა ყოველთვის ამრავლებდნენ ქოთნის თუ ეზოს მცენარეებს. ჩვენს ეზოში ყოველთვის იყო ვარდები, გეორგინები, გვირილები და სხვა, უამრავი ყვავილი.

როცა პატარა ვიყავი, ვუყურებდი როგორ უვლიდნენ დედა და ბებო ქოთნის მცენარეებს და მეც ვერთვებოდი ამ საქმეში, მცენარეების გადარგვაში, მორწყვაში და ა.შ. ამიტომ, მცენარეების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მომდევს.

თუმცა მარტოს არასდროს გამჩენია სურვილი ყვავილების მოვლა აქტიურად დამეწყო. ამას ვერც წარმოვიდგენდი. ახლა კი უკვე მესამე წელია, რაც ქოთნის მცენარეები სეზონური შემოსავლის წყაროა ჩემთვის.

  • მხოლოდ ქოთნის მცენარეებს უვლით, თუ სხვა სახის გამოცდილებაც გაქვთ?

ძირითადად ყოველთვის ქოთნის ყვავილებს ვუვლიდი. თანაც სახლის გარემოს მიხალისებს. ჩემს სახლს დიდი კიბე აქვს, პატარა აივნები და იქ ვალაგებდი ხოლმე ქოთნებს ან ფანჯრის რაფებზე, რადგან სხვაგან მზე არ ჰყოფნიდათ.

ეზოს ყვავილებიც მაქვს. როცა სტუმრად მოდიან, ბევრ კომპლიმენტს მეუბნებიან ხოლმე.

  • სათბური არ გაქვთ?

სათბურის ქონას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. შარშან გვინდოდა გაგვეკეთებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. წელსაც ძალიან მინდა, რომ გავაკეთო.

არ მიხაროდა ზამთრის დადგომა, უამრავი მცენარე მქონდა, ვამრავლებდი და უცებ, შემოდგომას მიწევდა ამ მცენარეების გაჩუქება, ან გაყიდვა იმაზე ბევრად იაფად, რაც ღირდა, რომ არ გაფუჭებულიყვნენ და სიცოცხლე შეენარჩუნებინათ თუნდაც სხვაგან.

ალბათ, წელსაც მომიწევს, რომ მხოლოდ 1-2 მცენარის ამარა დავრჩე, შემდეგ წელს ისევ გადავამრავლო მათგან ახალი ნერგები და ყველაფერი თავიდან დავიწყო.

მცენარეების შეძენა ჩემთვის რთულია, რადგან ხშირად ვერ ვახერხებ ბათუმში ჩასვლას.

სათბური რომ მქონდეს, შესაძლებლობა მექნება, ზამთარშიც გავახარო მცენარეები. სათბურის ქონა ხელს შემიწყობდა განვითარებაში, მაგრამ არ მაქვს. თანაც ახლა ყველაფრის ფასი გაიზარდა.

  • ქედის ზამთრის კლიმატს ვერც ერთი მცენარე ვერ უძლებს?

წლების განმავლობაში უამრავი ყვავილის გახარება და გამრავლება ვცადე. აქაური ზამთრის ძლიერი სიცივე ყველა მათგანს აფუჭებდა.

საბოლოოდ, სოციალურ ქსელში მცენარეების გვერდს მივაგენი და სუკულენტების შესახებ გავიგე.

ეს ყინვაგამძლე მცენარეებია. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან დეკორატიულია და არ ყვავის.

სუკულენტების რამდენიმე სახეობა შევიძინე გასულ წელს. ცოტა ხანში კიდევ ვიყიდე რამდენიმე ახალი სახეობა და სერიოზულად მივუდექი მათ მოვლასა და გამრავლებას. მალევე გამიტაცა მათზე ზრუნვამ, თანაც მარტივია მათი მოვლა და სხვა მცენარეებთან შედარებით მარტივად ხარობენ და მრავლდებიან.

დღეს უკვე ძირითადად სუკულენტებს ვუვლი. მათ ზამთარშიც შეუძლიათ საკუთარი თავის შენახვა. ოთახის ტემპერატურაზე თუ იქნებიან, გაზაფხულამდე ძლებენ.

ზოია ფარტენაძის მცენარეები

  •  მცენარეების ნერგებს მხოლოდ ინტერნეტით ყიდით?

ავტომანქანა არ გვაქვს, სახლიდან ხშირად ვერ გავდივარ საქმეების გამო, ამიტომ, ყვავილებს ძირითადად ინტერნეტით ვყიდი.

ჩემს მცენარეებს ვუღებ ფოტოებს, ვაქვეყნებ სხვადასხვა ფეისბუქჯგუფში და ასე მიკავშირდებიან მომხმარებლები.

უხეშად რომ ვთქვა, ვაგროვებ ადამიანებს, ვისაც მცენარეების ყიდვა უნდათ, შემდეგ რამდენიმე დღით ადრე ვაფრთხილებ, როდის ჩავალ ქალაქში და მათთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმაქვს ნერგები, პატარა ყუთებში ჩაწყობილი, ერთდროულად.

როცა ყვავილები გასაყიდად მიმქონდა ქალაქში, უცხო ადამიანები მეუბნებოდნენ ყოჩაღო და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა.

მცენარეებს ფოსტითაც ვაგზავნი ხოლმე, თუ მყიდველს უღირს დამატებით ფოსტის თანხის გადახდა.

მცენარეების გაყიდვაში ახლა ოჯახის წევრებიც მეხმარებიან.

ყვავილების მაღაზიებთან არ ვთანამშრომლობ. სუკულენტების გამრავლებას თვეები სჭირდება და იმდენი, რომ ყვავილების მაღაზიები მოვამარაგო, არ მაქვს.

რამდენიმე შემოთავაზება მქონდა ყვავილების მაღაზიებისგან, რომ თუ სათბური მექნებოდა და ბევრი ნერგის გამოყვანას შევძლებდი, ისინი ყოველთვის ჩემგან შეიძენდნენ.

  • რა ღირს თქვენი გამოყვანილი მცენარეების ნერგები?

ჩემი მცენარეების ფასი 5 ლარიდან იწყება და 15 ლარამდეა. ფასი დამოკიდებულია მცენარეების სახეობაზე.

ვინც ჩემსავით დამწყებია და უნდა, რომ შეიძინოს მცენარეები და გაამრავლოს, მათთვის ჩემი მცენარეების ფასი კიდევ უფრო დაბალია, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა ძალიან მნდომებია მცენარის შეძენა, მაგრამ ვერ შემიძენია ფინანსების არქონის გამო.

ასევე, ძალიან ბევრ მცენარეს ვჩუქნი ადამიანებს და მეც ვიღებ საჩუქრად სხვადასხვა სახეობის მცენარეს მათგან.

  • მცენარეების მოვლა რომ გესწავლათ, რა გზებს მიმართეთ?

თავიდან ინტერნეტით არ ვსარგებლობდი აქტიურად. ყველას იმას ვეკითხებოდი, თუ როგორ მომევლო მცენარეებისთვის. ხშირად არასწორ რჩევებს ვიღებდი. საბოლოოდ, ყველაფერი საკუთარი გამოცდილების მაგალითზე ვისწავლე.

მცენარეების მოვლა მისი ადგილმდებარეობის, ჰავის, განათების და კიდევ სხვა უამრავი ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება.

ახლა ინფორმაციას მცენარეების შესახებ ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობ და საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციასაც ვიღებ. თუმცა ყველაზე კარგ ცოდნას მცენარეების მოვლაზე ჩემი პრაქტიკა მაძლევს.

აი, მაგალითად, სუკულენტები ძალიან მრავალფეროვანია და თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ ყველაზე ერთნაირად უნდა მეზრუნა და ამიტომ, რამდენიმე სახეობის სუკულენტი გამიფუჭდა.

  • რა არის თქვენთვის მცენარეები?

ჩემთვის მცენარეები სიმშვიდის წყაროა. მათთან ურთიერთობა მამშვიდებს.

ყვავილები ადამიანის ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს. თუ რამე ნეგატიური გაგაჩნია, მათი მოვლის დროს გიქრება. საკუთარი მაგალითით ვამბობ, ყვავილებთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ გადამატანინა.

  • თქვენს წამოწყებას როგორ შეხვდნენ გარშემომყოფები?

დასაწყისში ყველა წინააღმდეგი იყო, რომ მცენარეები გამემრავლებინა, რადგან მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიცოდი მათი მოვლა.

ჩემი და უფრო ოჯახის ფინანსები მიდიოდა ყვავილებში, რომელიც ზამთარში ხმებოდა, ფუჭდებოდა. მეკითხებოდნენ „რატომ იხდი ამდენ ფულს მცენარეებში, როცა ფუჭდება?“ მაინც არ დავნებდი. ყვავილების სიყვარულმა გამაძლებინა.

ბევრი ადამიანი, ახლობლები თუ ნაცნობები, მეუბნებოდა – „მაგით არაფერი არ გამოვა“,  „უი, მერე რა, ყვავილები გაქვს, გგონია მაგით რამე გამოვა?“

რა თქმა უნდა, მწყინდა, მაგრამ ეს ჩემთვის მოტივაცია იყო. მინდოდა მათთვის დამემტკიცებინა, რომ შეგიძლია მიაღწიო რაღაცას.

ახლა ჩემი ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ [მცენარეების მოვლაში],  მათაც მოაქვთ ჩემთვის ყვავილები და აღარ უყურებენ სკეპტიკურად. უკვე ყველა შეეჩვია, რომ მცენარეები ჩემი შემოსავლის წყაროდ იქცა, მაგრამ ბევრი ისევ ალმაცერად უყურებს ჩემს საქმეს, ფიქრობენ – „ბავშვია, ეს რას მიაღწევს“.

ყველას არ შეუძლია კაბინეტში იჯდეს, განათლება მიიღოს.

ძალიან მინდოდა ადამიანებისთვის დამემტკიცებინა, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, თუნდაც ის, რაზეც სხვები იძახდნენ, რომ არ გამოვა. 

ეს იყო ჩემთვის გამარჯვება და მით უფრო, მათი აზრის შეცვალა, რომ შეუძლებელი  არაფერია.

  • პროფესიის ქონაზე არ გიფიქრიათ?

კი. ვოცნებობდი მქონდა პროფესია. ძალიან მინდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი. პირველივე კლასიდან მინდოდა ექიმობა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე სწავლა. ადრე გავთხოვდი, რაც ახლა არასწორი მგონია და ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ.

ოჯახის შექმნას ხელი არ შეუშლია ვიკითხო წიგნები, მაგრამ ახლა შეუძლებლად მეჩვენება პროფესიის შეძენა. ის, რომ ექიმი გავხდე, ამას ბევრი ფინანსები, სხვა რაღაცები სჭირდება, რაც ფიზიკურად არ გამაჩნია. ამიტომ, ამ სფეროში [მცენარეებზე ზრუნვა] ვხედავ უფრო რეალურად ჩემს თავს.

  • სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

სამომავლოდ მინდა, რომ გავაფართოო ჩემი წამოწყება და მცენარეებისთვის სათბური გავაკეთო. მინდა, მქონდეს ეზოში პატარა დასასვენებელი კუთხეც, სადაც ადამიანებს ვუმასპინძლებ.

იყვნენ მომხმარებლები, რომლებსაც უნდოდათ მოსულიყვნენ ჩემთან და ადგილზე ენახათ ჩემი მცენარეები. როცა სათბური გაქვს, შეგიძლია მიიღო ადამიანებიც, მაგრამ ახლა ეს შეუძლებლად მეჩვენება.

  • გარდა სუკულენტისა და სხვა მცენარეების ნერგების გამოყვანისა, კიდევ რით ხართ დაკავებული?

როცა დავქორწინდი, ჩემი ქმრის ოჯახს მარწყვი არ ჰქონდა. ვყიდულობდით ხოლმე.

მინდოდა, ჩვენი მარწყვის ნარგავი გვქონოდა.

მეზობელს ჰქონდა მარწყვის ნერგები, რომლებსაც ძალიან დიდი და ტკბილი ნაყოფი აქვს. ვთხოვე რამდენიმე ნერგი მოეცა და მეც დავრგე.

გასულ წელს ბევრი ნერგი მქონდა მარწყვის, მაშინ არ მინდოდა გამრავლება და ვიფიქრე გავყიდი ამ ნერგებს-მეთქი და ინტერნეტით მათი გაყიდვაც დავიწყე.

მარწყვის ერთ ნერგს 1 ლარად ვყიდი და ჩემს ყველა მყიდველს დამატებით 10 ნერგს ვჩუქნი.

მეორე წელია, რაც მარწყვის ჩემი ნარგავისგან ნაყოფსაც ვიღებ. წელს დაახლოებით 30 კილოგრამი მარწყვი გავყიდეთ კიდეც. მინდა, რომ მარწყვის ნარგავები კიდევ უფრო გავაფართოო. თანაც, მარწყვი არ არის პრეტენზიული მცენარე, მხოლოდ მორწყვა და გამარგვლა სჭირდება.

ზოია ფარტენაძის მიერ მოყვანილი მარწყვი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: