მთავარი,სიახლეები

შშმ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს – სახალხო დამცველი

14.06.2022 • 1121
შშმ პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს – სახალხო დამცველი

დღეს, 14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შშმ პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება.

სახალხო დამცველი ამ დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ დაძლია სახელმწიფომ შშმ პირთა უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვისთვის. მისი თქმით, კვლავ პრობლემაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფიზიკური გარემოს, ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებისა და სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობა, ასევე, სერვისებისა და დამხმარე საშუალებების ნაკლებობა და სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის სიმწირეა.

„აქტუალური რჩება შშმ ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესში სათანადო ჩართვა. დღის წესრიგში დგას სასწავლო დაწესებულებების სივრცის, სასწავლო რესურსებისა და პროცესის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ეფექტური ზომების მიღების აუცილებლობა. ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დროულად და საჭირო რაოდენობით მობილიზება, მათ შორის, სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე.

სირთულეებთანაა დაკავშირებული შშმ პირთა შრომისა და დასაქმების უფლების რეალიზება. მათ დასაქმებაში ხელშემშლელი ბარიერებია მიუწვდომელი გარემო და სერვისები, ფორმალური განათლების არქონა და თავად დამსაქმებლების დისკრიმინაციული დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ“, – წერს სახალხო დამცველი.

ის ასევე ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლებაზე და ამბობს, რომ „სახელმწიფოს არასაკმარისი მცდელობების გამო, ქვეყანაში არსებულ სოციალური საცხოვრისების აბსოლუტურ უმრავლესობაში სრულად ან ნაწილობრივ უგულებელყოფილია შშმ პირების საჭიროებები. მათ შორის, იკვეთება საცხოვრისების ფიზიკური გარემოს მიუწვდომლობა, გადატვირთულობა, მხარდამჭერი სერვისების არარსებობა.

მუნიციპალურ დონეზე გამოწვევას წარმოადგენს საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული სერვისების  დანერგვა/გაძლიერება, ასევე, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ საბჭოებში სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირთა მონაწილეობა და სათათბირო ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირება.

საკმარისი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები. არსებითად არ გაზრდილა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. ჯერ კიდევ არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია.

ასევე გამოწვევად რჩება შშმ პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი“, – ამბობს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, გადაუჭრელია სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლის საკითხიც, „მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას“.

მისი თქმით, კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გამოიხატება მათ მიერ გამოყენებულ არასწორ ტერმინებსა და სტერეოტიპულ ხედვებში. აღნიშნული ხელს უწყობს ჯგუფის სტიგმატიზაციას, ქმნის ბარიერებს და აფერხებს შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: