მთავარი,სიახლეები

ვინ არიან 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

10.06.2022 • 9829
ვინ არიან 2 ბრიტანელი და 1 მაროკოელი, რომლებსაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

9 ივნისს დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ სამხედრო ტყვეს – 28 წლის ეიდენ ასლინს, 48 წლის შონ პინერს და 21 წლის საადუნ ბრაჰიმს. მათ ბრალად ედებათ „ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა“.

ვინ არიან ისინი – 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის ტყვეობაში აღმოჩენილი მებრძოლები, რომლებმაც, არაერთი ცნობის თანახმად, „განაჩენამდე“ ფსიქოლოგიური ზეწოლა და წამება გადაიტანეს.

ეიდენ ასლინი, 28 წლის

ბრიტანული მედია ეიდენ ასლინზე ჯერ კიდევ 2016 წელს წერდა, როდესაც ნიუ არკის მცხოვრები სირიდან დაბრუნდა. ეიდენი, 10 თვის განმავლობაში, მოხალისედ იბრძოდა ქურთთა სახალხო დაცვის შენაერთების (YPG) რიგებში „იგილისა“ და სახელისუფლო ძალების წინააღმდეგ.

ის სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს. მართალია, ბრიტანული კანონებით, YPG ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევა, თუმცა ქვეყანაში აკრძალულია მასთან დაკავშირებული ქურთისტანის მუშათა პარტია.

ეიდენი გირაოთი გამოუშვეს, მალე კი მის მშობლიურ ნოტინგემში საპროტესტო აქცია გაიმართა – აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, ხელისუფლებას ეიდენ ასლინის დევნა შეეწყვიტა.

საბოლოოდ, ეიდენისთვის ტერორიზმის ბრალდება არ წაუყენებიათ და საერთაშორისო პასპორტიც დაუბრუნეს, რის შემდეგაც მან ბრიტანეთი დატოვა.

ეიდენ ასლინი სირიაში/ფოტო: Instagram

მოგზაურობისას ეიდენი შეხვდა უკრაინელ გოგოს, ინგლისურის მასწავლებელს ნიკოლაევიდან და მასთან ერთად უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. 2018 წელს ეიდენ ასლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადას.

ქორწილს 2022 წლის გაზაფხულზე გეგმავდნენ, თუმცა რუსეთის სამხედრო აგრესიამ წყვილის გეგმები ჩაშალა. ეიდენის საცოლე უნგრეთში გადავიდა, ეიდენი კი თავის ბრიგადასთან ერთად მარიუპოლის დასაცავად დარჩა.

„პირველი – ჩვენ დაქირავებულები არ ვართ. ხელფასს გვიხდიან და ისე გვექცევიან, როგორც ნებისმიერ უკრაინელ სამხედროს. მე ავიღე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, დავიცვა უკრაინელი ხალხი და მოქალაქეები. მეორე – ჩვენ სამხედრო ტურისტები არ ვართ, როგორც ზოგიერთი ამბობს. მე ბევრი სამხედრო ტურისტი მინახავს და ისინი ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებიან. მე კი უკვე მეოთხე წელია ვმსახურობ. უკრაინის საზღვაო ქვეითების ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი პარაშუტისტი ვარ და სიამაყით ვატარებ ჩემს ბერეტს,“ –  წერდა ეიდენი ინსტაგრამზე.

ეიდენ ასლინი უკრაინაში/ფოტო: Instagram

12 აპრილს მის ტვიტერზე ასეთი პოსტი გაჩნდა: „48 დღე გავიდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მარიუპოლის დასაცავად, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დაგვრჩა, გარდა იმისა, რომ რუს სამხედროებს ჩავბარდეთ. აღარც საბრძოლო მასალები გვაქვს და აღარც საკვები. ეს დიდი პატივი იყო, იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება“.

„ეიდენი უსაყვარლესი ადამიანია, ძალიან გვენატრება და იმედი გვაქვს, მას მალე გაათავისუფლებენ“, – რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ეს განცხადება მისმა ოჯახმა ბრიტანეთში.

შონ პინერი, 48 წლის

ბედფორდის მცხოვრები შონ პინერი, ახალგაზრდობაში ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა და გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა.

ათწლიანი უნაკლო სამსახურის შემდეგ, ის პენსიაზე გავიდა და ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, თუმცა 2018 წელს, კვლავ გადაწყვიტა თავისი ცხოვრება შეეცვალა და სამხედრო საქმეს დაჰბრუნებოდა.

შონ პინერმა შეიტყო, რომ უკრაინის არმიაში უცხოელებს იღებდნენ, მათ მოქალაქეობის ან ცხოვრების უფლების მიღებაც შეეძლოთ. ის უკრაინაში გადასახლდა, რუსული ისწავლა, უკრაინელ ქალზე იქორწინა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა.

ექვსი თვის შემდეგ გამოცდილი საზღვაო ქვეითი უკვე ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური იყო.

შონ პინერი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში/ფოტო: Sky News

2022 წლის იანვარში, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე უფრო და უფრო ძლიერდებოდა, შონ პინერმა  Sky News -ს მისცა ინტერვიუ, რომელშიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავის საქმიანობაზე, უკრაინაში ცხოვრებაზე და მოსალოდნელ ომზე ჰყვებოდა.

„მე მარიუპოლელი ვარ და დავიცავ ქალაქს, რომელმაც მე და ჩემი ოჯახი მიგვიღო,“ – ამბობდა პინერი. – „ჩვენ ვიბრძოლებთ, რადგან ეს ბიჭები საკუთარ სახლებს იცავენ. მათი უმრავლესობა დასავლეთისკენ იყურება და არა რუსეთისკენ. ჩვენ არ გვაქვს უპირატესობა არც ცაში და არც ზღვაზე, მაგრამ ვიბრძოლებთ და ცხვირ-პირს დავუსისხლიანებთ. ეს ზუსტად ვიცი.“

შონ პინერისა და მისი ცოლის სახლი მარიუპოლში, ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრში იდგა.

ეიდენ ასლინის მსგავსად, შონ პინერის შესახებაც არაფერი იყო ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსებმა ქალაქი სრულ ბლოკადაში მოაქციეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ შონი „ილიჩის“ კომბინატის ტერიტორიაზე დაატყვევეს.

შონ პინერი და ეიდენ ასლინი მარიუპოლში დამეგობრდნენ/ფოტო: Sky News

18 აპრილს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანდნენ ბრიტანელი სამხედრო ტყვეები, რომლებსაც ცხადად ეტყობოდათ ცემის კვალი. ისინი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სთხოვდნენ, მათ გაცვლაზე ეზრუნა.

საადუნ ბრაჰიმი, 21 წლის

მესამე სიკვდილმისჯილზე ყველაზე ნაკლები ინფორმაციაა. უკრაინული მედიის თქმით, მის შესახებ გავრცელებული ცნობები ბუნდოვანი და ურთიერთსაწინააღმდეგოა.

Новое Время-ს ინფორმაციით, რუსმა პროპაგანდისტმა ალექსანდრ სლადკოვმა განაცხადა, რომ საადუნ ბრაჰიმის მამა „მაროკოს სამხედრო მაღალჩინოსანია“. სხვა წყაროები კი აღნიშნავენ, რომ პირიქით, ბიჭი ღარიბი ოჯახიდანაა და უკრაინაში სასწავლებლად ჯიბეში 100 დოლარით ჩავიდა.

საადუნ ბრაჰიმი/სქრინი ვიდეოდან

პორტალ Atalayar -ის მიხედვით, საადუნი კიევის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი, 2021 წელს, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. სხვა წყაროების ცნობით, ის არა სამხედრო, არამედ თარჯიმანი იყო, რადგან ოთხ ენას ფლობდა. რუსულ არხთან ინტერვიუში საადუნი ამბობდა, რომ მას არავინ მოუკლავს და თავს ჯარისკაცად არ მიიჩნევს.

საადუნი ტყვედ, მარტში, ვოლნოვახაში ჩავარდა. Atalayar-ი ასევე წერდა, რომ საადუნის მამამ შვილის გათავისუფლების თხოვნით ვლადიმერ პუტინს მიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: