მთავარი,სიახლეები

ლორწოვანი საფარი შავ ზღვაშიც გამოჩნდა – თურქული მედია

31.05.2022 • 2727
ლორწოვანი საფარი შავ ზღვაშიც გამოჩნდა – თურქული მედია

ზღვის ლორწოვანი საფარი, რომელიც რამდენიმე წელია მარმარილოს ზღვის ზედაპირზე ჩნდება, შავ ზღვაშიც გამოჩნდა, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში – ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს.

ორდუს პროვინციაში, შავი ზღვისპირას მდებარე ქალაქ ფატსაში ზღვის ზედაპირი ლორწოს ფენისგან უკვე გაწმინდეს, მაგრამ ორდუს უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მეჰმედ აიდანი, ამბობს, რომ დაახლოებით 3-5 წელიწადში შავი ზღვა, შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს. 

მისი თქმით, ლორწოს გავრცელებაში დიდი როლი ითამაშა დაბინძურებამ, რის გამომწვევ ფაქტორადაც აზოტისა და ფოსფორის გადაჭარბებული რაოდენობა მიიჩნევა. ამ ნივთიერებებს  თურქეთის სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, ჩაისა და თხილის პლანტაციებში აქტიურად იყენებენ. პროფესორი ამბობს, რომ მარმარილოს და შავი ზღვის ერთმანეთისგან გაუმიჯნაობის გამო მათში ჩაშვებული სამრეწველო პროდუქტის ნარჩენები აუარესებს მდგომარეობას. 

სპეციალისტების ცნობით, ლორწოვანი საფარი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე მარმარილოს ზღვისთვის, ამიტომაც თურქეთის მთავრობამ დაისახა 22-პუნქტიანი გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად. 

მარმარილოს ზღვაში ლორწოვან საფარს თურქეთში ბოლო რამდენიმე წელიწადია ებრძვიან. ლორწოვანი საფარი ზღვაში გამოჩნდა გასულ წელსაც. 

წელს კი მარმარილოს ზღვაში ლორწოვანი საფარი თებერვლის ბოლოს დააფიქსირეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაბინძურების ტემპი გაიზრდება ზაფხულში. 

ლორწოვანი საფარის წარმოქმნის ძირითად მიზეზებად დაბინძურება და კლიმატის ცვლილება სახელდება. ლორწო ფარავს წყლის ზედაპირს, შესაბამისად საფრთხეს უქმნის წყალქვეშა ფლორასა და ფაუნას, ასევე, თევზჭერას. 

____________

ფოტოზე: თურქეთი, ლორწოვანი საფარი სტამბოლის სანაპიროზე, 2021 წელი. ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ERDEM SAHIN.

ამავე თემაზე: 

სტამბოლში, ზღვის სანაპიროზე, ლორწოვანი საფარი გამოჩნდა | ფოტო

___________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: