მთავარი,სიახლეები

ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

30.05.2022 • 6005
ვინ [ვერ] მიიღებს ბინას „ოცნების ქალაქში“ – აჭარის მთავრობამ კრიტერიუმები განსაზღვრა

„კომისიამ მთავრობის და ასევე, სხვა მხარეების ჩართულობით შეიმუშავა განაწილების საბოლოო კრიტერიუმები, რომელიც ადგენს საკმაოდ სამართლიან სტანდარტს,“ – განაცხადა დღეს, 30 მაისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით. მანამდე კი, მან ბათუმის საკრებულოს პირველ შეკრებაზე გააკეთა აქცენტი.

ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ასეულობით ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა – აქ წინასაარჩევნოდ 338 ამომრჩეველი დაარეგისტრირეს, რაც, მაგალითად, საია-მ კანონის დარღვევად შეაფასა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა არჩევნების შემდეგ „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები ისევ შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და კრიტერიუმების განსაზღვრა მოითხოვეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, საცხოვრებელ ბინებს ვერ მიიღებენ ის ოჯახები, რომლებსაც 2019 წლის მდგომარეობით ჰქონდათ უძრავი ქონება საქართველოს რომელიმე თვითმმართველ ქალაქში, ან 2019 წლის შემდეგ ქონება გაყიდეს.

ბინას ვერ მიიღებს ვერც ის ოჯახი, ვისაც ეკომიგრანტის სტატუსი აქვს და უკვე ისარგებლა ეკომიგრანტის საცხოვრისის უზრუნველყოფის პროგრამით.

„ოცნების ქალაქში“ ბინას ვერ მიიღებენ ასევე ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით ყოველწლიურად 40 ათას ლარს აჭარბებდა.

ვინ მიიღებს ბინას? – ჯაბა ფუტკარაძის თქმით, რიგითობა 15 კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვრეს და, პირველ რიგში, იმ ოჯახებს დააკმაყოფილებენ ბინებით, ვისი თვითნებურად აგებული ქოხების ნაცვლად, მესამე საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს.

ჯაბა ფუტკარაძის თქმით, ტერიტორიული პრინციპის შემდეგ, რიგითობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: შშმ პირის და შშმ ბავშვის სტატუსი, სპეციალური სამედიცინო საჭიროება, მარტოხელა მშობელი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მშობელი, მრავალშვილიანი ოჯახები და ოჯახები, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, მრავალსულიანი ოჯახები, ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: