ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

29.05.2022 • 13117
ხინოწმინდაში ძეგლზე ეკლესიას ააშენებენ, აჭარის ბიუჯეტიდან 750 ათასი ლარი დაიხარჯება

ხინოს ნაეკლესიარს, რომლის კონსერვაციაშიც სამი წლის წინ ბიუჯეტიდან 100 ათასამდე ლარი დაიხარჯა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციას დააშენებენ. ნანგრევებზე, ფაქტობრივად, ახალი ეკლესიის დაშენებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ამჯერად 750 ათასი ლარი დაიხარჯება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოწმინდაში შემორჩენილი ეს ნაეკლესიარი არქეოლოგიური ძეგლია.

ერთია ძეგლის კონსერვაცია და მეორე ის, რომ სპეციალისტები გადაჭრით დღემდე ვერ ადგენენ, თუ როგორი იყო თავის დროზე ეს ეკლესია არქიტექტურულად. მიუხედავად ამისა, მისი „აღდგენა“ მაინც გადაწყდა. ახალი ნაგებობა კი, დარბაზული ტიპის იქნება.

„ხინოს მამათა მონასტრის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე (აღდგენა)“ ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და დასრულდეს 2023 წლის პირველ დეკემბრამდე.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ნაეკლესიარზე ახალ კონსტრუქციას დააშენებენ.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ბიუჯეტით  ახალი საკულტო ნაგებობის აშენების უფლება არ აქვს; ამიტომ, ხინოს შემთხვევაში, ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ახალი მშენებლობა შეიფუთა, როგორც ეკლესიის „რეაბილიტაცია [აღდგენა]“. ანუ სახელმწიფო ეკლესიას ახალ ნაგებობას უშენებს. აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ ასეთი ახალი მშენებლობებით, ფაქტობრივად, ძეგლებს ვკარგავთ.

„ხინოს ნაეკლესიარი მე-8-მე-9 საუკუნეებით თარიღდება. გასული საუკუნის ბოლოს იქ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, გამოვლინდა მისი გეგმარება საძირკვლის დონეზე, თუმცა ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ როგორი იყო ეს ეკლესია, როგორ იყო გადახურული. ანუ, არ ვიცით როგორი იყო და ამჟამად მისი აღდგენა ხდება ვარაუდით. ფაქტია, რომ ძველი ნაეკლესიარის ნანგრევებზე შენდება სრულიად ახალი, თანამედროვე ეკლესია, რაც სრულიად მიუღებელია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის საერთაშორისო პრინციპების მიხედვით, რადგან შედეგად ვიღებთ სრულიად ახალ ნაგებობას, რომელიც აღარ იმსახურებს ძეგლის სტატუსს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ არქეოლოგი ნინო ინაიშვილი.

მისივე თქმით, კარგია, როცა სამონასტრო ცხოვრების აღორძინება ხდება ხინოში, რომელიც თავის დროზე საეპისკოპოსო კათედრა იყო, მაგრამ აქ სიძველის შენარჩუნებაც შეიძლებოდა:

„არქეოლოგიურ ძეგლებთან მიმართებაში გამოიყენება მხოლოდ კონსერვაციის პრინციპი, რადგან მას მეცნიერული ღირებულება გააჩნია და იგი არ შეიძლება იყოს გაყალბებული. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნება ნანგრევების სახით, ამდენად ტერმინი რეაბილიტაცია აქ სრულიად მიუღებელია, ხოლო ეკლესიას შეეძლო იქვე მოშორებით ახალი სხვა ნაგებობა აეშენებინა და ეს დაეტოვებინა, როგორც ისტორიული ნაშთი…“

ხინოს მონასტრის „აღდგენა“ – ნახატები პროექტიდან

კონსერვაციიდან – „აღდგენამდე“

ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია 2017 წელს გადაწყდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ძეგლის კონსერვაციამდეც აცხადებდა, რომ იმ დროისთვის ეკლესიის სრულ, ანდა ნაწილობრივ აღდგენაზე საუბარი შეუძლებელი იყო:

„არსებობს ისტორიული ცნობა იმის შესახებაც, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც იყო მცდელობა ტაძრის ქვების სამშენებლო მასალად გამოყენებისა, რის გამოც ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილზე აღარ არის. ხოლო დარჩენილი ქვების  ნაწილი, როგორც აღმოჩნდა, არქეოლოგიური გათხრების დროს, გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებისას, გატანილი იყო ძეგლის ტერიტორიიდან და ამჟამად ხინოს წყლის ხევის  ნაპირასაა გაფენილი. რამდენიმე ქვა დაცულია მუზეუმში. ასეთმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ეკლესიის დაკარგული არქიტექტურული ელემენტების მოძიება და მათი ფორმისა და მდებარეობის დადგენა, რის გარეშეც ეკლესიის სრულ ანდა ნაწილობრივ აღდგენაზე საუბარი ამ ეტაპზე შეუძლებელია“.

ხინოს ნაეკლესიარი / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

2017 წელს წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხინოწმინდის ეკლესიის კონსერვაცია დაიწყო. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 99 ათასი ლარი გამოიყო.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოს გადაერქვა სახელი და ეწოდა ხინოწმინდა“.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს ხინოწმინდის იოვანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარის, ევდემოზის წერილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძისადმი, რომელიც მთავრობის კანცელარიას 2020 წლის ივნისში ჩაბარდა.

ამ წერილში მონასტრის წინამძღვარი აღნიშნავს, რომ „ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაისახა ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის აღორძინების გეგმა“. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს დაფინანსებით მოხდა ტაძრის კონსერვაცია, თუმცა „ორი წლის წინ რესტავრირებული შენობა-ნაგებობა“ უკვე იშლება:

ხინოწმინდის მონასტრის წინამძღვრის წერილი თორნიკე რიჟვაძეს

როგორც ამ წერილიდან ირკვევა, ეკლესიას ხინოწმინდის მონასტრის აღდგენის სურვილი სულ ცოტა 2007 წლიდან აქვს. შესაბამისი პროექტი კი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2011 წელს წარუდგენიათ.

სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი ევდემოზი, ამავე წერილით, თორნიკე რიჟვაძეს სთხოვს შუამდგომლობას ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ“ ფონდის დირექტორთან – „მონასტრის სრულად აღდგენაზე“:

ხინოწმინდის მონასტრის წინამძღვრის წერილი თორნიკე რიჟვაძეს

უშუამდგომლა თუ არა თორნიკე რიჟვაძემ ეკლესიას ფონდთან, „ბათუმელებს“ ეს საკითხი არ გაურკვევია, თუმცა ტენდერით ჩანს, რომ მშენებლობისთვის 750 ათასი ლარი აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

სატენდერო დოკუმენტებში ასევე ატვირთულია მიტროპოლიტ დიმიტრის 2021 წლის წერილიც, რომლითაც მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თანახმაა „ხინოწმინდის მონასტრის აღდგენაზე“.

რეაბილიტაციის პროექტი

2021 წელს მომზადებული პროექტის [საპროექტო ჯგუფი: ტარიელ კიპაროიძე, სერგი კულუმბეგაშვილი, ზურაბ ვახტანგაძე] მიხედვითაც ირკვევა, რომ არსებული მასალების საფუძველზე, შეუძლებელია ეკლესიის არქიტექტურული ტიპის დადგენა.

ხინოწმიდის მამათა მონასტრის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ

„ტაძრის ნანგრევებიდან აღდგენა-რესტავრაცია შესაძლებელი იქნებოდა, რომ გვცოდნოდა თუ, ეკლესიის რა ტიპს წარმოადგენდა ჩვენამდე მოღწეული ნანაგრევები, მაგრამ შემორჩენილი რეალიებით ეს ვერ დგინდება.

თუმცა უნდა ითქვას, რომ მშენებლობის ტექნიკაზე და სამშენებლო მასალებზე დაკვირვებებით განირჩევა შენების სხვადასხვა პერიოდები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის განისაზღვროს საეკლესიო ნაგებობის არქიტექტურული ტიპი (ბაზილიკური, გუმბათოვანი, სამ ეკლესიანი; სამნავიანი…)

ნანგრევთა დაცვის მიზნით, დამცავი რაიმე ფანჩატურის ან „მინის ხუფში“ ნანგრევების დაცვას მხარდჭერა არ აქვს, რადგან ეკლესია მოწოდებულია სწორედ ამ სიწმინდეში განაახლოს წირვა-ლოცვა. დადგა საკითხი ხინოს ნანგრევების შესანარჩუნებლად და წირვა-ლოცვის აღსავლენად, ნანგრევებზე დადგმულიყო დამცავი კაპიტალური ნაგებობა.“

 

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 10 ივნისს დაიწყება და სამ დღეში, 13 ივნისს, დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: