მთავარი,სიახლეები

ილია II-ისგან კირილისთვის მილოცვა სამარცხვინოა – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

27.05.2022 • 2856
ილია II-ისგან კირილისთვის მილოცვა სამარცხვინოა – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთს პატრიარქ კირილს 24 მაისს კირილობა მიულოცა. კირილს, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს და ამბობს, რომ რუსეთის „წმინდა საზღვრების დაცვა“ მსხვერპლს ითხოვს, ილია მეორემ ჯანმრთელობა და კეთილდღეობაც უსურვა მსახურებაში. რატომ არ შეიკავა ილია მეორემ ომის ფონზე მაინც თავი მსგავსი მილოცვისგან და ნიშნავს თუ არა ეს საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ომის ფარულ მხარდაჭერას? – „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო მირიან, როგორ შეიძლება გავიგოთ ილია მეორის სურვილები კირილის მიმართ იმ ფონზე, როდესაც კირილი აკურთხებს საზენიტო დანადგარებს და ტანკებს, რომელიც უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს და ბავშვებს ხოცავს?

ეს სიტყვები, რასაც ილია მეორე წერს, იმას ნიშნავს, რასაც პირდაპირი გაგებით გულისხმობს. მე თვალყურს ვადევნებ ხოლმე საპატრიარქოს გამოცემებს და ვხედავდი, რას აქვეყნებდნენ საპატრიარქოს უწყებაში ომის დაწყების წინ. რუსეთში არსებული მოსაზრებები უკრაინასთან მიმართებაში, ძალიან ახლოს დგას იმ მოსაზრებებთან, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გააჩნია. ჩვენი საპატრიარქო ფაქტობრივად, სრულად იზიარებს ყველა იმ მოსაზრებას უკრაინასთან მიმართებაში, რასაც რუსეთის საპატრიარქო ამბობს.

ჯერ საერთოდ არ ახსენეს ომი, უკრაინა, გარკვეულ ქვეყნებში მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტებიო – ასე თქვა პატრიარქმა და შემდეგ, როცა რამდენიმე სიუჟეტი გაკეთდა ამაზე და საზოგადოებრივი აზრიც გადაიხარა უკრაინისკენ, მაშინ წამოილუღლუღა რაღაც საპატრიარქომ და სულ ეს იყო, მორჩა.

ახლა, როცა სიტუაცია ისეთი ცხელი აღარ არის და საზოგადოების შიგნითაც დუღილი მეტ-ნაკლებად შეწყვეტილია, უკვე თავს უფლება მისცეს მსგავსი წერილი გაუგზავნონ კირილს.

როცა კირილმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და როცა ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარებაზე დაიწყო საუბარი, მაშინ დაწერა საპატრიარქომ ეს განცხადება „გაუგებრობას ბადებსო“, მაშინ როცა, უნდა დაგმოს და თავზე დაამხოს ამის გამო ყველაფერი. მაგრამ არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ილია მეორისგან სხვა რამეს ელის. რუსეთში დაიბადა ეს ადამიანი, იქ გაიზარდა, რუსებმა გამოზარდეს, დანიშნეს და რუსეთით არსებობდა ყოველთვის.

გასაგებია, მაგრამ ისტორიული კონტექსტი, გამოცდილება, ხომ იწვევს ზოგჯერ ადამიანების, ინსტიტუციების ტრანსფორმაციას, საპატრიარქოსაც შეეძლო შეეცვალა პოლიტიკა, რაღაც გადაეფასებინა.

ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესიის სათავეში, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვაკუთხედს, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ჩვენი ისტორიული ინსტიტუტი, ფაქტობრივად, ჩვენ გვიზის სახელმწიფო სუვერენიტეტის არმცნობი ადამიანი სათავეში.

ილია მეორეს მოსაყდრე ავიღოთ, შიო, საშინელებაა მისი ქადაგებები. მისი თანაშემწეების კომენტარები არის ასლი იმისა, რასაც რუსები იძახიან. უბრალოდ, ამ ყველაფერს საპატრიარქო ამართლებს იმით, რომ თუ ისინი ასე არ მოიქცევიან, რუსები უარესს გაგვიკეთებენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამხრეთ ოსეთში თუ ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი გაიმართება, კირილი ამასაც მიესალმება და მიულოცავს. რუსები არანაირ დიპლომატიას და კორექტულობას არ იცავენ.

საპატრიარქოს ალბათ ჰგონია, რომ თუ ასე არ მოიქცევა ჩვენც ფრთოსან რაკეტებს დაგვიშენს რუსეთი. ან მიტაცებულ ტერიტორიებზე საეკლესიო დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, რაც ტექნიკურად გამორიცხულია. ყოველ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მაინც. მაგრამ მაინც ძალიან სამარცხვინოა ეს მილოცვები.

  • მილოცვის ტექსტი რომ ყოფილიყო უფრო დიპლომატიური, ოკუპაციის კონტექსტით და არა გულთბილი და მეგობრული, როგორც მიწერა, რა იქნებოდა მაშინ?

აი, მაგას ვფიქრობ მეც. საპატრიარქოში რაღაცნაირად უჭირთ ჭკვიანი ადამიანების მობილიზება – შეიძლებოდა, რომ ეს ტექსტი არ ყოფილიყო ასეთი შაბლონური, არამედ რაღაც კრეატიული და ორაზროვანი ვთქვათ.

ჩვენ ვიცით, რომ წმ. კირილე და მეთოდე, სლავი ქვეყნების გამაქრისტიანებლები იყვნენ, რომელთაგანაც ყველა არ არის მართლმადიდებელი. ამიტომ, შეიძლებოდა რაღაც უკეთესის გამოძერწვა, კალამბურის გაკეთება, მინიშნება, რომ პატივი სცეს რუსეთმა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, რომ ქრისტიანობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა ან მისი საზღვრები და ასე შემდეგ, მაგრამ არა, ამათ აირჩიეს ისევ ეს კომუნისტური ქვემძრომობა.

უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ ქართველები არ უყურებენ საპატრიარქოს ქცევებს კრიტიკულად, იგივე მსოფლიო საპატრიარქოს შიგნითაც აკვირდებიან და ვერ ხსნიან ჩვენს ასეთ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. არ ესმით, რატომ იქცევა საქართველოს პატრიარქი ასე, უბრალოდ, მათთვის ეს სრულიად ალოგიკური მომენტი და მოვლენაა.

  • როგორც ვიცი, წელს მხოლოდ სერბეთიდან, ჩეხეთიდან და საქართველოდან მიიღო კირილმა მილოცვა, დანარჩენი სამყარო ცდილობს გაემიჯნოს რუსეთს თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო, რატომ არსებობს ასეთი მიჯაჭვულობა საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის?

საპატრიარქო არ გააკეთებს რამე ისეთს, თუ არ იცის, რომ ამას საზოგადოებს გარკვეული ნაწილი მაინც არ დაუჭერს მხარს. ეს არის მათი გათვლა.

ჩეხეთს და სლოვაკეთს რაც შეეხება, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობები ძირითადად აქ მცხოვრები ეთნიკური რუსების თავშესაფარია, ასე რომ ვთქვათ და რაღაცნაირად ეძვირფასებათ, ამიტომ არსებობს ეს მიჯაჭვულობა. იგივე სერბეთიც, რომელიც რუსეთს განიხილავს როგორც მის ისტორიულ მხსნელს ჯერ ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და შემდეგ პირველი მსოფლიო ომის რეალებიდან, როდესაც რუსეთი ამ ომში სერბეთის გამო ჩაერთო. ეს რაღაცნაირი მადლიერებს გამოა.

სერბეთში კიდევ სხვა მომენტია, რადგან სერბების ეროვნული იდენტობა რელიგიურ ნიშნულზე გადის. თუ მართლმადიდებელი ხარ, მაშინ ხარ სერბი და თუ მუსლიმი ხარ, მაშინ ხარ ბოსნიელი. ცნობილი რეჟისორის, კუსტურიცას მშობლები არიან ბოსნიელები, რადგან მუსლიმები არიან, მაგრამ კუსტურიცა რადგან მართლმადიდებელი გახდა, არის სერბი. აი, ასეთი რაღაცაა – როცა იცვლი სარწმუნოებას სერბეთში, შენი ეთნიკური კუთვნილებაც იცვლება.

  • საქართველოშიც ხომ გვაქვს მსგავსი ნარატივი, რომ თუ ქართველი ხარ, მაშინ მართლმადიდებელი უნდა იყო?

კი, მაგრამ ჩვენს საზოგადოებაში ეს ასე არ არის გამჯდარი. ამ საკითხზე მეტი სამეცნიერო სტატია რომ იწერებოდეს, აუცილებლად გვეცოდინებოდა ერეკლეს და სოლომონის წერილები მუსლიმი მესხების შესახებ. როცა მესხეთის ტერიტორიების აღება დაიწყეს რუსებმა, ცდილობდნენ ადგილობრივი მოსახლეობა რელიგიური ნიშნით დაეყოთ. ყველა მართლმადიდებელი რჩებოდა რუსების მიერ აღებულ ტერიტორიაზე და მუსლიმები გაჰყავდათ. მაშინ წერდნენ ერეკლე და სოლომონი რუსებს, რომ ჩვენთან ყველა ქართველია, ვინც ქართული ენა იცის, მიუხედავად იმისა, რა სარწმუნოების არისო.

სარწმუნოების თემა 90-იანებში გამოგონილი, ანანია ჯაფარიძის მიერ კონსტრუირებული რაღაც ტერმინია, რომელიც შემდეგ გაიმეორა ყველამ და მოგეხსენებათ შემდეგ მედიაში ამას არავინ აღარ უღრმავდება.

  • როცა კირილი ამართლებს უკრაინაში ადამიანების, ძირითადად მართლმადიდებელი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას და ამბობს, რომ რუსეთის „წმინდა საზღვრების“ დაცვა სჭირდება, ამ დროს კი ილია მეორე მას კეთილდღეობას უსურვებს მსახურებაში, ეს ნიშნავს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერას?

მოცემულ სიტუაციაში ასე გამოდის. ამ მილოცვით და მისთვის ასეთი გუნდრუკის კმევით, გამოდის, რომ საპატრიარქოც მხარს უჭერს უკრაინაში წარმოებულ ომს და, ზოგადად, ამ ხედვას, რომ აღმოსავლეთ უკრაინა უნდა მიუერთდეს რუსეთს. ხომ ვამბობ, საპატრიარქოს შიგნით ისეთი ანტიუკრაინული კამპანია მძვინვარებდა ომის დაწყების წინ, რომ თვალებს არ ვუჯერებდი. ისეთი გამოგონილი მასალები იბეჭდებოდა საპატრიარქოს უწყებაში, რომ შოკის მომგვრელი იყო.

წერდნენ, რომ უკრაინელები თურმე მწვალებლები არიან, გამხლეჩნი ეკლესიის და ასე შემდეგ. და ეს არსად წასულა, მრევლის მეხსიერება ამაშია ისევ. სამწუხაროდ, მრევლის ნაწილსაც მიაჩნია, რომ უკრაინის კონფლიქტი სინამდვილეში ეს არის კონფლიქტი „გარყვნილ ამერიკასა“ და „წმინდა რუსეთს“ შორის და რუსეთმა „მადლობა ღმერთს რომ მოახერხა და დაიცვა იქ ტერიტორიები“, სადაც მართლმადიდებელი რუსები ცხოვრობენ და ეკლესიის შიგნითაც ბევრს სჯერა ამის გულწრფელად.

პატრიარქს, მის თანაშემწეს, შიო მუჯირს, შორენას, ყველას სჯერა ამის. ისინი არ განიხილავენ ამ ომს როგორც დიქტატურასა და დემოკრატიას შორის ბრძოლას, ისევე როგორც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო განიხილავს ამას, არამედ საპირისპიროდ. შესაბამისად, ასეთი მილოცვა შესაძლოა თითო-ოროლა სასულიერო პირმა გააპროტესტოს და ისიც გულში, მაგრამ უმრავლესობას ასე სჯერა.

  • თუ ასეთი მეგობრობა და პატივისცემა არსებობს ქართულ-რუსულ საპატრიარქოებს შორის, როგორსაც საპატრიარქო გვაჩვენებს, მაშინ ილია მეორეს ხომ შეუძლია ეს პატივისცემა ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის გამოიყენოს, შეახსენოს რუსებს, რომ როგორც თვითონ უწოდებენ – „ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის“ ოკუპაცია მიუღებელია? რატომ არ აკეთებს ამას?

რა თქმა უნდა შეუძლია. თუ ჩვენი მეგობარია და თურმე ასე ძალიან ვუყვარვართ რუსეთს, მაგრამ ასე ხომ არ არის სინამდვილეში. რეალურად, რუსეთისთვის ჩვენ ვართ რაღაც ველური საზოგადოება, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდეს რუსეთის ორბიტაზე.

საპატრიარქოს დელეგაციაც როცა ჩადის ხოლმე, მაშინაც აგრძნობინებენ, რომ ესენი თანასწორნი არ არიან.

უბრალოდ, როცა მთელი მსოფლიო გახლეჩის პროცესშია, რუსეთზე ასე ყელით მიბმა გაუგებარია, მაინც გაუგებარია. მაგრამ, ხომ ხედავთ, მთავრობა და ბატონი ბიძინა როგორი გადაფსკვნილია რუსეთზე და მზად არის სამარეში ჩაყვეს. იმიტომ, რომ ბიძინაც ბიოგრაფიულად და ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რუსი ოლიგარქია.

მე მგონი, მთავრობა რომ გვყავდეს უფრო რადიკალური, საპატრიარქოს პოზიციებიც სხვანაირი იქნებოდა, მაგრამ იცის, რომ ახლა ხსნილი აქვს ამ მხრივაც.

  • საერთოდ რომ დაწერილიყო ეს მილოცვა უკრაინის ომის ფონზე, მაშინ, როცა მოძმე ერად უკრაინელები მიგვიჩნევენ და არა რუსები, რა შეიცვლებოდა ამით?

მეც არ ვიცი, საერთოდ რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ანგელოზის მილოცვის დღე, არ მესმის. ზოგადად, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს იუბილეები ამ ადამიანებისთვის. სახარებაში წერია, არ გაიკერპო საკუთარი თავიო და ესენი დაბადების დღეს ცალკე იხდიან პომპეზურად, მერე ანგელოზის დღეს ცალკე, ჯერ ახალი სტილით, მერე ძველი სტილით…

არც არაფერი არ მოხდებოდა ალბათ და ვფიქრობ უნდა მორიდებოდნენ კიდეც ომის ფონზე ასეთ მილოცვებს, მაგრამ ესენი ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთი გაიმარჯვებს და ფიქრობენ, რომ სწორ არჩევანს აკეთებენ. აი, ეს არის მთავარი ახსნა მაგათი ქცევის.

მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში რუსეთის საპატრიარქო უკრაინაში დაკარგავს ეპარქიებს და ეს ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო გაიხლიჩება ორად. ევროპაშიც კი, ყველა ცდილობს რუსეთთან აღარ ჰქონდეს სამომავლოდ არანაირი შეხება, ვინც არ უნდა მოვიდეს პუტინის შემდეგ პრეზიდენტად. ჩვენ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიაზრებთ და არც ვცდილობთ. ამის ფონზე ისევ მიწებებული ვართ რუსეთს და მივყვებით სამარეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: