მთავარი,სიახლეები

500 ლარით დააჯარიმეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ქალს უკრაინის დროშის გამო დაარტყა

21.05.2022 • 22073
500 ლარით დააჯარიმეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც ქალს უკრაინის დროშის გამო დაარტყა

დღეს, 21 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა რუსეთის მოქალაქე, რომელმაც 19 მაისს, ბათუმში, თარჯიმანთა ბიუროს თანამშრომელს ხელი დაარტყა. საქმეს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე განიხილავდა.

როგორც ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი და ამავე ბიუროს თანამშრომელი ელენე ხაჯიშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, მოსამართლემ რუსეთის მოქალაქეს ქვეყნის პატივისცემისკენაც მოუწოდა. „როცა საქართველოში ხართ, პატივი უნდა სცეთ საქართველოსო, უთხრა“ – ამბობს ელენე ხაჯიშვილი.

რუსეთის მოქალაქემ თარჯიმანთან ბიუროში გაკრული უკრაინის დროშა ჩამოხია. ორი ქალი და ორი კაცი გააღიზიანა წარწერამ – „რუსკი კარაბლ იდი…“

ბიუროს თანამშრომელმა ნანა წაქაძემ რუსეთის მოქალაქეებს მიუთითა, რომ ისინი იმყოფებოდნენ კერძო საკუთრებაში და სხვის ქონებას აზიანებდნენ. როცა ნანა წაქაძე ვიდეოგადაღება დაიწყო, სწორედ ამ დროს დაარტყა მას რუსეთის მოქალაქემ, რის შემდეგაც თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის დროს სათარჯიმნო ბიუროში მხოლოდ ორი ქალი თანამშრომელი იმყოფებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: