მთავარი,სიახლეები

ვერ ვხსნი, რატომ უშვებენ ამ მასშტაბის შეცდომებს რუსები – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

14.05.2022 • 43781
ვერ ვხსნი, რატომ უშვებენ ამ მასშტაბის შეცდომებს რუსები – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ უდიდესი სამხედრო ინტერესი აქვს ახლა კუნძულ ზმეინიზე უკრიანელებისთვის გამაგრებას. იქ დესანტის გადასხმა ვერ უნდა მოახერხონ რუსებმა, თორემ ბესარაბიის რეგიონი იზოლაციაში მოექცევაო – მიიჩნევს ვახტანგ კაპანაძე. მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსები შეძლებენ სამხედრო წარმატების მიღწევას უკრაინაში, მიუხედავად ფარული მობილიზაციის დაწყებისა.

ომის დაკვირვების პროცესში სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ პუტინს უკან დასახევი აღარ აქვს, ის ომს გაახანგრძლივებს და დასავლეთთან შესაძლოა სანქციების მოხსნაზეც ივაჭროს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

გენერალი ამჩნევს, რომ ამასობაში უკრაინელებს სამხედრო ოპერაციაში თავდაჯერებულობა დაეტყოთ და ლოკალურ დონეზე კონტრშეტევებზეც გადადიან.

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია. მასთან ინტერვიუ მდინარე ჩრდილო დონეცის გადაკვეთის ამბით დავიწყეთ, სადაც რუსებმა დიდძალი დანაკარგი განიცადეს.

  • ბატონო ვახტანგ, მოგვიყევით, რა მოხდა მდინარე ჩრდილო დონეცზე? ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსებმა დიდძალი დანაკარგები განიცადეს მდინარის გადაკვეთის მცდელობისას.

რუსებმა ეს განახორციელეს უნიჭოდ და ყოველგვარი წესების გარეშე მოინდომეს მდინარეზე გადასვლა. როდესაც მსგავსი ოპერაცია ტარდება, იქ უნდა იყოს ხელოვნური დაკვამლიანებით ტერიტორიის დაფარვა, უნდა ახერხებდე ასევე მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია – ნაწილ-ნაწილ უნდა გადახვიდე. არ უნდა მომხდარიყო ძალების ასეთი კონცენტრაცია არანაირი ლოგიკით. გარდა ამისა, გადასვლა ხდება რიგის დაცვით. ფაქტობრივად, განადგურდა ერთი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფის ტექნიკა მთლიანად – 70 ერთეული.

მდინარეზე გადასვლის დროს, საწყისი რაიონიდან ინიშნება მდინარეზე 8 – 9 კილომეტრი, ხოლო ბატალიონს ეძლევა 2 – 3 კილომეტრის სიგანე გადალახვის ზონა, საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს კი, შესაძლოა ჰქონდეს 5 კილომეტრამდე, თვითონ გადალახვის ზღუდე ინიშნება 1 – 2 კილომეტრით წყლის ზღუდიდან. წარმოიდგინეთ, ამ წესებიდან არაფერი არ გაუთვალისწინებიათ.

ამავე დროს უნდა აღინიშნოს უკრაინელების ძალიან კარგი დაზვერვის შესაძლებლობა და სწორი, ეფექტური რეაგირება.

  • რატომ შეიძლება რუსი სამხედროები ასე მოქმედებენ

მე უკვე ავირიე, ვერ ვასაბუთებ, რატომ ხდება ასეთი მასშტაბის არაპროფესიონალური შეცდომების დაშვება. მე მაინც ამას ვაბრალებ ზევიდან ზეწოლას, ძირითადად, ვადებთან დაკავშირებით, აჩქარებენ ყველაფერს და ქვემდგომ მეთაურებს არ გააჩნიათ სათანადო უნარ-ჩვევები, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები მსგავს რთულ სიტუაციასა და მოკლე დროში.

  • ეს ვადა აქამდე იყო 9 მაისი პუტინისთვის. ახლა რა ვადაზე აქვს სწორება რუსეთის გენშტაბში? 

რუსები ხვდებიან, რომ პროცესი უნდა დააჩქარონ, რადგან ომის გაჭიანურება აწყობს უკრაინას, ის ძლიერდება და იღებს შესაბამის აღჭურვილობას, თვითონ კი იფიტება. ძირითადად ქვედა რგოლებს აიძულებენ, რომ გააქტიურდნენ.

  • თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხერხდეს „აზოვსტალში“ მყოფი ადამიანების გადარჩენა? უკრაინა ცდილობს მძიმედ დაჭრილების ევაკუაციას თურქეთის შუამავლობით. რას ნიშნავს ტერმინი ექსტრაქცია, რაც ამ ვითარებაში ხშირად ჟღერდება? 

ექსტრაქცია იგივე გამოყვანაა უხეშად, როცა საჰაერო გზით გამოგყავს ადამიანები მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან სპეციალური ოპერაციის დროს, ან როცა მძევლებს ათავისუფლებენ მოწინააღმდეგის ტერიტორიიდან… რეალურად, უკრაინელები ითხოვენ ტყვეების გაცვლას და საუბარია 39 სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც მძიმედაა დაჭრილი. ეს არაა რუსეთის კეთილი ნება და საუბარია ტყვეების გაცვლაზე. იმედია, გამოვა ეს და გადარჩებიან ადამიანები, რომლებიც ახლა წამებით სიკვდილისთვის არიან განწირულები.

ფაქტია, რომ „აზოვსტალი“ არის რუსეთისთვის იდეაფიქსი. მათ უნდათ თქვან, რომ აი, ამ პოლკის დამარცხებით დენაციფიკაცია განახორციელეს უკრაინაში. შესაბამისად, აქ ძალიან რთული სიტუაციაა.

  • რუსეთი ახლა იზიუმთან ძალების გაძლიერებას ეცდება – ამას ელოდება ბრიტანული დაზვერვა. აქ მიიჩნევენ, რომ „ხარკოვის ოლქიდან ჯარების გაყვანა ნიშნავს რუსეთის უუნარობის ჩუმ აღიარებას, რომ მან ვერ შეძლო დაეკავებინა უკრაინის საკვანძო ქალაქები, სადაც კრემლი მოსახლეობის სუსტ წინააღმდეგობას ელოდა“. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ამ ეტაპზე ფრონტის წინა ხაზზე?

ხარკოვის შემთხვევა ნიშნავს რუსების უუნარობის აღიარებას და ეს გააკეთეს იმისთვის, რომ იზიუმთან გააძლიერონ დაჯგუფება, ამით აძლიერებენ იზიუმის მარჯვენა ფლანგს. ვერ ვიტყვით, რომ რუსებს წარმატება არ აქვთ იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით, იქ მათ რამდენიმე მცირე ალყის წინაპირობა შექმნეს, მაგრამ ეს არის ძირითადად ტაქტიკურ და ლოკალური ალყების დონეზე. საუბარია სევერო დონეცკის მიმართულებაზე, რაზეც თქვენთან წინა ინტერვიუში ვსაუბრობდი, ზუსტად ისეთ, პატარ-პატარა „ტომრების“ გაკეთებას ცდილობენ.

  • ეს რა ტაქტიკაა, რის მიღწევას ცდილობს ახლა რუსეთი? 

ჩემი აზრით, ამ ეტაპზე აზოვის პოლკის განადგურებაა რუსეთისთვის იდეაფიქსი, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე გააჩნია, რა მოცემულობა ექნება ფარული მობილიზაციის შედეგად… მობილიზაციას რუსეთში ოფიციალურად ვერ გამოაცხადებენ, რადგან ამ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ წარმატებას ვერ მიაღწია რუსეთმა. გარდა ამისა, ეს გამოიწვევდა პროტესტს, სოციალურ გაღიზიანებას, რის ნიშნები არის კიდეც: ვხედავთ, რომ სამხედრო კომისარიატებს თავად რუსები წვავენ.

მობილიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჯარში მიგყავს, ომისთვის რესურსია. მას სჭირდება ყველაზე ცოტა 4 თვე სამხედრო მომზადება. ჩემი აზრით, რუსეთი ეცდება ძირითადად დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გავიდეს და დაკავებული ტერიტორიები დაიცვას.

  • თქვენ ელოდებით ომის გახანგრძლივებას, როგორც ეს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ავრილ ჰაინსმა თქვა? მისი აზრით, რუსეთი ასევე შეეცდება დონბასის მიღმა უკრაინის სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდებასაც. 

არა მგონია, რუსეთს მაგის თავი ჰქონდეს. რუსეთი ფაქტობრივად გასულია ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ის იბრძოლებს ძირითადად დონბასის სრულად დაკავებასა და მის შენარჩუნებაზე… ფაქტია, რომ ომი ხანგრძლივდება და ეს მალე ვერ დასრულდება.

  • ისევ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა პუტინს სურდეს სახმელეთო გზის გაჭრა დნესტრისპირეთამდე, რითაც უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს სრულად გააკონტროლებს. ამ მოცემულობაში რამდენად შეძლებს ამას რუსეთი?

ამ ეტაპზე საფრთხედ რჩება ბესარაბიის რეგიონი, სადაც თუ კონტროლს მოიპოვებს რუსეთი, ის შეძლებს დესანტის გადასხმას. ამიტომაც განახორციელეს დარტყმები ოდესასთან დამაკავშირებელ ხიდებზე, რომ ოდესის ოლქი მოწყვიტონ ბესარაბიის რეგიონს. თავად ოდესას ვერ აიღებენ, ეს გამორიცხულია, რადგან იქ განსაკუთრებით კარგადაა გამაგრებული უკრაინული დანაყოფი. ბესარაბია კი, ფაქტობრივად შესაძლოა იზოლირებული დარჩეს. ბესარაბიის შემთხვევაში რუსეთი შეძლებს საავიაციო კავშირის დამყარებას დნესტრისპირეთთან.

თუმცა ეს ვერსია ვერ გამოვა, თუ რუსებმა კუნძულ ზმეინზე ვერ მოახერხეს დესანტის გადასხმის ორგანიზება, ის ჰაერიდან რჩება დაუცველი.

  • გარდა იმისა, რომ ზმეინი ყველას გვახსენებს „რუსკი კარაბლს“, არსებობს  მნიშვნელოვანი სამხედრო ინტერესიც? 

დიახ, უდიდესი სამხედრო ინტერესი აქვს კუნძულ ზმეინს. ამ კუნძულზე უნდა განალაგოს რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ შეძლებს დესანტის ორგანიზებას. თუ ის ამას შეძლებს, ეს ჩაანაცვლებს ჩაძირული რუსული კრეისერის შესაძლებლობებს და შეძლებს გადაფაროს შავი ზღვის საჰაერო აკვატორია. მით უმეტეს, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მასთან ახლოს ამ საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.

  • რა გზავნილია ისევ აქცენტი ბირთვულ ომზე? – რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დასავლეთს კიდევ ერთხელ მიანიშნებს უკრაინის „კონფლიქტის სრულმასშტაბიან ბირთვულ ომში გადაზრდაზე“.

ეს არის მუდმივი მუქარა და მუშტის ქნევა, თუმცა იმდენად თვალყურს ადევნებენ რუსეთს სადაზვერვო სამსახურები, რომ მეეჭვება ამის გამოყენება შეძლონ. როგორც კი დააპირებს ამის გამოყენებას რუსეთი, მიიღებს ადეკვატურ პასუხს. რუსეთს ბირთვული იარაღის მოულოდნელად გამოყენება გაუჭირდება.

  • უკრაინული მედია ძალიან ხშირად წერს, რომ რუსული არმიის წინა ხაზზე ძირითადად ეთნიკურად არარუსებისგან დაკომპლექტებული ბატალიონები იბრძვიან. მსგავსი რამ მართლა ახასიათებს რუსულ არმიას უკრაინაში?

დიახ, ასეა. იგივე კიევის მიმართულებაზე ძირითადად ბურიატებით დაკომპლექტებული დანაყოფები იბრძოდნენ, ადგილობრივი ბურიატები იყვნენ ასევე აღმოსავლეთ მიმართულებით წინა ხაზზე. ცნობილია ასევე, რომ კადიროველები ასრულებენ სამხედრო პოლიციის ფუნქციას… ეს მიდგომა აქვთ რუსებს იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ხელფასის გამოა ომში, სოციალური მდგომარეობა მძიმე აქვთ და ეს ხელფასი უნდა აიღონ. გარდა ამისა, მათ არ აქვთ ხშირ შემთხვევაში არავითარი სენსიტიური დამოკიდებულება მოწინააღმდეგესთან, მაგალითად, ისინი არ არიან სლავები და ასე შემდეგ, შემაკავებელი ფაქტორები უფრო ნაკლები აქვთ.

  • ახლა რა ეტაპზეა ომი, ოპერატიულ პაუზამდე რა რჩება? 

მალე მოუწევთ ოპერატიული პაუზის აღება, როგორც კი დაინახავენ კულმინაციის წერტილს, რომ ეწურებათ ძალა. ფაქტია, რომ რუსები ვეღარ ახორციელებენ მნიშვნელოვან საბრძოლო მოქმედებებს. ალბათ, თვის ბოლომდე აიღებენ ოპერატიულ პაუზას, შემდეგ კი, გააჩნია, როგორ ჩაივლის მობილიზაციის პროცესი რუსეთში, ასევე რა შეიარაღებას მიიღებს ამასობაში უკრაინა. ფაქტია, რომ რუსების სამხედრო მოქმედებების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ეს იყო ომის პირველ ეტაპზე.

  • რამდენად გაუმჯობესდა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები? 

ვერ ვიტყვით, რომ უკრაინა ახორციელებს ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ოპერატიულ-სტრატეგიულ მანევრებს, თუმცა აშკარად ეტყობათ თავდაჯერება, ისინი თამამად გადადიან კონტრშეტევებზე და ემზადებიან ახალი აღჭურვილობის მისაღებად.

  • რა გამოდის, რუსეთი რის იმედად რჩება? 

მას აღარ აქვს გზა უკან დასახევად, პუტინმა ისეთ პროცესში შეიყვანა ქვეყანა, ჩემი აზრით, პუტინი ეცდება არ შეწყვიტოს ბრძოლა და ხანგრძლივ ომში უკრაინა გამოფიტოს. გარდა ამისა, რუსეთი ეცდება გამოსტყუოს დასავლეთს რაღაც დათმობები, მაგალითად, ეკონომიკური სანქციების მოხსნა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ხარჯზე. ვფიქრობ, რუსებს უკვე ასე წარმოუდგენიათ საკუთარი მომავალი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: