უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში მოკლული ორი სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. პრეზიდენტის მრჩეველი Twitter-ზე ცხედრების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ დაღუპულებს აღენიშნებათ წამების კვალი – „დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები“.
მიხაილო პოდოლიაკი კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსეთი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში:
„დამძვრალი ფრჩხილები. შეკრული ხელები. კიევის რეგიონის სოფელ კალინოვკაში კიდევ ერთი – 2 სამოქალაქო პირის საფლავი აღმოაჩინეს. რამდენი ასეთი დანაშაულია ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა აირჩია მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის გზა და უნდა იყოს აღიარებული ტერორიზმის სპონსორად,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი
Torn-out nails. Tied hands. Another grave of 2 civilians was found in the village of Kalynivka, Kyiv region. How many such crimes are in the occupied territories right now? 🇷🇺 chose the path of terror of the civilian population and must be recognized as a sponsor of terrorism. pic.twitter.com/neyKCeZNGu
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 3, 2022
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში სახელმწიფო მდივანს შეჰყავს ქვეყნები, რომლებმაც არაერთხელ დაუჭირეს მხარი საერთაშორისო ტერორისტულ აქტებს.
ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი ქვეყნისთვის ნიშნავს ფინანსურ სანქციებს, საერთაშორისო დახმარების შეზღუდვას, თავდაცვით ექსპორტის აკრძალვას და სხვა ზომებს.
ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა 23 აპრილს, ოდესის დაბომბვის შემდეგ, არაერთხელ მოითხოვეს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად დასახლება.
ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში რუსეთის შეყვანას – 27 აპრილს განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და დასძინა, რომ იურისტები შეისწავლიან საკითხს, შეესაბამება თუ არა კრემლის ქმედებები კანონის იმ მოთხოვნებს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ამგვარი სტატუსის მინიჭებას განსაზღვრავს.
____
მთავარი ფოტო მიხაილო პოდოლიაკის ტვიტერიდან
ამავე თემაზე:
ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 თვის ბავშვი დაიღუპა – პოდოლიაკი