მთავარი,სიახლეები

„ხშირად ვარ მშიერი, შემწეობასაც არ მაძლევენ“ – მარტოხელა ეტლით მოსარგებლე ქობულეთიდან

28.04.2022 • 7534
„ხშირად ვარ მშიერი, შემწეობასაც არ მაძლევენ“ – მარტოხელა ეტლით მოსარგებლე ქობულეთიდან

„უკვე 11 წელია, ეტლს ვარ მიჯაჭვული, ცალ ფეხში უკვე ვგრძნობ ძალას, მაგრამ ექიმთან ხომ უნდა მივიდე, რომ მითხრას, ოპერაცია მიშველის თუ ვერა?… საჭმლის ფულიც არ მაქვს ხშირად, მშიერი ვარ. მინდა გავიარო, მაგრამ სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. მარტო ვცხოვრობ, არ მკითხოთ, როგორ ვახერხებ ამას,“ – ამას ლევან მჟავანაძე ამბობს, რომელიც ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცხოვრობს.

ლევან მჟავანაძე 44 წლისაა. ის პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და პენსიის გარდა შემოსავალი არ აქვს. ეტლით მოსარგებლე პირი სოციალურ შემწეობას ითხოვს, რომ ექიმებთან მისვლა შეძლოს.

„დაახლოებით 4 წლის წინ შემიწყვიტეს სოციალური დახმარება. ბოლოს, ამ წლის იანვარში შემამოწმეს და ისევ მაღალი ქულები მოვიდა, რას წერენ, არ ვიცი… მხოლოდ სახლია აქ, ისიც ურემონტო და 2500 კვადრატი მიწა, რომელსაც მე ვერ დავამუშავებ, მოვიდეს ვინმე და ნახოს. რა ნახეს აქ, რით უნდა ვიარსებო? დღესაც მეზობლებმა მომიტანეს ფლავი და ლობიო, მეზობლად ბიცოლა გარდაიცვალა და სამძიმარზე რომ სადილებს აკეთებენ, ის მომიკითხეს,“ – გვიყვება ლევან მჟავანაძე. მისი თქმით, ცოლი თურქეთში მუშაობს უკვე მესამე წელია, შვილს კი, მეზობელ სოფელში ზრდიან ბებია და ბაბუა.

„ბიჭი გვყავს 14 წლის, საუკეთესო მოსწავლეა, ზენითის სკოლაშია, იქ წაიყვანეს ბებიამ და ბაბუამ, მე როგორ მიმეხედა, აბა?

მხოლოდ პენსია მაქვს პირველი კატეგორიის – 275 ლარი. პენსიის ფულსაც ბანკი მიქვითავს, რადგან სესხი მაქვს გამოტანილი. თვეში რეალურად 185 ლარს ვიღებ.

11 წლის წინ დავზიანდი, ტყეში შეშას ვამზადებდი და ხის ქვეშ მოვყევი… აღარაფერი მახსოვს. მითხრეს, რომ მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი. მერე რეანიმობილით გადამიყვანეს თბილისის რესპუბლიკურში და იქ გამიკეთეს ოპერაცია, რკინები მქონდა ყველგან, 6 თვე პირაღმა ვიწექი, ერთხელაც გვერდულად არ დამიძინია. ახლა ეტლით გავდივარ, მაგრამ ესეც მიჭირს,“ – გვითხრა ლევან მჟავანაძემ.

„არ ცხოვრობს ეს კაცი მარტო, ასეა, ხშირად მალავენ ოჯახის წევრებს,“ – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ფილიალის ხელმძღვანელმა, თემურ ჭანტურიშვილმა. მისი მტკიცებით, ეტლით მოსარგებლე პირი სახელმწიფოსგან პენსიას იღებს, ხოლო მასთან ერთად დეკლარაციაში ოჯახის ქალი წევრიც ფიქსირდება, რომელიც სავარაუდოდ მისი ცოლია და შრომისუნარიანია.

„უფრო მეტად ქალი არ არის აქეთ… თურქეთში დადიოდა, ბოლო ინფორმაცია არ ვიცი,“ – გვითხრა ზვიად თამაზაშვილმა, ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ხუცუბანში. მასაც ვკითხეთ, მარტო ცხოვრობს თუ არა ეტლით მოსარგებლე ადამიანი.

„ეს ქალი საბავშვო ბაღში მუშაობდა დამლაგებლად და მერე თურქეთში წავიდა, ასე უფრო ვარჩენ ოჯახსო. პანდემიის დროს ვნახე ბოლოს. წელს არ მინახავს ოჯახში, მაგალითად,“ – გვითხრა ზვიად თამაზაშვილმა.

„ბათუმელები“ სოფელ ხუცუბანში მცხოვრებ კიდევ ერთ პირს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, ლევან მჟავანაძე მარტო ცხოვრობს და მას მეზობლები ეხმარებიან. ხუცუბანში მცხოვრები ადამიანის თქმით, ლევან მჟავანაძის ცოლი თურქეთიდან პერიოდულად ჩამოდის და დაახლოებით ერთი კვირა ჩერდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში უარყვეს ისიც, რომ ლევან მჟავანაძის ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა სოციალურ შემწეობას, რომელიც დაახლოებით 4 წლის წინ შეუწყვიტეს.

„ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის სოციალურ შემწეობას არ იღებდა,“ – გვითხრა თემურ ჭანტურიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ფილიალის ხელმძღვანელმა. ის დაგვპირდა, რომ პირადად შეამოწმებდა ლევან მჟავანაძის ოჯახს და ამას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ხუცუბანში კი, ის დაადასტურა, რასაც ეტლით მოსარგებლე ამბობს.

„კი, დაახლოებით 3 – 4 წლის წინ შეუწყდა სოციალური დახმარება. მერე რატომ ვერ მოხერხდა მისი აღდგენა, არ ვიცი. შესაძლოა, რადგან ცოლი თურქეთში წავიდა სამუშაოდ, ამიტომაც მოხდა, ვერ გეტყვით,“ – აღნიშნა ზვიად თამაზაშვილმა „ბათუმელებთან“.

„მას გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება, მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ფარგლებში მისცეს 200 ლარი, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო ასევე თანხა,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში. აქ ერთჯერად დახმარებაზე გააკეთეს აქცენტი, რაზეც ეტლით მოსარგებლე ლევან მჟავანაძეც გვესაუბრა და არა პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე, როცა ამ პირობებში მყოფ ადამიანს სახელმწიფო, ფაქტობრივად, არაადამიანურ პირობებთან პირისპირ ტოვებს სისტემური მხარდაჭერის გარეშე.

„კი, მირიან ქათამაძეც დამეხმარა რამდენჯერმე თავისი ჯიბიდან,“ – გვიყვება ისევ ლევან მჟავანაძე. – „ამ ბოლოს როცა შევეხმიანე, მითხრა, აღარ ვარ ქობულეთის მერიაშიო… ზაალ მიქელაძე პარლამენტარი გახდა და აღარ პასუხობს ჩემს ტელეფონს. ქობულეთის ახალმა მერმაც გამომიგზავნა პროდუქტები, დაუბარებია თან სოფლის დეპუტატისთვის, ჩემი ჯიბიდან ვეხმარებიო.

მე კი არავინ მინდა ასე შევაწუხო. სოციალური დამინიშნონ, რომ ექიმებამდე მივიდე.

ელექტროეტლიც კი არ მაქვს, ჩვეულებრივ ეტლით ვმოძრაობ. ელექტრონული ეტლი მირიან ქათამაძის მერობის დროს ვიღაც ბიზნესმენს აყიდინეს ჩემთვის, სამ თვეში გაფუჭდა, მერე სოფელში გარდაიცვალა ერთი ინვალიდი ბიჭი და იმის ეტლი ამომიტანეს, ისიც გაფუჭდა. ვითხოვ, ეზოს გასავლელი მაინც მომიწყონ, რომ ეტლი არ დაზიანდეს, დამპირდნენ, მაისში მოვალთო და ვნახოთ,“ – დაასრულა ლევან მჟავანაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: