მთავარი,სიახლეები

ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

27.04.2022 • 16171
ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით – მარიუპოლიდან ბათუმში ჩამოსული ცოლ-ქმრის ისტორია

უკრაინელი ცოლ-ქმარი, ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები, მარიუპოლიდან ბათუმში 25 აპრილს ჩამოვიდნენ. ისინი მიწისქვეშა, ბნელ თავშესაფარში იმალებოდნენ და არც აპირებდნენ მარიუპოლის დატოვებას, რომ არა ის დღე, როცა მათი სახლი, ეზო და შინაური ცხოველები საჰაერო დარტყმებით გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა.

მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა ყველაფერი დაკარგა მარიუპოლში, მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ქალაქი და სამშვიდობოს გაეღწიათ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა. როგორც ისინი ჰყვებიან, სასწაულებრივად მიუსწრეს მარიუპოლიდან საევაკუაციო ბოლო ავტობუსს, სადაც მხოლოდ 3 ადგილი იყო თავისუფალი, ისინი კი ორნი იყვნენ.

ალექსეი და ოლგა „ბათუმელებთან“ საუბრობენ თავშესაფარში გატარებულ ერთ თვეზე, დაბომბვებსა და ომის კოშმარზე, რაც მარიუპოლში ნახეს.

  • „3 წლის მშიერი ნასტია თავშესაფარში მთელი ღამე, უწყვეტად იმეორებდა: რძე მინდა, რძე მინდა, რძე, რძე…“

ალექსეი: მეზღვაური ვარ. ომამდე ერთი კვირით ადრე ჩავედი მარიუპოლში. ცოტა რომ დამეგვიანებინა და არ ჩავსულიყავი, ჩემს ცოლს ალბათ ვეღარასდროს შევხვდებოდი. ჩვენ ომი ერთად დაგვატყდა თავს. ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. მადლობა სამყაროს, რომ ასე მოხდა და არ ვიტანჯეთ ცალ-ცალკე და ერთმანეთისგან შორს.

როცა პირველ სახლებს დაუშინეს ბომბები, მივხვდით, რომ ვეღარ გადავრჩებოდით და საჭირო იყო დამალვა.

ჩვენს სახლთან ახლოს გემების შემკეთებელი ქარხანა იყო, ზღვასთან. ვიცოდით, რომ 50-60-იან წლებში იქ თავშესაფრებიც იყო. ახალგაზრდებმა თავშესაფრის ბოქლომები გადაჭრეს, შესასვლელი გაათავისუფლეს და ხალხი შიგ ჩავიდა. ჩვენც ჩავედით.

ვისხედით ამ უმზეო, ბნელ სარდაფში და გვესმოდა ყველაფერი: საიდან რას ისროდნენ. 300 მეტრში იყო აზოვსტალის ქარხანა. ზღვიდანაც კი ესროდნენ აზოვსტალს. თავშესაფრიდან რომ ამოვძვრებოდით, ეს ყველაფერი ჩანდა.

თავშესაფარში არ იყო შუქი, წყალი და ბნელოდა. საერთოდ მოწყვეტილები ვიყავით გარე სამყაროს. არანაირი ინფორმაცია არ აღწევდა ჩვენამდე. თავშესაფარში ჩავიტანეთ ლეიბები, საბან-ბალიშები. წყალი მოგვქონდა გარედან, ჩუმად, მალვით.

საჭმელს ცეცხლზე ვაკეთებდით. დაბომბილი სახლებისგან ხის ნარჩენები ცვიოდა აქეთ-იქით, ამას აგროვებდნენ თავშესაფარში მყოფები. ამ შეშას ვწვავდით და ვამზადებდით საჭმელს.

ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვები ბათუმში

ოლგა: ერთხელ, საჭმელს რომ ვამზადებდით ცეცხლზე, ბომბდამშენმა გადაგვიფრინა, თავს დასტრიალებდა ზღვისპირა საბაჟოს ულამაზეს, ძველ შენობას. მივხვდით, რომ წუთი-წუთზე დაბომბავდა. მივატოვეთ ცეცხლზე შემომდგარი ფაფა და გავიქეცით თავშესაფრისკენ. დაბომბეს საბაჟო. მივიხედეთ უკან და ჩვენი ქვაბი ფაფით აფეთქების რყევისგან სადღაც გაიტყორცნა. დავრჩით მშივრები.

თავშესაფარში არ იყო საპირფარეშო. ხალხი ბოთლებით და ვედროებით დადიოდა.

პატარა, 3 წლის ნასტია დაგვამახსოვრდა თავშესაფრიდან ყველაზე მეტად. მშიერი ნასტინკა. რაც მოენატრებოდა და გაახსენდებოდა, იმეორებდა იმ საჭმლის სახელს მთელი ღამე, უწყვეტად: „რძე მინდა, რძე მინდა, რძე, რძე, რძე, რძე, რძე… და ასე დაუსრულებლად. გაახსენდებოდა კიდევ რამე და იწყებდა: მინდა სოსისი, მინდა სოსისი, მინდა სოსისი, სოსისი, სოსისი… გული გვეწურებოდა.

დედა გვიბოდიშებდა: ჰიპერაქტიური ბავშვიაო. წარმოგიდგენიათ? ჰიპერაქტიური ბავშვი ჩაკეტილი ბნელ თავშესაფარში.

წყალს ვურევდით ფქვილს, მარილს და ტაფაზე უცხიმოდ ვამზადებდით. ეს იყო ჩვენი საკვები. სახლში მურაბები და კომპოტები გვქონდა, მწნილებიც. გავიქცეოდით დილის ხუთ საათზე, წამოვიღებდით ქილებით რამეს და მოვრბოდით უკან, თავშესაფარში. ხანდახან ვერ ვასწრებდით და შუა გზაში რომ მოვრბოდით, იწყებოდა სროლები. ერთხელ ასე წავიქეცი მსხლის კომპოტის ქილით ხელში. დაიმსხვრა ქილა. გამოვიქეცი.

მეზობლებმა, რომლებმაც დატოვეს მარიუპოლი, დაგვიტოვეს სახლების გასაღებები და გვითხრეს, საკვების მარაგია იქ და გამოიყენეთ ყველაფერიო. სანამ ძალიან არ გაგვიჭირდა, არ შევედით. მერე, როცა აღარავის გვქონდა თავშესაფარში არაფერი, შევედით ამ სახლებში და იქ დაგვხვდა ძველი მაკარონი, ბრინჯი, კაკაოც კი, იმხელა ბედნიერება იყო! მოვიტანეთ თავშესაფარში და მაშინ მივხვდით: კაკაო მშვენიერი რამ ყოფილა, თუნდაც ურძეოდ. აქამდე არ ვწყალობდით.

  •  „გადავწყვიტეთ, არ დაგვეტოვებინა მარიუპოლი, სანამ ჩვენი სახლი არ დაინგრეოდა, სანამ ცხოველები ცოცხლები იქნებოდნენ“

ალექსეი: თავშესაფრიდან 100 მეტრის მოშორებით იყო ჩვენი სახლი. დილით ამოვძვრებოდით, მივირბენდით სახლთან, საჭმელი მიგვქონდა ჩვენი კატებისა და ძაღლებისთვის. გვყავდა 4 ძაღლი და 7 კატა. ჩვენ მარტოხელები ვართ, შვილები არ გვყავს. ეს იყო ჩვენი ოჯახი. მალე მათი საჭმელიც ამოიწურა და ცხოველების გადარჩენის შანსიც გაქრა.

სახლებს ბომბავდნენ, ცეცხლი ეკიდა ყველაფერს, მაგრამ მაინც მივდიოდით ყოველდღე ჩვენს სახლთან და ცხოველებს ვკვებავდით.

ოლგა: გადავწყვიტეთ, არ დაგვეტოვებინა მარიუპოლი მანამ, სანამ ჩვენი სახლი და ეზო იქნებოდა, სანამ ცხოველები ცოცხლები იქნებოდნენ და სანამ მათ გამოკვებას შევძლებდით.

  • გვქონდა იმედი, რომ ბომბებს გადაურჩებოდა ჩვენი წილი უკრაინა

ძალიან მცირე ხელმოსაჭიდიც რომ დაგვრჩენოდა, ქალაქს არ დავტოვებდით. ყველაფერი წამში იქცა მტვრად.

ალექსეი და ოლგა ბაკალიასოვების სახლი მარიუპოლში, ომამდე

ყოველდღე ძლიერდებოდა დაბომბვები. ყოველ მისვლაზე კატები და ძაღლები უფრო და უფრო გაღიზიანებულები გვხვდებოდნენ, ცდილობდნენ გამოგვყოლოდნენ, სადაც მივდიოდით. ჭიშკარს ვკეტავდით, რომ არ გამოგვდევნებოდნენ. მერე ჩვენი გარაჟი და ეზო დაბომბეს. ისროდნენ ყველა შესაძლო საშუალებით, მაგრამ ყველაზე დიდი საშინელებაა ციდან დაბომბვა.

კანალიზაცია, წყალსაცავები – ყველაფერი დაბომბეს, ყველაფერი მოიშალა მარიუპოლში. ააფეთქეს ფილტრაციის მთავარი ნაგებობა და ფეკალური მასების მდინარე ახლა შუა ქალაქში, ჩვენს რაიონში მიედინება, ეს ადგილები ახლა ყარს.

ალექსეი: მარიუპოლში ჩამოცვენილი ბომბების ერთი მესამედი არ ფეთქდება, ეს ჩვეულებრივი ნაღმებია, მხოლოდ ჩვენს ეზოში სამი ასეთი ბომბია, ვინმემ ფეხი რომ დაადგას, აფეთქდება. ჩვენს თავშესაფარსაც, სადაც ვიმალებოდით, ორი ბომბი დაეცა და არ აფეთქდა.

ეს უკვე მკვდარი ქალაქია. დანგრეული და სახიფათო ნაღმებით მოფენილი, ვინ განაღმავს მთელ მარიუპოლს ომის შემდეგ?!

რუსები ამბობენ, რომ მარიუპოლში იმ ადგილებს ბომბავენ, სადაც „უკრაინელი ნაციონალისტები“ აფარებენ თავს. ჩემს სახლში ვინ დაბომბეს? ჩემი 6 კატა და 4 ძაღლი იყო ფაშისტი და ნაციონალისტი?

როცა ბომბები ცვიოდა, მიწა ირყეოდა და ყველაფერი ზანზარებდა თავშესაფარში. არ ვიცით, რა ტიპის ბომბი დაეცა ჩვენს სახლს, მაგრამ ერთ დღეს რომ მივედით, აღარაფერი დაგვხვდა. მხოლოდ ნამსხვრევები და მკვდარი ცხოველები…

ჩვენმა ყოფნამ მარიუპოლში აზრი დაკარგა.

ალექსეი ბაკალიასოვი, ომამდე

  • „ეს გენოციდია, დაცინვა. გერმანელი ფაშისტებიც არ იქცეოდნენ ასე“

ალექსეი: არაფერი წამოგვიღია თან საბუთების გარდა. თავშესაფარში აღარ დავბრუნდით და გზას დავადექით. მანქანა აღარ გვქონდა, გარაჟიც აგვიფეთქეს. წავედით ფეხით, ქალაქის მეორე მხარეს, არც ვიცოდით საით და რატომ მივდიოდით. დიდხანს, დაახლოებით 5 საათს მივუყვებოდით ზღვის სანაპიროს.

რაც ამ გზაზე ვნახეთ, ჯოჯოხეთის სამი კარიბჭე იყო. დამწვარი ტანკები, აფეთქებული სახლები, უკრაინელების ცხედრები, დახოცილი რუსი ჯარისკაცები, ვაბიჯებდით მკვდრებს და მივდიოდით.

ოლგა: მარიუპოლში იყო ქალაქის ულამაზესი, ძველი ნაწილი კერძო სახლებით. პირველ რიგში, სწორედ ამ სახლებს დაუშინეს ბომბები და გაასწორეს მიწასთან – მარიუპოლელი მეზღვაურების სახლები ყვავილებისა და ციტრუსის ბაღებით, აუზებით, დიდი, თეთრი ვერანდებით… მარიუპოლი ხომ მეზღვაურთა ქალაქია. ეს ბედნიერი ქალაქი იყო, კეთილდღეობასა და მშვენიერებაში მცხოვრები ხალხით.

ოლგა ბაკალიასოვი საკუთარ ეზოში, ომამდე

მივლასლასებდით ფეხით და ამ სახლებს ვაკვირდებოდით – თითქოს სპეციალურად სურდათ მარიუპოლის კეთილდღეობა გაენადგურებინათ ამ სახლების სახით, ეს სახლები იყო ზღვისპირა ქალაქის სიმბოლური ნაგებობები, ჩავუარეთ დანგრეულ სკოლასაც, სკოლას, რომელიც ჩვენ დავამთავრეთ მარიუპოლში.

ალექსეი: ერთ ადგილზე სასწაულებრივად შეგვხვდნენ ნაცნობები და მიგვასწავლეს ადგილი, საიდანაც მარიუპოლიდან რუსეთისკენ მიდიოდა ხალხი საევაკუაციო ავტობუსებით. ასე გაუღწევიათ ამ ჩვენი ნაცნობების შვილებსაც ქალაქიდან. ჩვენ არ გვინდოდა რუსეთში მოხვედრა. ეს სიკვდილის ტოლფასი იყო ჩვენთვის, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

გზად გავიარეთ ადგილი, სადაც პური რიგდებოდა, საშინელი სურათი იყო, ავტომატებით მუჯლუგუნებს ურტყამდნენ ქალებს და ბავშვებს, თითქოს რიგის და წესრიგის დასამყარებლად. მიდის 4-5-საათიანი რიგი, ამ რიგში დგები, სხვა გზა არ გაქვს, გშია, მაგრამ ისიც იცი, რომ პური ცოტაა და შეიძლება 5-საათიანი რიგის ბოლოს არც შეგხვდეს, მაგრამ მაინც დგახარ.

ეს იყო დონეცკიდან შემოტანილი რუსული პროდუქტები. მანქანებს საგანგებოდ ეწერა დიდი ასოებით: „ედინაია რასია“. იყიდებოდა ეს პური გრივნებზე, ჩვენზე ასაღებდნენ რუსულ პროდუქტს.

ჰუმანიტარულ პროდუქტსაც არიგებდნენ, მაგრამ 2 ათასი ადამიანი იდგა რიგში და იდგნენ 5-6 საათი აქაც. თითო ადამიანს ურიგებდნენ ერთ პურს, სამ ქილა ხორცის კონსერვს, ერთ შეკვრა მაკარონს, კილოგრამ ბრინჯს და 5 ლიტრ წყალს. უფასოდ რიგდებოდა ეს პროდუქტი და უნდა გყოფნოდა 1 თვე.

ეს გენოციდია, დაცინვა. გერმანელი ფაშისტებიც კი არ იქცეოდნენ ასე. დედაჩემი ყუბანში ცხოვრობდა, მოესწრო მეორე მსოფლიო ომს და იხსენებდა, რომ როცა ფაშისტებმა გაიარეს მათ ქალაქში, ხალხს საკვებს ნორმალურად ურიგებდნენ და ბავშვებისთვის შოკოლადიც ჰქონდათ თურმე. რუსები ფაშისტებზე უარესები არიან.

ერთ ოჯახთან ვმეგობრობდით. ისინიც ჩვენსავით მარტოხელები იყვნენ. მანქანით აპირებდნენ მარიუპოლიდან გაღწევას, მათ მანქანას რუსულმა ტანკმა გადაუარა. ასე, ჩვეულებრივად – მიდიოდნენ და ტანკმა გაჭყლიტა მანქანა. იურა, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადგილზევე გარდაიცვალა. მის ცოლს სხეული მთლიანად დაემტვრა და საავადმყოფოშია.

იურა საოცარი ადამიანი იყო, სპორტული მწვრთნელი, მაგრამ პენსიაზე იყო უკვე. მისი მეუღლე ახლა დონეცკის საავადმყოფოშია. როცა გამოვა, გვინდა საქართველოში ჩამოვიყვანოთ და ვეპატრონოთ.

ოლგა: მარიუპოლის საავადმყოფოზე მინდა გითხრათ. საშინელი მდგომარეობა იყო, მაისურებს ხევდნენ და ეს იყო მათი სახვევები. ჭრილობის დასამუშავებლად სპირტი აღარ მოიპოვებოდა და მარილიან წყალს იყენებდნენ.

ფეხი მოკვეთეს ადამიანს საავადმყოფოში მხოლოდ იმის გამო, რომ ბომბის ნამსხვრევები ჰქონდა შიგ ჩარჩენილი და ვერ მოუარეს, არ ჰქონდათ არანაირი სამედიცინო საშუალებები, ადგნენ და ფეხი მოჭრეს, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. ნორმალურ კლინიკაში ამ ადამიანს ფეხი შერჩებოდა.

მთელი გზა, როცა მოვდიოდით, ძალიან მეშინოდა, რომ ჩემს ქმარს ნერვები უმტყუნებდა და ყველაფერს მიახლიდა რომელიმე რუს ჯარისკაცს, რასაც ფიქრობდა.

ალექსეი: რუს ჯარისკაცებს თავადაც არ ჰქონდათ საჭმელი და შიმშილობდნენ. ურიგოდ იღებდნენ პურს და ჭამდნენ, მაშინ, როცა ხალხი ხუთსაათიან რიგში იდგა ამისთვის. განსაკუთრებით ურცხვად ერთი ჩეჩენი ჯარისკაცი დაეძგერა ურიგოდ პურს და საშინელი თვალებით შევხედე. ჩვენ თვითონაც არ გვყოფნის ეს პური-მეთქი, ჩემთვის ჩავილაპარაკე და მან ჩემი მზერა დაიჭირა. რას მიყურებო-შემომიღრინა და ჭამა განაგრძო. მეგონა მესროდა, მაგრამ გადავრჩი.

გზად ქალის ცხედარი დავინახეთ, მშიერ ძაღლებს და კატებს შეეჭამათ ნახევრად. მარიუპოლში უამრავი შინაური ცხოველი დარჩა უპატრონოდ. მათი პატრონები ან დაიხოცნენ, გაიქცნენ ან ბუნკერებში იმალებიან. ძაღლები და კატები მთელ ქალაქში საცოდავად დაძრწიან. მათ აღარავინ კვებავს.

მარიუპოლში უკვე დათბა. მალე დაცხება. უამრავი ცხედარია ქუჩაში, სიცხეში შეიძლება ეპიდემიაც გავრცელდეს, ქალაქში არც წყალია, არც მედიკამენტები.

ღმერთო, ახლაც არ მჯერა, რომ მზიან ქალაქში ვართ, აივანზე შეგვიძლია ვისხდეთ და ვუყუროთ ცას, ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი.

როცა ხალხი მარიუპოლიდან გაქცევას ცდილობდა, ყველაზე რთული დასანახი იყო როგორ მიჰყავდათ მოხუცები ოჯახის წევრებს, კიდევ უფრო რთული სანახავი იყო, როგორ იყურებოდნენ მოხუცები, ვისაც არავინ ჰყავდა და ვინმეს უნდა აეღო საკუთარ თავზე მათი გაყვანის პასუხისმგებლობა.

ოლგა: იცით, რა არის უცნაური? არც ერთი რუსული ეკლესია არ დაბომბილა, ბომბავენ მხოლოდ უკრაინულ ეკლესიებს, საიდანაც უამრავ დახმარებას, საკვებს იღებდა ხალხი მღვდლებისგან, მრევლისგან. რუსული ეკლესიებიდან არავისთვის არაფერს გასცემენ, არავის არაფერში ეხმარებიან.

ალექსეი: რუსი სამხედროები არ გელაპარაკებიან, არაფრად გთვლიან, თუ სიტყვა უკრაინას ახსენებ, მოგაჩეჩებენ იარაღს და გეუბნებიან, თუ სამშობლოს დაცვა გინდა, აჰა, იარაღი და გაათავისუფლე ნაცისტებისგან შენი ქვეყანაო. დაგვცინიან. გთავაზობენ, რომ იბრძოლო რუსებთან ერთად უკრაინის „გასათავისუფლებლად“.

  •  „ერთი ბიჭი ფილტრაციის ოთახიდან აღარ გამოუშვეს, არ ვიცით, სად წაიყვანეს“

ოლგა: როგორც იქნა საევაკუაციო ავტობუსებამდე მივაღწიეთ. იქ იმდენი ხალხი იყო… თითო გადასვლისას გადაჰყავდათ 120 კაცი. წასვლის მსურველი კი ათასობით იდგა.

პირველ რიგში ბავშვებსა და ქალებს სვამდნენ ავტობუსში, მერე მოხუცებს, ბოლოს კი – კაცებს.

ახალგაზრდა კაცებს ძალიან უჭირთ მარიუპოლიდან გამოსვლა, ეს თითქმის შეუძლებელია.

წარმოუდგენლად გაგვიმართლა. ბოლოს დარჩა მხოლოდ 3 თავისუფალი ადგილი, ჩვენ კი ორნი ვიყავით და ჩაგვსვეს.

ალექსეი: საკუთარი მანქანა მარიუპოლში არავის დაუტოვეს. კარგ მანქანებს ართმევენ ხალხს და თავისთვის მიჰყავთ ჯარისკაცებს ან ცხრილავენ.

ყველაზე კარგ მანქანებს ჩეჩნები იტაცებენ. სამ-სამი ჯავშანჟილეტი აცვიათ კადიროველ ჩეჩნებს. მანქანებიც კი სამმაგი ჯავშნით აქვთ გამაგრებული, მშიშრები და მოღალატეები.

მე ნამდვილი ჩეჩნები მყავდნენ მეგობრები. ვინც რუსეთში იბრძვის, ისინი სამშობლოს გამყიდველები არიან. მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთი მიწასთან გაასწორა რუსეთმა, როგორ იბრძვიან მათ მხარეს, არ მესმის…

ალექსეი: მარიუპოლიდან ავტობუსი რუსების მიერ ოკუპირებულ და მართულ დონეცკში წავიდა. დონეცკში ადგილობრივმა პოლიციელებმა დამნაშავეებივით გადაგვიღეს ფოტოები პროფილსა და ანფასში. აიღეს თითის ანაბეჭდები, გაქექეს ლეპტოპი, ტელეფონები.

დონეცკისა და რუსეთის საზღვარი გადავკვეთეთ და გავიარეთ ფილტრაციის პუნქტი, აქ მკაცრი შემოწმებებია.

კაცებს ართმევდნენ ყველა საბუთს, კეტავდნენ ერთ ოთახში. მერე სათითაოდ გავყავდით და შევყავდით ცალკე, სადაც სამოქალაქო სამოსში სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელი იყო.

მკითხეს, რომელ ჯარში და როდის ვმსახურობდი, მომთხოვეს სამხედრო ბილეთი. მკითხეს, რას ვფიქრობდი რუსეთზე, პუტინზე, „სამხედრო ოპერაციაზე“, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში.

რა თქმა უნდა, არ შემეძლო მეთქვა სიმართლე და ვიცრუე. უნდა გადავრჩენილიყავი. ვუპასუხე, რომ კარგი დამოკიდებულება მაქვს. კაცებს ყველაფერს ხდიდნენ და ტრუსების ამარა ტოვებდნენ, გვამოწმებდნენ, სადმე რაიმე ტატუ ხომ არ გვქონდა.

რახან არ ვარ ახალგაზრდა, როგორღაც გამოვძვერი. ახალგაზრდებზე დიდი ზეწოლაა, ჩვენს თვალწინ შევიდა ერთი ბიჭი ფილტრაციის ოთახში და უკან აღარ გამოუშვეს, მარტო გააგრძელა გზა მისმა ცოლ-შვილმა. არავინ იცის, სად წაიყვანეს ბიჭი.

ოლგა: მე ამასობაში გარეთ ველოდებოდი ალექსეის. როგორც იქნა გამოვიდა და შემდეგ წავედით რუსეთში, ტაგანროგში. იქ ძალიან ბევრი ხალხი იყო რაღაც სპორტდარბაზში, უკრაინიდან გადასული ლტოლვილები. გვითხრეს, რომ თუ იქ დარჩენა არ გვსურდა, ჩვენი ფულით უნდა გაგვეგრძელებინა გზა. გვთავაზობდნენ ურალში და ჩრდილოეთში წასვლას. იქ რა გვინდოდა?!

ჩვენ წამოვედით როსტოვში ჩვენი ფულით. როსტოვიდან ვლადიკავკაზში და მერე თბილისის სამარშრუტო ტაქსიში ჩავსხედით. ვლადიკავკაზიდან საქართველოს საზღვრამდე 10 საათზე მეტხანს მოვდიოდით, რადგან ძალიან ბევრი მსუბუქი ავტომობილი შემოდის რუსეთიდან საქართველოში, რუსული ნომრებით. საზღვარზე მარტივად, 20 წუთში შემოგვიშვეს.

  • „სად წავიდა ყველაფერი, რაც იყო? სად წავიდეთ? სად იქნება ჩვენი შემდეგი სახლი?“

ალექსეი: როსტოვიდან ავტობუსის ბილეთს რომ ვიღებდით, ბილეთების გამყიდველი ქალი დაინტერესდა – უკრაინელები ხართო? ვუპასუხეთ, რომ კი და მერე გვკითხა, იქ რა ხდებაო.

აღვუწერეთ რა მდგომარეობაშია მარიუპოლი და უი, ვნერვიულობო, თქვა. ჩემი შვილია იქ და როგორ დაბრუნდება ნეტავიო. ნული თანაგრძნობა ჩვენ მიმართ, ნული გაზიარება და მოსმენა. ის, რომ ჩვენ გვკლავენ, ამას არა უშავს თურმე. მინდოდა მეთქვა, რა ეშველება და არაფერი კარგი, უკრაინელები ბევრ რუს ჯარისკაცს კლავენ მარიუპოლში-მეთქი, მაგრამ დავზოგე, არ ვთქვი.

ჩვენი მიზანი იყო სწრაფად გავცლოდით რუსეთს, რომ ვინმეს ყელში არ ვწვდომოდი და თავი არ გამეთქვა. ისინი ვერაფერს ხედავენ, არაფერს იაზრებენ და სჯერათ მხოლოდ პუტინის და მათი პროპაგანდისტული ტელევიზიების. მყავს მეგობრები რუსეთში, მაგრამ მათთან არც განვიხილავთ ამ საკითხებს. მათ აღარ ესმით ჩვენი. საბჭოთა კავშირში სურთ დაბრუნება. არსებობენ მხოლოდ ისინი და სხვა ერები არ არიან სამყაროში, მათთვის არსებობს მხოლოდ „დიდი რუსეთი“.

ოლგა: იცით, როგორი ქალაქი იყო მარიუპოლი? უყვარდა ყველას, ქალაქის მერი ძალიან ზრუნავდა ქალაქზე, იყო ბევრი პარკი და სკვერი, უამრავი გამწვანებული ადგილი, ზღვისპირა კერძო სახლები დიდი, მწვანე ეზოებით, საზაფხულო საზღვაო ფესტივალებით, მარიუპოლფესტი იმართებოდა ყოველ წელს, ჩამოდიოდნენ მომღერლები და 3-4 დღე ზღვისპირა კონცერტები, სეირნობები იმართებოდა.

უამრავი სხვადასხვა სახეობის ტიტა ხარობდა მარიუპოლში. ქალაქს ჰქონდა ლამაზი შადრევნები. ახლა იქ ომის უდაბნოა. მაგრამ ჩვენ გადავრჩით. ყველა ლოგიკით მკვდრები უნდა ვიყოთ ახლა, მაგრამ გადავრჩით. ეს დაუჯერებელი სასწაულია.

ალექსეი: მე მეზღვაური ვარ, ასაკოვანი, მაგრამ მაინც წავალ გემზე კიდევ, ვიმუშავებ და ახალ სახლს ავაშენებ.

რახან გადავრჩი, ესე იგი, ცხოვრება უნდა გავაგრძელო, მაგრამ ვინ დამიბრუნებს იმას, რაც მხოლოდ მოგონებებად დამრჩა? სად წავიდა ყველაფერი, რაც იყო? ჩვენ სად წავიდეთ? სად იქნება ჩვენი შემდეგი სახლი?

ოლგა: ჩვენ სახლის ადამიანები ვიყავით. სამოთხე გვქონდა: პატარა სახლი დიდი ეზოთი, ხეხილით, ვენახით, ყვავილებით და დიდი ბოსტნით. მომყავდა კიტრი და პომიდორი, ვარდებს ვახარებდი. სად წავსულიყავი და მემოგზაურა? სახლში მქონდა სამოთხე, ახლოს იყო ზღვა, ჩვენს ქუჩასაც ასე ერქვა: პრიმორსკი.

ბათუმში იმიტომ გადავწყვიტეთ ჩამოსვლა, რომ ჩემი ქმრის ქართველი მეგობარი ცხოვრობს აქ. თან ბათუმი მეზღვაურების ქალაქია. ჩემი ქმრის მეგობარი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გვირეკავდა და გვეკითხებოდაб, როგორ ვიყავით. რუსეთში დარჩენა კატეგორიულად არ გვინდოდა. ეს ადამიანი დაგვეხმარა გავრკვეულიყავით საქართველოში სად რას სთავაზობდნენ უკრაინიდან ჩამოსულ ლტოლვილებს.

ოლგა ბაკალიასოვი მარიუპოლში, საკუთარი სახლის წინ

  • ცოლ-ქმარს წასასვლელი არსად აქვს 

ოლგა და ალექსეი ბაკალიასოვები ახლა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობენ. მათი თქმით, დაბინავებისას  უთხრეს, რომ ორი კვირით უსასყიდლოდ შეუძლიათ აქ დარჩენა. მარიუპოლიდან ჩამოსულმა ლტოლვილებმა არ იციან, სად უნდა წავიდნენ 2 კვირის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: