მთავარი,სიახლეები

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – რა სამუშაოს ასრულებს მერიაში დასაქმებული სოცდაუცველი

26.04.2022 • 1980
„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – რა სამუშაოს ასრულებს მერიაში დასაქმებული სოცდაუცველი

„ძირითადად ხელმძღვანელი რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ: უფრო ფოტოებს ვუღებ სკვერებს და მოედნებს, ხეებს, ტროტუარის ფილებს, რამე თუ იქნება დაზიანებული, ეს უნდა დავაფიქსირო. გავდივარ ძირითადად ქუჩებში, ესაა ჩემი საქმე,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები რუსუდან ტარიელაძე, ის სოციალურად დაუცველია და უკვე ერთი თვეა ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობს.

რუსუდან ტარიელაძე სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. მისი ხელფასი 300 ლარია, თუმცა დასაქმებული ამბობს, რომ ხელფასი ჯერ არ აუღია და არც შრომითი ხელშეკრულება გაფორმებიათ მისთვის. ჩვენს კითხვაზე, რა არის მისი ვალდებულება სამსახურში, გვიყვება:

„ამას წინათ ძლიერი ქარი რომ იყო, ხეები დაზიანდა, ფოტოები გადავიღე… მერე ჩემმა უფროსმა გადაუგზავნა შესაბამის სამსახურებს და მოვიდნენ მალე. იმედია, სხვა პრობლემებსაც მიხედავენ.. ხელს მიწყობს ყველა, ორი შვილი მყავს და მარტო ვზრდი, ბიჭი უკვე 11 წლისაა, გოგო 10 წლის. მეუღლეს დავშორდი, 2015 წლიდან „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობ და თავშესაფარს ველი,“ – აღნიშნა რუსუდან ტარიელაძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებისთვის“ დასაქმების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

რა შეცვალა სამსახურმა სოციალურად დაუცველის ცხოვრებაში და სცადა თუ არა აქამდე დასაქმება მან კერძო სექტორში? – ვკითხეთ რუსუდან ტარიელაძეს.

„მადლიერი ვარ. 300 ლარი დღეს აღარაფერია, ისე გაძვირდა ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის მაინც დიდი მიღწევაა, დამატებით სოციალურ შემწეობას, ჯამში 350 ლარს ვიღებთ თვეში.

მანამდე, 2019 წელს, „დაცვის პოლიციაში“ ვმუშაობდი, რკინიგზაში, 420 ლარი მქონდა ხელფასი და მაშინ სოციალური მომიხსნეს. სამსახურიდან წამოსვლა ვარჩიე, რადგან დრო აღარ მრჩებოდა არაფრის… მანამდეც სიგარეტებზე ვმუშაობდი საზღვარზე, მაგრამ ბავშვების დატოვება იყო პრობლემა, ჩემს ყოფილ მეუღლეს ვუტოვებდი ბავშვებს და ახლაც მას ვუტოვებ, მაგრამ გოგო ხშირად უჩემოდ ტირის.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. ჭვანის საჯარო სკოლა ფრიადზე დავასრულე, უმაღლესშიც ჩავაბარე, მაგრამ მერე ბევრი გაჭირვება გამოვიარე: სტუდენტობის დროს დარჩენის პრობლემა მქონდა, 19 წლისა დავოჯახდი, ტრანსპორტირებაც პრობლემა იყო, ჭამა გინდა სტუდენტს, მე სწავლის შეწყვეტა ვარჩიე,“ – გვიყვება რუსუდან ტარიელაძე. ის 33 წლისაა და ამბობს, რომ თურქული ენის შესწავლას როცა დაასრულებს, კომპიუტერულ პროგრამებსაც ისწავლის და უფრო მაღალშემოსავლიან სამსახურსაც იპოვის.

„კომპიუტერების სწავლა გასული წლის შემოდგომაზე დავიწყე კიდეც,“ – დასაქმების კიდევ ერთი მცდელობის შესახებ გვიყვება სოციალურად დაუცველი ქალი. – „მიმიღეს განათლების ფონდში უფასოდ, მაგრამ მასწავლებელი დავალებას გვაძლევდა, მე ნოუთბუქი არ მქონდა, დავალება როგორ გამეკეთებია? ფურცლით და პასტით ხომ არ შევასრულებდი დავალებას? ორ თუ სამ გაკვეთილს დავესწარი და წამოვედი…

მერე თურქულის შესწავლა დავიწყე. ორი დონე გავიარე უკვე, ვწერ და წაკითხვაც შემიძლია. მაისში გამოცდებია და ვნახოთ.

კარგია ეს პროგრამა, მაგრამ ალბათ ჯობია ხელობა გვასწავლონ, ვინც სოციალურად დაუცველია და მცირე ბიზნესი შევძლოთ. ასე ჩვენი შემოსავალიც გაიზრდება და საშემოსავლოსაც გადავიხდით, ისე არაფერი გვინდა,“ – დასძინა რუსუდან ტარიელაძემ.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პრესცენტრის ინფორმაციით, ყველა სოცდაუცველთან და, მათ შორის, რუსუდან ტარიელაძესთან ხელშეკრულება გაფორმებულია, მაგრამ მას პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ვერ გაგვაცნობენ. აქ ასევე ვერ გაგვაცნეს, რა ვალდებულებით აიყვანეს სოციალურად დაუცველები საჯარო სამსახურში.

რაც შეეხება ხელფასს – სააგენტოში განმარტეს, რომ ხელფასს სოცდაუცველებს დასაქმების სააგენტო უხდის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში კი, ინფორმაციის მოწოდებას ხვალისთვის დაგვპირდნენ. ამავე სააგენტოში ვიკითხეთ, პროგრამის ფარგლებში თუ ასაქმებს კერძო სექტორი სოციალურად დაუცველებს ან რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში სოცდაუცველების დასაქმების ხელშესაწყობად? სააგენტოს პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

16 აპრილის მონაცემებით, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, ჯამში წარმოდგენილია 2 600-მდე ვაკანსია.

  • ბათუმის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია 1200-მდე ვაკანსია;
  • ქედის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე – 110-მდე ვაკანსია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 350-მდე ვაკანსია;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში – 300-მდე ვაკანსია;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 100-მდე ვაკანსია;
  • ხულოს მუნიციპალიტეტში – 500-მდე ვაკანსია

____

ამავე თემაზე:

 

რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: