მთავარი,სიახლეები

ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაზე, ჩაის სახლზე სართულებს აშენებენ – ნებართვა კმდს-მ გასცა

23.04.2022 • 3352
ბათუმის ერთ-ერთ გამორჩეულ შენობაზე, ჩაის სახლზე სართულებს აშენებენ – ნებართვა კმდს-მ გასცა

ბათუმში, გოგებაშვილის #14-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. ჩაის სახლის ჩაბეტონების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მყოფი პირის ინფორმაციით,  დაშლილია შენობის ინტერიერის ნაწილი, შენარჩუნებულია ფასადი. ამ ეტაპზე მშენებელი დაშენების სამუშაოებს აწარმოებს.

ბათუმი, გოგებაშვილის #12

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვა გაცემულია, თუმცა ამ დროისთვის ვერ ვაზუსტებთ, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით.

ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი იცავს და მისი ხელყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ჩაის სახლის შენობის ნაწილი, 341 კვადრატული მეტრი, ბათუმის მერიამ 2019 წელს ელექტრონული აუქციონით გაყიდა, პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იყო. თავის დროზე ძეგლის გაყიდვაზე გადაწყვეტილება მერიამ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეათანხმა.

მერისთვის მიწერილი ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ ყოფილა შენობა სასტუმროს მოწყობის პირობით გასხვისებულიყო იმ შემთხვევაში, თუ შემძენი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტს სააგენტოს წარუდგენდა.

2015 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ, შპს „გეოგრაფიკის“ დახასიათებით, შენობის მხატვრული იერ-სახე და ტექნიკური მდგომარეობა კარგი იყო და მოითხოვდა მხოლოდ გეგმურ მცირე რეაბილიტაციას. თუმცა კომპანია დადებითად არ აფასებდა მიმდებარედ პარკინგის მოწყობას, სასტუმროს მოწყობის შემდეგ კი ამ მხრივ, სავარაუდოდ, ბევრად რთული ვითარება შეიქმნება.

„ჩაის სახლის მდებარეობა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, ზღვისკენ ორიენტირებულ მაგისტრალზე სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა“, – ნათქვამია „გეოგრაფიკის“ კვლევის ანგარიშში.

2012 წლამდე ეს შენობა ორსართულიანი იყო, შემდეგ კიდევ ორი სართული დააშენეს. მერიის ინფორმაციით, ქონება აუდიტმა 853 200 ლარად შეაფასა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობას რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს.

მერია „ჩაის სახლის“ ნაწილს სატუმროს მოწყობის პირობით გაყიდის

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: