მთავარი,სიახლეები

ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი

15.04.2022 • 3720
ბუჩაში საქართველოს სახელით საბავშვო ბაღს ავაშენებთ – მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბუჩაში, ქართველი ხალხის სახელით, საბავშვო ბაღის აშენება სურს. იდეა მაქარაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი რუსული აგრესიის საპასუხოდ, ომის მიუხედავად, მაინც აპირებენ დანგრეული ქალაქების ეტაპობრივად აღდგენას.

„ამ დროისთვის უკვე გამოგვეხმაურა 217 ქართული კომპანია, რომლებსაც სურთ, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა მიიღონ ბაღის მშენებლობაში. ზოგმა სურვილი გამოთქვა, რომ არქიტექტურულ ნაწილში მიიღებს მონაწილეობას, ზოგი მოხატვაში ჩაერთვება, ზოგი ეზოს დააპროექტებს, ზოგი ინვენტარს შეიძენს და ასე შემდეგ. მთელი ძალისხმევა ახლა მიმართულია იქითკენ, რომ როგორც კი გვექნება შესაძლებლობა და მივიღებთ თანხმობას უკრაინის ხელისუფლებისგან, დავიწყებთ მშენებლობას“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

მისი თქმით, ის ამ ეტაპზე დაუკავშირდა უკრაინაში რამდენიმე ადამიანს, რომლებიც დაეხმარებიან მას უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში.

რამდენად შესაძლებელია ომის პარალელურად მშენებლობის წარმოება? – ვკითხეთ მას. როგორც გიგა მაქარაშვილი ამბობს, ეს პროცესიც ჰიბრიდული ომის ნაწილია: „სრულიად შეგნებულად აპირებს უკრაინა, რომ დაიწყოს იმ ქალაქების განახლება, სადაც უსაფრთხოა უკვე ცხოვრება და სრულიად გაწმენდილია რუსი სამხედროებისგან. ვფიქრობ, ეს ძალიან სწორია. პროცესი დაწყებულია და 99 პროცენტით დარწმუნებული ვართ, რომ დაიწყება თუ არა მშენებლობები ბუჩაში, ჩვენ ამ ნებართვას მივიღებთ“.

გიგა მაქარაშვილის თქმით, სასურველია ამ იდეის განხორციელებაში საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღონ მონაწილეობა სურვილის შესაბამისად და საბავშვო ბაღის მშენებლობის ანგარიშზე მინიმუმ 1 ლარი მაინც ჩარიცხონ.

„იდეა არის ის, რომ ეს საბავშვო ბაღი უნდა ააშენოს ქართველმა ხალხმა და წარწერაც ასეთი ექნება. „ქართველი ხალხისგან“ და არა ისე, როგორც საქართველოს პარლამენტმა გააკეთა, როცა ჰუმანიტარულ ტვირთს დააწერა, – „საქართველოს პარლამენტისგან“ და არა ქართველი ხალხისგან, როგორც უნდა ყოფილიყო.

ბაღის არქიტექტურულ ნაწილზე უკვე დაწყებულია მუშაობა. საბავშვო ბაღის მშენებლობას მსოფლიოში თავისი სტანდარტები აქვს, განსხვავებულია და კიდევ უფრო დახვეწილია ევროპული სტანდარტები, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ევროპული სტანდარტით ავაშენოთ.

ახალი ადგილი გამოიყოფა ბაღისთვის, თუ რომელიმე დანგრეული ბაღის ადგილზე აშენდება ახალი ბაღი, ბუნებრივია, ამას გადაწყვეტს ბუჩას ადგილობრივი ხელისუფლება. როგორც ვიცით, ბუჩა საკმაოდ პატარა ქალაქია, სულ ოთხი მუნიციპალური ბაღია და აქედან ორი დანგრეულია.

შევეცდებით, რომ ყველა საჭირო სამშენებლო მასალა შევიძინოთ უკრაინაში, რადგან ადგილობრივ ბიუჯეტში შევიდეს თანხა და თუკი შესაძლებლობა იქნება, გვინდა, რომ მუშახელიც ადგილობრივი დავასაქმოთ, რომ დავეხმაროთ მოსახლეობას დასაქმებაში“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ბუჩაში რუსეთის ძალებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. ქალაქის რუსებისგან გაწმენდის შემდეგ მთელმა მსოფლიომ ნახა ცხედრებით მოფენილი ქალაქის ქუჩები.

___

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: