მთავარი,სიახლეები

ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს – ექიმი

14.04.2022 • 1184
ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს – ექიმი

ექიმი-ენდოკრინოლოგი ვატო სურგულაძე 7 ქართველ ექიმთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში. ექიმები საქართველოში 13 აპრილს დაბრუნდნენ. „ბათუმელები“ ვატო სურგულაძეს ესაუბრა.

  • ბატონო ვატო, რა მიზნით ჩახვედით უკრაინაში და რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?

ექიმთა ჯგუფის ჩასვლა უკრაინაში იყო პარტია „ლელოს“ ინიციატივა. ოთხი კვირა ვემზადებოდით უკრაინაში წასასვლელად. წინასწარ გვქონდა კონტაქტი უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათ მიგვითითეს ის ქალაქი, სადაც სჭირდებოდათ დახმარება. შემდეგ დავუკავშირდით ქალაქის მერს, ვიცე-მერს, იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას, სადაც მივდიოდით. შესაბამისად, გავარკვიეთ რა სჭირდებოდათ და გავემგზავრეთ. რვა დღე დავყავით ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, ქალაქ კოლომიაში.

ერთი რაღაც მინდა ყველას ვუთხრა, თუ არ იცით, სად მიდიხართ და რა უნდა გააკეთოთ, არ ჩახვიდეთ იქ. იმიტომ, რომ კი არ  დაეხმარებით, არამედ ტვირთად დააწვებით უკრაინის ბიუჯეტს.

კოლომიაში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ლტოლვილების გამო გაიზარდა 30 ათასით.

ეს ქალაქი არაა ფრონტისპირა ქალაქი, 300 კილომეტრითაა დაშორებული საბრძოლო პოზიციებიდან, მაგრამ ძალიან ბევრი დევნილია იქ თავმოყრილი. ასევე საავადმყოფოში არიან დაჭრილებიც.

ჩვენი ამოცანა იყო, რომ კონკრეტული დახმარება გაგვეწია მათთვის და არა ისე, როგორც ბევრი აკეთებს, პოლონეთის საზღვარზე რომ დგანან. პოლონეთის საზღვარზე ყველაფერი მოწესრიგებულია. დევნილებს იღებს ძალიან კარგად, მოწესრიგებულად, ამიტომაც ჩავედით ქალაქ კოლომიაში.

სიტუაცია არ არის მსუბუქი, საკმაოდ დაძაბულია. მართალია, ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში დაბომბვა არ ყოფილა, მაგრამ დღეში ორჯერ იყო საჰაერო განგაში და ჩავდიოდით ბომბსაფარში.

ვატო სურგულაძე კოლომიაში, საჰაერო განგაშის დროს უკრაინელებთან ერთად თავს ბომბსაფარს აფარებს

პრობლემა რაც ჩვენ ვნახეთ, არის ის, რომ უკრაინის ჯანდაცვა და მედიცინა ძალიან ჩამორჩება თუნდაც ქართულ მედიცინას. საავადმყოფო ვერ წარმოიდგენთ, როგორ სიტუაციაშია – 90-იანებში რომ იყო საქართველოში.

ექიმებმა ჩავატარეთ ტრენინგები და კონსულტაციები სამხედროებთან, რომლებიც იქ არიან ბაზირებულები, მასწავლებლებთან, სამოქალაქო პირებთან – როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი სამხედრო სიტუაციაში. ვასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც დაჭრილების დიდი რაოდენობა მოაწყდება საავადმყოფოს, როგორ უნდა მოხდეს ტრიაჟი. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩავატარეთ.

ამ რვა დღეში მარტო მე 100-ზე მეტი კონსულტაცია ჩავატარე, როგორც თერაპევტმა და ენდოკრინოლოგმა.

უკრაინის დახვედრა იყო ფანტასტიკური. ძალიან დიდი სიყვარული გამოხატეს, ყველანაირი პატივისცემა, რაც შეიძლებოდა და კარგად ვიმუშავეთ.

დილას 8 საათზე ვიწყებდით მუშაობას, საღამოს 8-ზე ვამთავრებდით – 9 საათზე კომენდანტის საათი იწყებოდა. ითიშებოდა ქუჩის განათება.

შენობებში იყო ელექტროენერგია, მაგრამ ყველას სქელი ფარდები აქვს ჩამოფარებული, შუქი რომ არ გამოვიდეს გარეთ და არ გახდეს რუსი აგრესორების სამიზნე.

ყველაზე მეტად, რასაც მივაქციე ყურადღება, ერი არის შეკრული. ვიღაცა ზელენსკის მხარდამჭერია, ვიღაცა პოროშენკოს, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. არიან ძალიან შეკრული და მოტივირებულები, რომ დაამარცხონ რუსეთი.

ხალხი ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენ მიმართ. გვეუბნებოდნენ, ძალიან კარგია, რომ ჩამოხვედით და გვეხმარებითო, მაგრამ თქვენი მთავრობა რატომ არ უჭერს სანქციებს მხარსო, ჩვენ ხომ ძმები ვართო?

ყველა მუშაობს. წარმოიდგინეთ, საამქროები, საწარმოები, პატარა კერძო კომპანიები ამზადებენ ავტომატის მჭიდების სპეციალურ ჩასალაგებელს, ამზადებენ კამუფლაჟის ბადეებს. ყველა არის მოტივირებული და ეს იყო ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

  • როცა საუბრობთ მიზნობრივ დახმარებაზე, კონკრეტულად რა სჭირდებათ უკრაინელებს?

ძალიან დიდი დახმარება სჭირდებათ, როგორც სამხედრო მედიცინაში, ისე სამოქალაქო მედიცინაში. დიდი რაოდენობა დევნილების აღმოსავლეთ უკრაინიდან დიდ პრობლემებს იწვევს – მედიცინა, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა ჩამორჩენილია.

ვასწავლეთ, როგორ მიიღონ დაჭრილები. რა უნდა ხდებოდეს პირველ რიგში, როგორ უნდა შეძლონ, რომ თავის თავსაც მოემსახურონ და სხვებსაც.

რეანიმატოლოგი გვყავდა საქართველოდან – უკრაინელებმა შესთავაზეს მუშაობა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელად. ხელფასსაც დაგინიშნავთ, საცხოვრებელ ადგილსაც მოგცემთო. ჩვენთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და მიიღებს ალბათ გადაწყვეტილებას.

  • სამედიცინო ინვენტარი სჭირდებათ?

მე მაქვს სია. მედიკამენტების საჭიროებაა. სჭირდებათ სისხლის გასაჩერებელი ტურნიკეტები და ალბუმინი, რომელიც ცოტა რთული გადასაგზავნია, მაცივარი სჭირდება. საჭიროა ტკივილგამაყუჩებლები, ანტიბიოტიკები. ასევე სჭირდებათ სპეციალური ტრავმატოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც ფიქსაციას აკეთებს.

ახლა დიდი საჭიროება დადგება სპეციალური მედიკამენტების, ქიმიური შეტევების დროს. ქიმიური მოწამვლის დროს. შეხვედრა მაქვს დაგეგმილი ტოქსიკოლოგებთან, რას მირჩევენ, როგორ მირჩევენ, რა მედიკამენტები იქნება საჭირო, თუკი ეს არაადამიანი რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს.

ანტიპოდები რა მედიკამენტებია, ამაზე მაქვს შეხვედრა საქართველოში მომუშავე ტოქსიკოლოგებთან და ამ მედიკამენტების შეგროვებას დავიწყებთ.

ჩვენ ჩავუტანეთ ვიდეოლარინგოსკოპი, რომელიც არ ჰქონდათ. ასევე ჟანგბადის კონცენტრატორი, ქირურგიული ინსტრუმენტები. მედიკამენტებიდან არ ჰქონდათ ელ თიროქსინი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ ჩავუტანეთ 4 ათასი აბი.

ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რადგან წინასწარ შევისწავლეთ და ისე წავიღეთ წამლები.

  • რა სიტუაცია იყო კლინიკაში, სადაც მუშაობდით?

კლინიკაში, სადაც ჩვენ ვიყავით, დაჭრილების რაოდენობა არ იყო ძალიან ბევრი, მაგრამ იყვნენ დევნილები და დევნილებს, როცა მოდიან თავისი ქალაქიდან (ეს არიან ქალები, ბავშვები, მოხუცები) იმათ თავისი ქრონიკული დაავადებები მოაქვთ.

ქალაქის სამედიცინო მუშაკების რაოდენობა ვერ ერევა ამ რაოდენობას. დიდი პრობლემა აქვთ მედიკამენტების. ჩვენ რაც ჩავიტანეთ, ის არაფერი არ არის.

კიდევ ვამბობ, აქ რომ გროვდება დახმარება, ზოგჯერ ვუგზავნით ისეთ რაღაცას, რაც არ სჭირდებათ. ჯერ უნდა შევისწავლოთ რა სჭირდებათ და ის უნდა გავუგზავნოთ.

ჯობია, რომ ეს დახმარება იყოს ძალიან მიზანმიმართული, წერტილოვანი, აი, ამ ქალაქს ვუგზავნი აი, ამას.

გახსოვთ, აქ იყო ამბავი სისხლი ჩავაბაროთ, სისხლი ჩავაბაროთო. არ სჭირდებათ იმათ ეს სისხლი. თვითონაც აბარებენ, აქვთ. თან აქედან სისხლი უმეტესობა გაფუჭებული ჩადის და უნდა გადაასხან.

რაც სჭირდებათ, ეს არის ბავშვის საფენები, ბავშვის საკვები, რუსეთიდან მაკარონს რომ ვყიდულობთ და ვუგზავნით, ეს ნაკლებად სჭირდებათ, მერწმუნეთ.

  • როგორ ეხმარებიან ქალაქის მცხოვრებლები ლტოლვილებს?

თითქმის 30 ათასი ლტოლვილია კოლომიაში. განაწილებული ჰყავთ სასტუმროებში, სახლებშიც მიჰყავთ ადამიანებს, სამუშაოსაც აძლევენ, ყველა არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამ ხალხს დაეხმარონ. ამ ქალაქში ყველაფერი მუშაობს, ბანკი იქნება თუ სხვა დაწესებულება. საკვები არ არის პრობლემა მაღაზიებში. მხოლოდ 4 საათის მერე არ იყიდება ალკოჰოლური სასმელი.

ხალხში ასეთი განწყობაა – დაგვეხმარეთ და ჩვენ დავამარცხებთ რუსებს.

ექიმების გუნდი ვაპირებთ კიდევ ერთხელ ჩავიდეთ ტრენინგებისთვის, იმისათვის, რომ ეს ხალხი იყოს მომზადებული. სინამდვილეში, სიტუაცია დაძაბულია, ელოდებიან უფრო დიდ შეტევას რუსი აგრესორებისაგან, მაგრამ ძალიან შეკრულები არიან ჩვენგან განსხვავებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: