მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ მოწყობილი გენოციდის შესახებ შეიტყო, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი ომის დანაშაულებების დასაფარად უკრაინაში მობილური კრემატორიუმების გამოყენება დაიწყეს.
ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მობილურ კრემატორიუმებს რუსი სამხედროების ცხედრების გასანადგურებლადაც იყენებენ, რათა მათი სამხედრო დანაკარგების შესახებ რეალური ინფორმაცია არ გახდეს ცნობილი და რუსეთის ფედერაციას არ მოუწიოს დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა.
„რუსი სამხედროების ქმედებები სრულად შეესაბამება „გენოციდის“ დეფინიციას, რომელიც განსაზღვრულია კონვენციით გენოციდის შესახებ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებით მე-6 მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს“, – ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ მხოლოდ მარიუპოლში დააფიქსირეს 13 მობილური კრემატორიუმი, რომლებსაც რუსი სამხედროები ქუჩების მოქალაქეთა ცხედრებისგან გასაწმენდად იყენებდნენ.
ომის დანაშაულების დამალვისა და მობილური კრემატორიუმების გამოყენების ფაქტები უკრაინის დაზვერვამ ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქებშიც აღმოაჩინა.
___
მთავარი ფოტო: უკრაინის დაზვერვა, მობილური კრემატორიუმი