მთავარი,სიახლეები

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური

13.04.2022 • 2864
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უკვე შექმნილია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი. პირველი მარტიდან დღემდე კი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 426.

საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ კი ფინანსთა მინისტრმა დაამტკიცა:

აზარტული თამაშობების მომწყობების საყურადღებოდ, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, მიმართონ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლონ მოძრავი სერვისცენტრის – RS CAR მომსახურებით.

ამასთან, „აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების [გარდა წამახალისებელი გათამაშებისა] სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობებს შესაძლებლობა აქვთ, თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – სათამაშო ბიზნესი“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

სამსახურის ინფორმაციით:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია:

  • არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა/გადატანა;
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;
  • თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად

2022 წლის 1-ელი მარტიდან ასევე აიკრძალა აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე წამახალისებელი გათამაშების რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით გავრცელება, ასევე, სრულად აიკრძალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ რეკლამის რაიმე ფორმით ან საშუალებით (მათ შორის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელით) გავრცელება.

დასაშვები გახდა მხოლოდ:

  • იმ ვებგვერდზე, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის მოწყობა;
  • იმ ობიექტზე, სადაც დაშვებულია აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობა და ამ რეკლამის განთავსების ფართობი 10 კვადრატულ მეტრს არ აღემატება;
  • სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის სპონსორობის სანაცვლოდ;
  • საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ აეროპორტის ტერიტორიაზე ან/და სასაზღვრო-საბაჟო გამშვებ პუნქტზე.

ამავე თემაზე:

გონიოს ყოფილ პოლიგონზე მთავრობამ საინვესტიციო კონცეფცია მოამზადა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: