მთავარი,სიახლეები

ვინ არიან აქტივისტები, რომლებიც რუსებს ბათუმში ოკუპაციას ახსენებენ

12.04.2022 • 27649
ვინ არიან აქტივისტები, რომლებიც რუსებს ბათუმში ოკუპაციას ახსენებენ

კახი გურგენიძე, ლადო ჩიბურდანიძე და ანდრია ფენი ის აქტივისტები არიან, რომლებმაც ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერეს ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ.

„პუტინ ხუილო! რუსეთი ოკუპანტია! თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტიც ოკუპირებულია.

ჩვენ არ გვიხარია თქვენი დანახვა.

ჩვენ თქვენ არ შეგხვდებით ღიმილით. 

ჩვენ არ გენდობით. არ ვართ დარწმუნებული, რომ თქვენს დასაცავად არ შემოიჭრება საქართველოში თქვენი ხელისუფლება“ – ისმის ჩანაწერში

ერთ-ერთი აქტივისტი, ანდრია ფენი, რომელიც „ბათუმელებს“ ესაუბრა, ამბობს, რომ პერფორმანსის იდეა მეგობრებს სპონტანურად გაუჩნდათ.

„დილით შევხვდით ერთმანეთს და ბულვარში გავისეირნეთ. ძალიან ბევრი რუსია. თანაც ამ დღეებში ბევრი ისტორია მოვისმინეთ, რომ რუსები ძალიან აგდებულად ელაპარაკებოდნენ ქართველებს და მოითხოვდნენ რუსულად ელაპარაკათ მათთან.

სპონტანურად მოვიფიქრეთ ეს პერფორმანსი და რადგან არ გვინდოდა ჩვენ მიგვემართა რუსულად, გამოვიყენეთ სათარგმნი პროგრამა და google.translate-ის ხმით მოვუწოდებდით რუსებს.

რუსებს ჰქონდათ რეაქცია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იღებდნენ მობილურებს და გვიღებდნენ. აშკარად არ სიამოვნებდათ, რასაც ვეუბნებოდით.

ქართველები ძირითადად გვეუბნებოდნენ მადლობას, მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა ორი ბიჭი მოვიდა და შელაპარაკება გვქონდა. ერთ-ერთი ამბობდა, რომ რუსი მეგობარი გოგო ახლდა და მას არ მოეწონა ის, რასაც ისმენდა. გვეუბნებოდნენ, რომ ყველა რუსი მოქალაქე აგრესორი არ არის და არ ეთანხმება პუტინისტურ ხელისუფლებას“ – გვიყვება ანდრია.

მისი თქმით, ტექსტი, რომლითაც რუსებს მიმართავდნენ, არ შეიცავს სიძულვილის ენას და საუბარია იმაზე, თუ რა გააკეთა რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში.

„ჩვენ უბრალოდ ვეუბნებით მათ, რომ არ ვენდობით მათივე მთავრობის გამო და არ გვაქვს დასამტკიცებელი მათთვის ჩვენი სტუმართმოყვარეობა.

პირიქით, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ უსაფრთხო სტუმრები არიან და პატივს სცემენ ამ ქვეყანას, რომელშიც სტუმრად მოვიდნენ,“ – ამბობს ანდრია.

ანდრია ფენის თქმით, იყო ერთი შემთხვევაც, როცა რუსულენოვანი მოქალაქე მათ პერფორმანსს დადებითად გამოეხმაურა:

„დაახლოებით 16-17 წლის გოგო იყო, რომელიც მოვიდა და ქართულად გვითხრა –  „მართალი ხარ ძმაო“ და ხელი ჩამომართვა.

უკრაინელების რეაქცია კი, რა თქმა უნდა, იყო პოზიტიური. უხაროდათ, გვაჩერებდნენ, რესტორნიდან გამოვიდნენ და ჩაგვეხუტნენ“.

ბათუმელი ბიჭების პერფორმანსის ამსახველ ვიდეოს უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს სოციალურ ქსელებში.

„სანამ რობოტები დაირაზმებოდნენ და ჩატებში ჩაუყრიდნენ ერთმანეთს ვიდეოს ბმულებს, მანამდე 95 პროცენტი კომენტარებში მადლობას გვიხდიდა.

ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ამ ტექსტით ბევრი ადამიანის სათქმელი გავაჟღერეთ.

ხშირად ჩვენ გვაქვს შინაგანი პროტესტი, თუმცა ამას არ გამოვხატავთ ხმამაღლა და ალბათ საჭიროა ერთმანეთს ავუხსნათ, რომ ამ პროტესტმა გარეთაც უნდა გადმოინაცვლოს,“ – გვითხრა ანდრიამ.

პერფორმანსი გუშინ, 11 აპრილს, პირველად გაიმართა. აქტივისტები კიდევ აპირებენ აქტივობის გაგრძელებას. მათ სხვა იდეებიც აქვთ და როგორც ანდრია გვეუბნება, ალბათ მსგავს მიმართვებს იმ რესტორნებისთვისაც ჩაწერენ, სადაც რუსული მუსიკა ხშირად ჟღერს.

„ასევე ვაპირებთ, რომ ავტვირთოთ ეს ხმაც და თუ ვინმეს დასჭირდება, შეუძლია გამოიყენოს“.

რაც შეეხება პოლიციას, ანდრია ფენი ამბობს, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ფორმიანი ადამიანები მათ სიახლოვეს არ შეუნიშნავს.

„თუმცა მათ სადავო არაფერი აქვთ, რადგან ჩვენ არ ვიყენებთ სიძულვილის ენას, უბრალოდ პოლიტიკურ ენაზე ვუხსნით რუსეთის მოქალაქეებს, რომ მათ მათივე ხელისუფლების გამო არ ვენდობით,“ – ამბობს ანდრია.

ნახეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: