მთავარი,სიახლეები

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

31.03.2022 • 4878
არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

დღეს, 2022 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, თქვა ის, რაც ადრე არასდროს უთქვამს. არც მაშინ, როცა ამას ბათუმელი ამომრჩეველი დაჟინებით ითხოვდა, არც მაშინ, როცა სასამართლოში იჩივლეს კონკრეტული სამშენებლო პროექტების წინააღმდეგ, არც მაშინ, როცა საპროტესტო აქციებს აწყობდნენ, ღია მიმართვებს ავრცელებდნენ და სთხოვდნენ, „რამე ეღონა“, „არ დაეშვა…“

„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ –  ასეთი იყო ზოგჯერ მისი პასუხი. თქვა ისიც, რომ თვითმმართველობის ფუნქციებში ვერ ჩაერეოდა, ერთხელაც ჟურნალისტებს დაუბრუნა კითხვა, თუ რატომ ითხოვდნენ მისგან ამას, ანუ მერიის საქმეში ჩარევას, რაც კანონსაწინააღმდეგო იქნებოდა.

თორნიკე რიჟვაძე ძეგლების დამცველებზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“

ამჯერად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოქალაქეების თხოვნა პირდაპირ „გულთან მიიტანა“ და ზუსტად ასე თქვა:

„ეს უნდათ აქ? – და ამდენ ხალხს უნდა მიაშენონ წინ. არ გვაინტერესებს ვინ არის, დავასრულებთ ამათზე წარმოებას და არ აშენდება!“ – ამის შემდეგ კი, თორნიკე რიჟვაძემ კმაყოფილი მოქალაქისგან მადლობა მიიღო და განკარგულებები გასცა:

„სამინისტრომ და მერიამაც უზრუნველყავით, თუ რამე ნებართვებია გაცემული, რომ გაუქმდეს. ეს არ შეიძლება. ეს თავის დროზეც არასწორადაა გაცემული, არასწორი იყო თავიდანვე. გადაწყვეტილია! “

დაგეგმილი სამშენებლო პროექტის შეჩერება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, თორნიკე რიჟვაძეს მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას სთხოვეს. აქ ბათუმის მერიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო, სწორედ ამ სამუშაოების მოსანახულებლად იმყოფებოდა ის დღეს ამ ადგილზე, ბათუმის მერთან ერთად.

დრეს მოქალაქეებმა მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოახერხეს, პრობლემის შესახებ აცნობეს და  სასურველი პასუხიც მიიღეს.

3845 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობა 2015 წელს ამ მისამართზე მშენებლობის პირობით გაყიდა. შემძენი ბათუმში „იალჩინ მაკრკეტების“ მფლობელია. კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან მალევე ტერიტორია შემოღობა და მშენებლობის დაწყებაც ბევრჯერ სცადა. მას ამის საშუალება მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მრავალბინიანი კორპუსების მესაკუთრეებმა არ მისცეს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისინი კარგავდნენ ზღვის ხედს და სამანქანო შესასვლელს მათი კორპუსის ეზოში.

ასეთ პროექტებზე ბათუმში, მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, არაერთი ნებართვა გაიცა და აშენდა კიდეც.

კომპანიამ აჭარის მთავრობასთან ნაკისრი ვალდებულება ბევრჯერ დაარღვია. თუმცა აჭარის მთავრობა ამ ქონებას საკუთრებაში მაინც ვერ იბრუნებს, რადგან ის იპოთეკით არის დატვირთული და სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღაც ადევს.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვის გაუქმებას, მსგავსი გადაწყვეტილება მთავრობას და არც მერიას, მაშინაც კი არ მიუღია, რაც ძველ ბათუმში დაწესებული 12-მეტრიანი შეზღუდვის შემდეგ „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანიამ – შპს „პროგრეს სიტიმ“ მანამდე შეთანხმებული პარამეტრების მიხედვით მოითხოვა მშენებლობა. სხვათა შორის, მაშინ კომპანიამ ამ მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და მოიგო კიდეც. შემდეგ კი, იდენტურ შემთხვევებში, მერია ნებართვების გაცემისას ამ მაგალითს იშველიებდა, როგორც პრეცედენტს და აცხადებდა, რომ უარს ვერ ეტყოდა კომპანიებს მოთხოვნებზე.

ვიდრე ბათუმის მერი დაპირებას შეასრულებს, ძველ ბათუმში კიდევ 2 სახლს ანგრევენ

ახალი სამშენებლო პროექტები ძველ ბათუმში [ფოტო]

ისეთი პრინციპული, როგორც დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არ ყოფილა კანონდამრღვევ „ამბასადორ ბათუმთან“ მიმართებაში, როდესაც კომპანიამ შეთანხმებული ოთხი სართულის ნაცვლად ჯერ 15 სართული ააშენა  ბათუმის ძველ ბულვარში, შემდეგ კი, დამტკიცებული ცვლილების თანახმად,  პროექტს უკანონო სართულები დაამატა.

თორნიკე რიჟვაძეს არცერთხელ არ უთქვამს – არა.

მით უფრო, რომ ბათუმის ბულვარში, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე, მშენებლობის ნებართვას არ გასცემს ბათუმის მერია და გადაწყვეტილებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის  სააგენტო იღებს. ეს სააგენტო კი, პირდაპირ აჭარის მთავრობას ექვემდებარება.

ბევრ სამშენებლო პროექტზე, რომელიც ქალაქში არ მოსწონთ, მერია განმარტავს, რომ არა თუ გაცემული ნებართვა, არამედ მხოლოდ შეთანხმებული პირველი ეტაპიც კი საკმარისია იმისათვის, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდეს, რადგან მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მერიამ ბევრი ვადაგასული ნებართვაც აღადგინა.

დღეს კი აღმოჩნდა, რომ ნებართვის გაუქმება შესაძლებელია.

რაც შეეხება კომპანიის მიერ ვალდებულების ვერ შესრულებას, ეს არც პირველი შემთხვევაა და დიდი ალბათობით არც ბოლო იქნება: ბოლო 5 წლის განმავლობაში გაფორმებულ ხელშეკრულებებს რომ გადავხედოთ, ნათელია, რა უნდა იყოს აშენებული თუნდაც მხოლოდ ქობულეთში.

აქ ალბათ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2 დღეში ბათუმის #4 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებია. მსგავს ფრაზებს კი პოლიტიკოსები არჩევნების წინ ამბობენ ხოლმე, როგორც, მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა – „მორჩა ფულის კეთების დრო, ბათუმს უნდა ჰქონდეს გენგეგმა.“

ბათუმს გენგეგმა დღემდე არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: