ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულოში სახელოვნებო სკოლას და სამხატვრო გალერეას ააშენებენ – 1,4 მილიონის ტრენდერი

24.03.2022 • 1635
ხულოში სახელოვნებო სკოლას და სამხატვრო გალერეას ააშენებენ – 1,4 მილიონის ტრენდერი

დაბა ხულოში სახელოვნებო სკოლისა და სამხატვრო გალერეის მშენებლობისთვის 1 491 915 ლარია გამოყოფილი. თანხას ხულოს მუნიციპალიტეტი აჭარის 2022 წლის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში მიიღებს. მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მარცხნივ – ადგილი ხულოში, სადაც გალერეა აშენდება / მარჯვნივ – გალერეა, რენდერი / ფოტოები ტენდერიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 7 აპრილს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 აპრილს, დასრულდება. პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი შენობა უნდა აშენდეს, სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის.

მშენებლობა 480 დღეში უნდა დასრულდეს, ოღონდ შემდეგი პირობით: 2022 წელს მომწოდებელმა სამუშაოები უნდა დაიწყოს პირველი მაისიდან და უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 214 დღეში, ხოლო 2023 წელში მომწოდებელმა დარჩენილი სამუშაოები უნდა დაიწყოს პირველი მარტიდან და უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 266 კალენდარულ დღეში.

სკოლა/გალერეის შენობა დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე აშენდება. შენობის სიმაღლე 13 მეტრი, ხოლო მოცულობა 1 282.5 კვ/მ იქნება.

ხულო / სამხატვრო სასწავლებელი და გალერეა / რენდერი პროექტიდან

განმარტებითი ბარათიდან:

„პროექტის მიზანია დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, სახელოვნებო სკოლის და სამხატვრო გალერეის შენობის მოწყობა თავისი ინფრასტრუქტურით;

საპროექტო შენობაში განთავსებული იქნება:

  • პირველ სართულზე – გალერეის ადმინისტრაცია, პერსონალი და ტექ. სათავსოები
  • მეორე სართულზე  – სამუსიკო კლასები, ადმინისტრაცია, პერსონალი
  • მესამე სართულზე – თექას შემსწავლელი კლასი, ხეზეჭრის შემსწავლელი კლასი, ანიმაციის კლასები, აგრეთვე, დარბაზი სცენით გასახდელებით და დამხმარე სათავსოებით.

გათვალისწინებულია ეზოში ავტოსადგომის მოწყობა რამდენიმე ავტომობილზე.

საპროექტო შენობას გააჩნია ორი კიბის უჯრედი, ერთი მათგანი სახანძრო დანიშნულების. პირველ სართულზე გათვალისწინებულია სანკვანძი შშმ პირებისთვის.

ტერიტორია კეთილმოეწყობა ტროტუარის ფილებით და ბორდიურებით, მოეწყობა ასევე გაზონი, გამწვანება.“

ადგილი ხულოში [მონიშნულია წითელი ფერით], სადაც სახელოვნებო სკოლა უნდა აშენდეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: