მთავარი,სიახლეები

გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე

21.03.2022 • 2176
გონიოში გაყიდული მიწები და აშენებული კორპუსები პარკინგების გარეშე

ბათუმის #4 მაჟორიტარული ოლქი, სადაც 2 აპრილს შუალედური არჩევნები უნდა გაიმართოს, ინასარიძის ქუჩიდან გონიოს ციხემდე და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. არჩევნებში მონაწილეობს აღმაშენებლის, ასევე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის ნაწილისა და კახაბრის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა.

ბოლო წლებში ამ უბნებში მთავარი აქტივობა მშენებლობაა, განსაკუთრებით კი, გონიოს სანაპირო ზოლში საქმიანობაა. აშენებენ სასტუმროებს, სასტუმრო აპარტამენტებს, ზღვიდან ოდნავ მოშორებით კი – საცხოვრებელ კორპუსებს.

გონიოს სანაპიროს ისევე ქაოსურად ითვისებენ, როგორც ბათუმის ცენტრს. პრობლემურია პარკინგის საკითხიც –  ბევრმა მშენებელმა აქ ნაყიდი მიწა მაქსიმალურად აითვისა, პარკინგისთვის კი მცირე სივრცე დატოვა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურა გონიოში სასტუმრო „მგზავრებს“ ეკუთვნის. კომპანია აქ წლებია ფართოვდებოდა და ამ დროისთვის სულ ექვსი მასშტაბური შენობა აქვს აშენებული, ღია აუზებით და თავისი დამხმარე ინფრასტრუქტურით. ბოლო სასტუმრო „ლაბაუ“ იყო, რომლის მშენებლობაც უკანონოდ, ნებართვის გარეშე დაიწყო. გასულ წელს კომპანიამ ეს შენობა გაყიდა.

პროექტის რენდერი – შავი ფასადით, ასევე, მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე კარკასები სასტუმრო „ლაბაუს“ რენდერია – პროექტი სამ კარკასს აერთიანებს. მარცხნივ კი მოქმედი სასტუმრო „მგზავრებია“

შპს „სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბიზნესმენ დავით ცერცვაძეს ეკუთვნის.

შპს „გონიო 2020“ სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს, ვილების მშენებლობას გეგმავს. შესაბამისი განაშენიანების რეგულირების კონცეფცია კომპანიას ბათუმის საკრებულომ დაუმტკიცა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა, სასტუმრო ტიპის ვილები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა გონიოს სანაპიროზე 20 485 კვ.მეტრ ტერიტორიას დაიკავებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტი 6832 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის, ხოლო 3000 კვ.მეტრზე 80 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობასაც ითვალისწინებს. მერიისთვის წარდგენილ განაშენიანების კონცეფციაში არსებული რენდერების მიხედვით კი, კომპანია ოცდაათამდე ვილის აშენებას გეგმავს.

 

საპროექტო ტერიტორია

შპს „გონიო 2020“ 2019 წელს დაუფუძნებიათ. კომპანიის 100 პროცენტს თემურ ბიწაძე ფლობს. თემურ ბიწაძე „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის შვილია. გია ბიწაძე და მისი პარტნიორები „ოცნების“ შემწირველები არიან.

25-სართულიან სასტუმროს აშენებს გონიოს სანაპიროს პირველ ზოლში შპს „ნექსთ გონიო“. კომპანია ზღვის პირველ ზოლში 4176 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. ეს ნაკვეთი სახელმწიფოსგან „გონიო 2020“-მა გასულ წლებში შეისყიდა, შემდეგ კი „ნექსთ გონიოს“ მიჰყიდა.  კომპანიის 100 პროცენტს კახა დევაძე ფლობს.

პროექტის რენდერი

აპარტამენტებს უკვე ყიდიან კვარიათში, პირდაპირ სანაპიროზე მდებარე სასტუმრო „პანორამა კვარიათში“. გასულ წელს აქ აპარტამენტი [82.99 კვ.მ] საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძესაც შეუძენია.

შპს „ტმის“ 12-სართულიანი შენობა, აპარტოტელი „პანორამა კვარიათი“, ფაქტობრივად, პლაჟზე დგას. იქვე, პლაჟის მხრიდან, აქვს შენობას მცირე ზომის, დაახლოებით 10 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის ადგილი.

ფოტო იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად ახლოსაა შენობა ზღვასთან. ფაქტობრივად, პლაჟია შენობის ეზო და პარკინგის ადგილიც.

სს „ტმის“ 75 პროცენტს საფრანგეთში დაფუძნებული სააქციო საზოგადოება „სორეპრიმი“ ფლობს, ხოლო კომპანიის 25 პროცენტს  საფრანგეთის მოქალაქე – რობერტ ჭანტურია.

ბათუმის მერიამ აქვე კიდევ ერთ კომპანიას – შპს „კვარიათი რეზიდენსს“ მისცა ასევე შედარებით მცირე მასშტაბის შენობის მშენებლობის ნებართვა. პარკინგის და ეზოს პრობლემა ამ შენობასაც ექნება, თუმცა ნებართვის გამცემს – მერიას არც ამ შემთხვევაში გაუთვალისწინებია ბათუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი. 

შპს „კვარიათი რეზიდენსს“ მიხეილ ხატიაშვილი [10%], კახაბერ ქებურია [15%], გიორგი ვაშაგაშვილი [20%], ილია მჟავანაძე [33%], გიორგი გიგინეიშვილი[ 22%] ფლობენ.

კვარიათის ზღვის სანაპიროზე ახალ კომპლექსს აშენებს, ასევე, კომპანია „გუმბათი ჯგუფი“.

 

კომპანიები, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ აშენებენ, პლაჟებს ძირითადად გრძელვადიანი იჯარის წესით ითხოვენ. პლაჟზე სეზონურად მომუშავე მოიჯარეები კი ხშირად მანამდე იკავებენ ტერიტორიებს, ვიდრე მერია აუქციონს გამოაცხადებს. საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ კი, ამ კონსტრუქციებს პლაჟზე ტოვებენ და არც ტერიტორიის გასუფთავებით იწუხებენ თავს – გონიოს სანაპიროზე კუსტარულად მოჭედილ ხის საპირფარეშოებსაც კი ნახავთ.

 

კორპუსები კანალიზაციის გარეშე ბათუმში, ახალ ბულვართან – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: