სიახლეები

სადაც ახლა კონსერვატიული მოძრაობაა, ადრე იქ ქართული მარშის ოფისი იყო – აქტივისტი მარნეულიდან

14.03.2022 • 1425
სადაც ახლა კონსერვატიული მოძრაობაა, ადრე იქ ქართული მარშის ოფისი იყო  – აქტივისტი მარნეულიდან

დღეს, 14 მარტს, მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ მარნეულში პრორუსული პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის ფანჯრები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მოხატა.

სამირა პარტია „კონსერვატიულ მოძრაობის“ წევრებს მოღალატეებს უწოდებს.

„დღეს, დაახლოების საღამოს 18:00 საათზე, მივედი მარნეულში გახსნილ „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან და ფანჯრები უკრაინის და ევროკავშირის  დროშის ფერებში მოვხატე, ამით მინდა მათ ვაჩვენო, რომ ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა და ეს ევროპაა. ასევე, მინდა ვაჩვენო, რომ მარნეული სოლიდარობას უცხადებს უკრაინას“, – ამბობს სამირა.

სამირას დღეს „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი დაკეტილი დახვდა. მისი დაკვირვებით, პარტიის წევრები ოფისში ჯერჯერობით აქტიურად არ მუშაობენ.

სამირას თქმით, მარნეულში, იმ შენობაში, სადაც ახლა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისია, „ქართული მარშის“ ოფისი მუშაობდა.

„მარნეულში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი თებერვალში გაიხსნა. როცა დავინახე ეს, პირველივე დღეს მინდოდა რაღაც გამეკეთებინა. ამ ფაქტზე პროტესტი იმ დღესვე გამოვხატე სოციალურ ქსელში, მეტი ქმედებისგან თავს ვიკავებდი, რადგან ვნახე ფოტო, რომელზეც „ალტ-ინფოს“ წევრი შინაგან საქმეთა  მინისტრთან ერთად იყო და იმედი არ მქონდა, რომ როგორც მოქალაქეს, სისტემა დამიცავდა“, – ამბობს სამირა.

________________________________

„კონსერვატიული მოძრაობის“ პარტიის ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი „კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართობი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.

ტელევიზია „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა 2021 წლის ნოემბერში დააფუძნეს პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“.

„ალტ-ინფოს“ ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: