მთავარი,სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია

14.03.2022 • 1499
სალომე ზურაბიშვილი მთავრობას: საზოგადოება თქვენზე ფხიზელი და მამაცია

დღეს, 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოხსენებით მიმართავს.

„ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება, რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, ონკოლოგიური საავადმყოფოები, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც  ერთმორწმუნე ერის ეკლესიები, მოხუცთა და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების თავგანწირული ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოსა და დამოუკიდებლობის გადასარჩენად.

რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობას და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინისა და უკრაინელების გვერდით. მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა.“-განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის შემდეგ პარლამენტში უკრაინის ჰიმნი აჟღერდა და პარლამენტში მყოფი ადამიანები ფეხზე წამოდგნენ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ პარლამენტში საქართველოს ერთიანი სულისკვეთება გამოიხატება. „სახელმწიფოს და ყველა მისი ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერა, ჩვენთან ერთად არიან ეკლესიის წარმოდგენილი და ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინელებს.

უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ, და ვიცი, რას ნიშნავს რუსული იმპერიალიზმი. უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ – რუსული იმპერიისგან  გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, თავისი აჯანყებებით, რეპრესიებით და ჰოლოდომორით, დამოუკიდებლობის აღდგენა რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატისტული კონფლიქტებით და ხელი მაინც ვერაფერმა აგვაღებინა დამოუკიდებლობაზე. ვერავინ და ვერაფერმა შეგვაცვლევინა ჩვენ მიერ არჩეული ევროპული კურსი.

უკრაინის ბრძოლა გამარჯვებული თუ არა, უკვე წარმატებულია, რადგან ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი აუხილა და გამოაღვიძა. უკრაინის დამსახურებაა ევროკავშირის გააქტიურება და იზოლირებული და დასუსტებული რუსეთი,“-ამბობს ზურაბიშვილი.

დრო აღარ ითმენს, თუ ახალ მოვლენებს და საფრთხეებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება. ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის და დამღუპველი დაპირისპირების, პოლარიზაციის დასრულების მაგივრად აქ შეკრებილნი ვივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენ გერბზე – „ძალა ერთობაშია“. საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია ერთიანია. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული ერთიანობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თქვენში კი ამის მზაობას ვერ ვხედავ,“- ამბობს ზურაბიშვილი.

პარლამენტში სხდომას უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესწრება.

___________________

ამავე თემაზე:

ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ისტორია გვკარნახობს – პრეზიდენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: