ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში

15.03.2022 • 2616
რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში

პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში ორი პეტიცია მოამზადეს, რომელთაგან ერთი უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტს ეხება და ადგილობრივ საკრებულოს წარუდგენენ, მეორე კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხება და მისი ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭოა.

„ერთი კვირის წინ შუახევში ვიყავი, ფეხი მტკივა და გაწვალებული გავედი. გზის პრობლემა გვაქვს ძირითადად და დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის, სოფლებში ტრანსპორტი რომ დაინიშნოს“ – ამბობს ციური დიმიტრაძე, რომელიც შუახევში, სოფელ ცივაძეებში ცხოვრობს.

პეტიცია იმის შესახებ, რომ შუახევის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნოს, მომზადებულია და ამჯერად ხელმოწერებს აგროვებენ. ამ პროცესში ჩართული არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“.

პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება [GIZ] და მას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ასლან ჭანიძის თქმით, შუახევში 20 ახალგაზრდა კონკურსის გზით შეარჩიეს, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ტრენინგი ჩაუტარეს თემებზე – როგორ დავწეროთ პროექტები, რა არის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია, რას ნიშნავს სამოქალაქო ბიუჯეტი და ა.შ.

„ვმონაწილეობ ამ პროექტში, რომლის ფარგლებშიც ჩავატარეთ შუახევში მცხოვრები ქალების გამოკითხვა, რათა დაგვედგინა, თუ რა პრობლემების წინაშე იდგნენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქალები ასახელებდნენ შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ დაბა შუახევში თავისუფლად ჩასვლას. მოქალაქეებს ხშირად უწევთ მრავალი კილომეტრის გავლა ფეხით. ზოგჯერ  დილით მგზავრობენ სამარშრუტო მიკროავტობუსით, რომელიც ბათუმში მიდის და შემდგომ დიდხანს უწევთ ლოდინი გზაზე… ამიტომ შევიმუშავეთ ეს პეტიცია პროექტში ჩართულმა ქალებმა. ამჟამად მიმდინარეობს ხელმოწერები,“ – ამბობს იზა ფუტკარაძე, პროექტის მონაწილე.

შეხვედრა შუახევში. ფოტო: „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“

პროექტში, რომელსაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანადაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს, შუახევის მერიის ქალთა ოთახიც არის ჩართული.

„პროგრამის ფარგლებში მომზადებული იქნა ორი პეტიცია: ერთი პეტიცია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარსადგენად, რომელიც ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ხოლო მეორე პეტიცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად, რომელიც სწორედ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეეხება და რომლის ფარგლებშიც გვინდა, რომ აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს მსგავსი პროგრამა, რათა ხელი შევუწყოთ ქალთა თანაბარუფლებიანობასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ყოფის გაუმჯობესებას,“ – ამბობს თამილა ფუტკარაძე, შუახევის მერიის ქალთა ოთახის ხელმძღვანელი

„აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები მოგმართავთ პეტიციით ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის შემუშავების მოთხოვნით, რითაც შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტებისთვის დამატებით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფით მოხდეს შესაბამისი პროგრამის დაფინანსება, ან აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ განახორციელოს აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ქალების იდეების თანამონაწილეობით დაფინანსება,“ – აღნიშნულია პეტიციაში.

პროექტის მონაწილეები შუახევის სხვადასხვა სოფელში საინფორმაციო შეხვედრებსაც მართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შეხვედრა შუახევში

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა სოფელ ნენიის მოსახლეობასთან. გავაცანით პროგრამები, რომლებსაც ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერია. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა თანამშრომლობას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან“, რადგან ერთობლივი პროექტია და თან მინდა მადლობა გადავუხადო აქვე. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ არის განებივრებული შემოსავლებით და არასამთავრობო ორგანიზაციები გვეხმარებიან, ჩვენს იდეებს უფრო ფართო და მასობრივი ხასიათი რომ მივცეთ.

შუახევში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება პროგრამა, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება და წელს პირველად, ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროგრამამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო,“ – ამბობს რუსუდან შავაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

საუბარია პროგრამაზე, რომელიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზეა ორიენტირებული და რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ქალთა იდეები ფინანსდება. პროექტების შედგენაში კი ქალებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მიერ გადამზადებული ახალგაზრდები ეხმარებიან. ისინი ამ პროგრამის პოპულარიზაციასაც ეწევიან, რათა სოფლებში მეტი ქალი იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, რომ არის მექანიზმი, რითაც შეუძლიათ თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.

შეხვედრა შუახევში

„საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტში ეს პროგრამა არ ხორციელდება და ჩვენ ვართ ასეთი პროგრამის ინიციატორები. იდეა იყო, რომ პეტიცია მოგვემზადებინა უმაღლეს საბჭოში წარსადგენად, რომ მომავალში ეს გახდეს უფრო მრავალფეროვანი და დაფინანსების თვალსაზრისითაც უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს,“ – ამბობს რუსუდან შავაძე.

_____________________________________________

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: