მთავარი,სიახლეები

სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად

10.03.2022 • 1215
სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.

ხულოს სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და სკოლის მასწავლებლებს უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანიის წამოწყების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გაუჩნდათ.

მისი თქმით, კამპანიის წამოწყების ინიციატივა მათ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ჯგუფის აქტიურობამ გაუჩინა.

„უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების კამპანიაში ხულოს საჯარო სკოლის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთნენ. ვისაც რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, ის მოჰქონდა სახლიდან, ეს იქნებოდა ტანსაცმელი თუ სხვა რამ, ვიღებდით ფულად შემოწირულობასაც.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად

სხვადასხვა სოფლის სკოლაში შეგროვებულ ტვირთს დირექტორებმა მოვუყარეთ თავი და ჩვენი ხარჯით და ტრანსპორტით ჩავიტანეთ ბათუმში, სადაც შეგროვებული თანხით ერთგვარად შევავსეთ ეს ტვირთი, შევიძინეთ მშრალი საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ბავშვის საკვები პროდუქტები და სხვა ნივთები“, – ამბობს ილია ბოლქვაძე.

მისი თქმით, როცა ამ კამპანიის შესახებ გაიგეს, ხულოს სოფლებში სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და ადგილობრივებმაც გამოთქვეს დახმარების სურვილი.

„ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების კამპანიის ინიციატივა ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებისგან წამოვიდა. მათ თავად გაუწიეს ორგანიზება. შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი ახალგაზრდობის რეგიონურ ცენტრს გადავეცით უკრაინაში გასაგზავნად,“ – ამბობს გენადი აბაშიძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: