მთავარი,სიახლეები

ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

10.03.2022 • 2742
ჩინეთი რუსეთს თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს არ მიაწვდის

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ ჩინეთმა უარი თქვა რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებაზე.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ ვალერი კუდინოვმა, „როსავიაციის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით,  რუსეთი თვითმფრინავების ნაწილების მიწოდებისთვის შესაძლებლობების მოძიებას თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს ჰონგკონგური გამოცემა South China Morning Post-იც, თუმცა ჩინური მხარეს ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რუსული ავიაკომპანიები რთულ ვითარებაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს გამოცხადებული სანქციები კრძალავს რუსეთისთვის სამოქალაქო თვითმფრინავებისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, ასევე, მათ ტექნიკურ მომსახურებას და დაზღვევას. გარდა ამისა, სანქციები ავალდებულებს მეიჯარეებს მარტის ბოლომდე შეწყვიტონ ავიაკომპანიებთან არსებული კონტრაქტები.

Reuters-ის ცნობით, 9 მარტს გამოქვეყნდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ადგილობრივი ავიახაზები დაავალდებულოს, იჯარით აღებული თვითმფრინავების ღირებულება რუბლში გადაიხადონ და ასევე, შეუძლია აკრძალოს თვითმფრინავების უცხოური კომპანიებისთვის დაბრუნება იჯარის შეწყვეტის შემთხვევაში.

______________

ფოტოზე: აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEI ILNITSKY

გადაბეჭდვის წესი


ასევე: