მთავარი,სიახლეები

კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

07.03.2022 • 48643
კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

ტკბილი დღე / Sweet Day – ასე ჰქვია კაფეს ბათუმში, სადაც როცა რამეს შეუკვეთავთ, შეგიძლიათ დამატებით 1, 2, 5 ლარი ან მეტი დატოვოთ იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა უსახსროდ არიან დარჩენილი ბათუმში და ვისაც შემდეგ თქვენგან დატოვებული ზედმეტი თანხის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან.

კაფე ჭავჭავაძის №72-ში მდებარეობს.

პატარა კაფეში, სადაც მხოლოდ 4 მაგიდა დგას, საღამოობით უკრაინის მოქალაქეები იკრიბებიან ხშირად. კაფეში ანტისაომარი პოსტერებია გაკრული, იქვე დიდი დაფაა, სადაც სიტყვიერი გზავნილების დატოვებაც შეგიძლიათ.

კაფეს მეპატრონეს ლია ჰქვია. გვიყვება, როგორ ჩაერთო უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად პატარა აქციაში:

„რამდენიმე დღის წინ უკრაინის 2 მოქალაქე შემოვიდა კაფეში, ყოველ დილას აქ მოდიოდნენ ხოლმე და საუზმობდნენ. ერთმა მეორეს უთხრა, შეუკვეთე რაც გინდა, ამასობაში ბანკომატიდან ფულს გამოვიტან და მოვალო, თუმცა მალევე მობრუნდა და მეორეს უთხრა: აღარ შეუკვეთო, აღარ გვქონია ანგარიშზე თანხაო. ძალიან დაირცხვინეს. უზომოდ შევწუხდი და ორთავეს ვუთხარი, რომ ყოველდღე, ნებისმიერ დროს, შეუძლიათ ჩემს კაფეში მოსვლა საუზმესა და ვახშამზე უსასყიდლოდ მანამ, სანამ პრობლემები არ მოუგვარდებათ.

ლია, კაფე ,,ტკბილი დღის” მეპატრონე

კაფე „ტკბილი დღე” ჭავჭავაძის №72-ში

მერე გადავწყვიტე ასეთი აქცია გამეკეთებინა კაფეში: „დატოვე რამე უკრაინელებისთვის“. ჩვენთან შემოსულ სტუმარს შეუძლია დატოვოს დამატებით თანხა, რამდენიც ექნება, უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ახლა ბათუმში არიან და დახმარება სჭირდებათ. ამ თანხით ჩვენ მათ უსასყიდლოდ გავუმასპინძლდებით. ჩაისა და ყავას ჩვენს კაფეში ისეც უფასოდ ვთავაზობთ სტუმრებს“, – ამბობს ლია.

პაველ კალესნიკოვს მეუღლესთან ერთად ამ კაფეში შევხვდით. ისინი ყოველდღე აქ საუზმობენ. უკრაინაში ვეღარ ბრუნდებიან და ბათუმში ბინის ქირაობა დასჭირდათ, ღამის გასათევი რომ ჰქონოდათ:

უკრაინის მოქალაქეები, პაველ კალესნიკოვი და მისი მეუღლე, საქართველოში 2 კვირის წინ ჩამოვიდნენ სტუმრად და ომის გამო უკან ვეღარ ბრუნდებიან

„საქართველოში 2 კვირის წინ ჩამოვედით, უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. უკან ვეღარ ვბრუნდებით ომის გამო. მოგვიწია ბათუმში ბინის დაქირავება. თუ ომი გაგრძელდება, საქართველოში მოგვიწევს დარჩენა, მაგრამ იმედია ომი მალე დასრულდება და დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც ახლა ჩემი ძმები და მშობლები არიან ჩარჩენილები.

ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პატარა დახმარებები ხალხისგან, პატარა კაფეებისგან, ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, – ამბობს პაველ კალესნიკოვი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: