მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რუსეთში მოსახლეობა წამლებს იმარაგებს – მედია

07.03.2022 • 1210
რუსეთში მოსახლეობა წამლებს იმარაგებს – მედია

რუსული მედია წერს, რომ რუსეთში, აფთიაქებში, წამლებზე „აჟიოტაჟური მოთხოვნაა“.

მიუხედავად რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ უცხოური ფარმაცევტული კომპანიები აგრძელებენ რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებას, მოსახლეობა მედიკამენტებს იმარაგებს – „იღებენ პირდაპირ ხუთ-ათ შეფუთვას” – წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.

გამოცემის ცნობით, ევროპული წარმოების ინსულინი და ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალო აბები ზოგიერთ ქალაქში აღარ არის ხელმისაწვდომი.

„ფარმაცევტები ამბობენ, რომ საწყობებში ყველაფერია, მაგრამ საქონლის გადმოტვირთვისა და შეკვეთების შეგროვებისთვის მათ დრო არ რჩებათ.“ – წერს სააგენტო.

რამდენიმე დღის წინ  წამლების დასავლელმა მწარმოებლებმა და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი გეგმები, გააგრძელონ პროდუქციის რუსეთში გაყიდვა, შესაძლოა გართულდეს დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციების გამო.

შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროპისა და კანადის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ ვრცელდება მედიცინასა და სამედიცინო აღჭურვილობაზე, მაგრამ სანქციებმა, რომლებმაც მოწყვიტეს რუსული ბანკები საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან, ისევე როგორც მსხვილი გადამზიდავი კომპანიების გადაწყვეტილებებმა ქვეყნისთვის სერვისის შეჩერების შესახებ, შეიძლება შეაფერხოს ქვეყნისთვის სამედიცინო მარაგების მიწოდება.

„საბანკო გადარიცხვების გაყინვამ შეიძლება მართლაც იქონიოს გავლენა სამედიცინო მოწყობილობების ევროკავშირიდან რუსეთში ექსპორტზე. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ამ საკითხს და ვნახავთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“, – თქვა სამედიცინო მოწყობილობების კომპანიების ევროპული ლობის ჯგუფის MedTechEurope-ის წარმომადგენელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: