მთავარი,სიახლეები

ქართული ბიზნესი რუსეთში რძის პროდუქტების გატანას არ აპირებს – რას ამბობენ კომპანიებში

06.03.2022 • 1966
ქართული ბიზნესი რუსეთში რძის პროდუქტების გატანას არ აპირებს – რას ამბობენ კომპანიებში

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) აცხადებს, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“. „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოში ყველაზე მსხვილ რამდენიმე მწარმოებელს და ჰკითხა – შეიტანენ თუ არა რუსეთში თავიანთ პროდუქციას.

შპს „ქართული რძის პროდუქტებში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის გატანას არ გეგმავენ.

„პროდუქციის გატანას სჭირდება გარკვეული პროცედურები. რუსეთმა ამჯერად დაუშვა მხოლოდ სერტიფიცირება. თუმცა არც ამ პროცედურის გავლას ვაპირებთ. ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის იმპორტს კატეგორიულად ვეუბნებით არას“, – გვითხრა „ქართული რძის პროდუქტების“ დირექტორმა, გიორგი ლიპარტელიანმა.

რუსეთში პროდუქციის გატანაზე უარს ამბობს შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებიც“.

„ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს… ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იგივე პოზიცია აქვთ კომპანია „საამოშიც“.

„არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მიუღებელია პროდუქციის ექსპორტი რუსეთში. ჩვენ არც ვგეგმავდით და არც ვაპირებთ სამომავლოდ რუსეთში პროდუქციის გატანას. მით უმეტეს, იქ რძის პროდუქტები ჩვენთან შედარებით ისედაც იაფია. ძვირიც რომ იყოს, ასეთ ვითარებაში ექსპორტი გამორიცხულია“, – გვითხრა კომპანია „საამოს“ [ნამდვილი პროდუქტები] დირექტორმა კოტე შარვაშიძემ.

„რუსეთში ექსპორტს რაც შეეხება, ჯერ მაგის რესურსი არ გვაქვს და არც ბაზარი მაქვს იქ შესწავლილი – რა ბაზარია, მე როგორი დატვირთვა მჭირდება. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც მიფიქრია რუსეთში პროდუქციის გატანაზე. თან რძის პროდუქტები ისეთი ვადით არის, რომ 35 დასახელების პროდუქტიდან ალბათ 5 თუ გაუძლებს ამ ექსპორტს. მაგალითად, მაწონს ერთკვირიანი ვადა აქვს და რა რაოდენობით უნდა წავიდეს, რომ ამ გზას და ვადებს გაუძლოს. სხვები რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება რუსულ რძის პროდუქტებთან ეს კიდევ საკითხავია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შპს „რესპუბლიკას“ [მალკო] დირექტორი დავით ფინთურია.

კომპანიას რომ რესურსი ჰქონდეს, დღეს არსებულ სიტუაციაში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაიტანდა თუ არა პროდუქციას რუსეთში? – დავით ფინთურია ამბობს: „ბორჯომი“ გადის, ღვინო გადის და პოლიტიკა მანდ ნაკლებად მაინტერესებს ზოგადად; ექსპორტზე უკრაინაშიც გავიტან სიამოვნებით და რუსეთშიც გავიტანდი“.

„არანაირ ექსპორტს რუსეთში არ ვგეგმავთ, ჯერ ერთი, მაგ დონის სიმძლავრეები ჩვენ არ გვაქვს – ამ კუთხიდან თუ გადავხედავთ, და რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, გარკვეული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. გარკვეული კი არა, მე თუ მკითხავთ, მადომინირებელი“, – ამბობს დავით კვეზერელი, შპს „რძის ლაბორატორიის“ თანადამფუძნებელი.


5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალურმა სამსახურმა ქართულ კომპანიებს რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის ნება დართო.

რძის პროდუქტების მწარმოებლების თქმით, რამდენიმე თვის წინ მათ შესთავაზეს – ხომ არ გააკეთებდნენ განაცხადს რუსეთში პროდუქციის შეტანაზე და მსხვილი კომპანიები მაშინ ამას დათანხმდნენ. განაცხადიც გაკეთდა და ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ჩართული.

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ქართული რძის კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის უფლების მინიჭების გამო საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, დისტანცირდეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებისგან, რომლის ლიდერებიც არღვევენ საერთაშორისო კანონმდებლობასა და ჩადიან სამხედრო დანაშაულს უკრაინაში.“ – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს, 6 მარტს, განაცხადა, რომ ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად „2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსულ მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში.“

https://batumelebi.netgazeti.ge/news/394693/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: