მთავარი,სიახლეები

სააგენტო რუსეთში ქართული რძის პროდუქტების შეტანაზე – მოლაპარაკება 2020 წელს დაიწყო 

06.03.2022 • 2108
სააგენტო რუსეთში ქართული რძის პროდუქტების შეტანაზე – მოლაპარაკება 2020 წელს დაიწყო 

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად „2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაში.“

5 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“.

„ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში ჩართულია, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე ცნობილი საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიები. მუშაობა მიმდინარეობს ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებითაც.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან.

ამავდროულად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვასთან დაკავშირებით, რათა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტი შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ქვეყნებში“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ცხოველური წარმოშობის პროდუქციითვის ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გატარებული პოლიტიკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირის ბაზარზე 2016 წლის დეკემბრიდან დაშვებულია ქართული თაფლის ექსპორტი და შედეგად, გასულ წელს ევროპაში უპრეცედენტო რაოდენობის თაფლია გასული“, – აცხადებს სააგენტო.


რუსეთის ფედერაცია 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში  და მასობრივი, სასტიკი ომი წამოიწყო.

მალევე აგრესიაზე პასუხად არაერთმა სახელმწიფომ – შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე ევროკავშირმა – სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთის ფედერაციას მძიმე ეკონომიკური სანქციები დააკისრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალსვე განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და თქვა, რომ ეს „მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას“.

რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორია (2021 წელს რუსეთი მე-2 ადგილს იკავებდა როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო პარტნიორებს შორის).

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველა პარტნიორს მოუწოდებს, შეუერთდეს სანქციების რეჟიმს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: