მთავარი,სიახლეები

„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

04.03.2022 • 1457
„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა.

ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის.

ფილმი „ხალხის მსახური“, სადაც მთავარ როლს ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებდა. 2016 წელი

ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. კომიკოსს განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარების გაშარჟება უყვარდა.

„გადავწყვიტე, შენთან ღიად ვილაპარაკო, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ,“ – საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2019 წელს, ამ სიტყვით სცადა მან ამომრჩევლის გულის მოგება.

„ახლა უკრაინაში არის სიტუაცია, როცა ყველა უკრაინელს სამი გზა აქვს. პირველი გზა არის იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობ, იარო დინებით და ეს კარგია. მეორე გზაა, მოაგროვო ნივთები და სხვა ქვეყანაში წახვიდე, იქ ფული გამოიმუშაო და ნათესავებს, მეგობრებს გამოუგზავნო. ეს ასევე ნორმალურია, მაგრამ არის მესამე გზა – სცადო რაღაცის შეცვლა უკრაინაში და მე თვითონ ავირჩიე იგი“, – უთხრა ზელენსკიმ უკრაინელ ამომრჩეველს 2019 წელს.

მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ზელენსკის 2016 წელს იურმალას ფესტივალზე გამოსვლაც გაახსენეს, სადაც მან უკრაინას „მათხოვარი“ უწოდა. ზელენსკიმ თქვა, რომ ის მთავრობას გულისხმობდა და არა ქვეყანას მთლიანად.

ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

ზელენსკის გაუხსენეს ისიც, რომ ის 2018 წელს დაადანაშაულეს ჰომოფობიაში წარმოდგენის გამო, სადაც მსახიობებმა ლგბტქ თემს დასცინეს. საჯარო კრიტიკის შემდეგ სტუდიას ვიდეო საჯარო წვდომის სივრციდან აუღია და ბოდიში მოუხდია.

პრეზიდენტად არჩევამდე კი არა, კანდიდატად დასახელებამდე კიდევ ერთი კომიკური აქტი გაუთამაშებია ზელენსკის – როცა 2019 წელი დადგა, ერთ-ერთი ტელევიზიის „1 + 1“-ის საახალწლო ეთერში ზელენსკიმ მაყურებელს, როგორც პრეზიდენტმა, ახალი წელი მიულოცა.

ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. ტელევიზიას მაშინ ეს ამბავი „ტექნიკური ხარვეზით“ აუხსნია.

ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წლიდან უკრაინის პრეზიდენტია

 

მთავარი ფოტო: სერიალი „ხალხის მსახარი“

ამ თემაზე:

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: