მთავარი,სიახლეები

რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკის მიმართვა რუსებს

04.03.2022 • 1611
რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკის მიმართვა რუსებს

დღეს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

„რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ მინდა მოგმართოთ. ეს საერთოდ როგორ არის  შესაძლებელი?

ჩვენ ხომ 1986 წელს ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების წინააღმდეგ. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი, მსხვერპლი, თქვენ უნდა გახსოვდეთ ნათება განადგურებული ელექტრობლოკის მაღლა, თქვენ უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონები. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?!

და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ არ შეიძლება ჩუმად ყოფნა, თქვენ უნდა უთხრათ თქვენს მმართველობას, გამოხვიდეთ გარეთ და ილაპარაკოთ, რომ სიცოცხლე გინდათ, გინდათ იცხოვროთ დედამიწაზე რადიოაქტიური ინფიცირების გარეშე,  რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთი,  რადიაციამ არ იცის, სად არის თქვენი ქვეყნის საზღვარი“. 

4 მარტს, გამთენიისას, დაახლოებით 03.00 საათზე, გავრცელდა ცნობა, რომ  უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის სამხედრო შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა ბოლო ცნობებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაკავება შეძლეს.

უკრაინის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა და მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები პუტინის „ბირთვული ტერორის“ წინააღმდეგ. საუბარი შედგა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უმსხვილესია ევროპაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას თქმით, მისი აფეთქება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებასთან შედარებით 10-ჯერ მეტ კატასტროფას გამოიწვევს.

ზაპოროჟიედან ოფიციალური ცნობებით, ამჟამად რადიაციული ფონი ნორმაშია.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: