მთავარი,სიახლეები

ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან

03.03.2022 • 1388
ზელესკი პუტინს: რა გინდა ჩვენგან, წადი ჩვენი მიწიდან

დღეს, 3 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უცხოელი და უკრაინელი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

ზელენსკიმ არაერთ კითხვას უპასუხა, მათ შორის, იმასაც, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია მას რუსეთისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გარანტიებთან დაკაშირებული კითხვის პასუხად თქვა:

„რისი გარანტია? – ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს და არც ვაპირებთ თავდასხმას. რისი გარანტია? ჩვენ ნატოში ვართ? – არა. ჩვენ გვაქვს ატომური იარაღი? – არა. მე რა უნდა ვთქვა, მე ვის რა უნდა მივცე? თქვენ ხომ ხვდებით, რომ ესეც საინფორმაციო ბომბია, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. რა მივცე? ღმერთო.

რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან. ახლა არ გინდა წასვლა? დაჯექი ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, მაგრამ რა საჭიროა 30 მეტრის მოშორებით [დაჯდომა], როგორც მაკრონთან, შოლცთან და სხვებთან. მეზობელი ვარ ხომ. არ არის საჭირო ჩემი მოშორება 30 მეტრით. მე არ ვიკბინები. მე ჩვეულებრივი კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან. დამელაპარაკე, რისი გეშინია?

ჩვენ არავის არ ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები. ჩვენ არ ვძარცვავთ ბანკებს. არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისა და უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე თქვა, რომ შეიარაღებასა თუ ჯარისკაცების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ომმა ხალხი და ხელისუფლება გააერთიანა და ახლა „ეს ძალიან საშიშია:

არ არის საუბარი იმაზე, საკმარისია თუ არა იარაღი, არც მსურს ამაზე საუბარი. არ არის საუბარი იარაღის დატოლებაზე, მათ ათჯერ მეტი აქვთ. მაგრამ ჩვენს მიწაზე ისინი ათჯერ ნაკლები არიან ჩვენთან შედარებით. არ აქვს მნიშვნელობა ხალხის რაოდენობას, ვინც ჩვენს მიწაზე მოდის.

მნიშვნელოვანი მათი და ჩვენი მიზანია: დაცვა და თავისუფლება, რადგან ჩვენი ბავშვებია ჩვენი თავისუფლება, რა დარჩება ჩემ შემდეგ? მსურს, რომ ჩემი შვილები უბრალოდ ცოცხლები იყვნენ, მორჩა. მეტი არაფერი მინდა და ყველას ამას ვუსურვებ – შვილების სიცოცხლეს.

და მათი მიზანი რა არის? ერის, ხალხის მუხლებზე დაჩოქება, მრავალეროვანი ერის, რომელიც დამოუკიდებელია ყველაფრისგან, ენისგან, რომელზეც ვსაუბრობთ, ფესვებისა და წარმომავლობისგანაც. ერის, რომელიც თანასწორად გრძნობს თავს ყველასთან.

ჩვენ ვაშენებთ ამ საზოგადოებას, ახლახან დავიწყეთ შენება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიყავით. ჩვენი ერი ახლა ერთიანია და სწორედ ამის ეშინია ახლა რუსეთს.

ასეთი დაყოფა – ხალხი და ხელისუფლება აღარ გვაქვს, ჩვენ ყველანი ახლა ვართ ერთი სახალხო ხელისუფლება, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყანა ვართ და ეს ძალიან საშიშია, რადგან ყველაფერია ამ ერთიანობაში. ამ ერთიანობით ვცდილობთ თავის დაცვას. მათ კი ამ ერთიანობის გატეხვა სურთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: