მთავარი,სიახლეები

ფრენის აკრძალული ზონა უკრაინაში – რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთი მის გამოყენებას | BBC

03.03.2022 • 1893
ფრენის აკრძალული ზონა უკრაინაში – რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთი მის გამოყენებას | BBC

24 თებერვლიდან დღემდე რუსული ავიაცია უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ უბნებს ბომბავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, უკრაინა საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ითხოვს პარტნიორებისგან.

რას ნიშნავს საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ფრენის აკრძალული ზონა? – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს სტატიას.

  • რა არის ფრენის აკრძალული ზონა?

ფრენის აკრძალული ზონა ეწოდება საჰაერო სივრცეს, სადაც კონკრეტული საფრენი აპარატების ფრენა აკრძალულია.

ეს შეიძლება იყოს გამოყენებული სენსიტიური არეების, მაგალითად, სამეფო რეზიდენციების  დასაცავად ან დაწესდეს დროებით გარკვეული სპორტული ღონისძიებისა და დიდი შეკრების დროს.

სამხედრო კონტექსტში ფრენის აკრძალული ზონა იქმნება თვითმფრინავების და საფრენი აპარატების საჰაერო სივრცეში შესვლისგან დასაბლოკად, როგორც წესი, თავდასხმის ან დაზვერვის პრევენციის მიზნით.

ფრენის ზონის აკრძალვა უნდა მოხდეს სამხედრო საშუალებებით, რაც შეიძლება გულისხმობდეს მეთვალყურეობას, პრევენციულ დარტყმებს თავდაცვითი სისტემების დასაცავად ან იმ საფრენი მოწყობილობების ჩამოგდებას, რომლებიც აკრძალულ ზონაში შევლენ.

ფრენის აკრძალული ზონის გამოცხადება უკრაინაში ნიშნავს, რომ სამხედრო ძალები, მათ შორის, ნატოს ძალები, პირდაპირ ჩაერთვებიან  აღნიშნულ ცაზე  რუსული ნებისმიერი თვითმფრინავის გამოჩენის შემთხვევაში და თუ აუცილებელი გახდება, ჩამოაგდებენ მას.

  • რატომ არ აწესებს დასავლეთი მას უკრაინაში? 

ნატოს ძალების ჩართვა ქმნის სწრაფი ესკალაციის რისკს.

„თქვენ უბრალოდ კი არ ამბობთ – „ეს ფრენის აკრძალული ზონაა”, თქვენ უნდა დაიცვათ ფრენის აკრძალული ზონა” – უთხრა აშშ-ს ყოფილმა საჰაერო ძალების გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ჟურნალ Foreign Policy-ს.

გენერალმა, რომელიც ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური იყო 2013-2016 წლებში, თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს მოწოდებებს უკრაინაში ფრენის აკრძალული ზონის შექმნის შესახებ, ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა:

„ეს ომის ტოლფასია. თუ ჩვენ ვაპირებთ გამოვაცხადოთ ფრენის აკრძალული ზონა, უნდა მოვუსპოთ მტერს შესაძლებლობა, ჩვენი დაცვის ზონაში გახსნას ცეცხლი და ზეგავლენა მოახდინოს მასზე”.

გაერთიანებული სამეფოს დეპუტატმა ტობიას ელვუდმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, მხარი დაუჭირა ნაწილობრივი ან სრულად ფრენის აკრძალული ზონის იდეას და მოუწოდა ნატოს ჩაერიოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და სავარაუდო ომის დანაშაულების გამო.

მაგრამ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გამორიცხა ორგანიზაციის მონაწილეობა და ორშაბათს, 28 თებერვალს, განუცხადა NBC-ს : „ჩვენ არ გვაქვს უკრაინაში გადასვლის განზრახვა, არც ხმელეთზე და არც ჰაერში“.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ დაეხმარება უკრაინის ცაზე ფრენის აკრძალული ზონის ამოქმედებას, რადგან რუსულ თვითმფრინავებთან ბრძოლა გამოიწვევს „ომს მთელ ევროპაში”.

იმავე მიზეზით გამორიცხა ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც.

რუსეთთან კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაციის დამატებითი რისკი არის ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე. ეს შიში გაჩნდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან რუსეთის ბირთვული ძალები „სპეციალურ“ მზადყოფნაში მოიყვანა.

ბევრის შეფასებით, მისი ეს ნაბიჯი, პირველ რიგში, უფრო გაფრთხილების ფორმაა, ვიდრე მსგავსი იარაღის გამოყენების რეალური განზრახვა.

მაგრამ მსოფლიო ომის ყველაზე სუსტი მინიშნებაც კი, რომელიც შესაძლოა ბირთვულ ომად იქცეს, ნიშნავს, რომ მიუხედავად მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის საშინელი სცენებისა, უკრაინაში რაიმე ტიპის ფრენის აკრძალული ზონის ამოქმედების ალბათობა ძალიან მცირეა ან თითქმის ნულის ტოლია.

  • აქამდე თუ ყოფილა ფრენის აკრძალული ზონა გამოყენებული? 

სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ, 1991 წელს, აშშ-მ და კოალიციურმა პარტნიორებმა გამოაცხადეს ორი აკრძალული ზონა ერაყში, რათა თავიდან აეცილებინათ თავდასხმები ზოგიერთი ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ. ეს გაკეთდა გაეროს მხარდაჭერის გარეშე.

1992 წელს, ბალკანეთის კონფლიქტის დროს, გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც კრძალავდა უნებართვო სამხედრო ფრენებს ბოსნიის საჰაერო სივრცეში.

გაეროს უშიშროების საბჭომ ასევე დაამტკიცა ფრენის აკრძალული ზონა ლიბიაში 2011 წლის სამხედრო ინტერვენციის ფარგლებში.

ბოსნიასა და ლიბიაში ფრენის აკრძალული ზონები ნატოს ძალებმა გამოაცხადეს.

 

მომზადებულია „ბიბისიზე“ დაყრდნობით.

_______________

ფოტოზე: უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის საბავშვო ბაღი დაბომბვის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: