მთავარი,სიახლეები

15 წლით პატიმრობა რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის – კანონი გამკაცრდა

03.03.2022 • 3620
15 წლით პატიმრობა რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის – კანონი გამკაცრდა

„რუსულ არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“ 15 წლით პატიმრობა – რუსეთის სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დღეს, 3 მარტს, დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია TASS-ი ავრცელებს.

2 მარტს რუსეთში დაიბლოკა არაპროპაგანდისტული რუსული მედიაორგანიზაციების ვებგვერდები. რუსეთის პროკურატურამ თქვა, რომ ეს მედიასაშუალებები აქეზებენ რუსეთის მოსახლეობას ექსტრემიზმისკენ და მოუწოდებენ მათ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მასობრივი დარღვევისკენ.

“შემოთავაზებულია, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს 207.3 მუხლი „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება“. ასეთი ქმედებები დაისჯება ჯარიმით 1,5 მილიონ რუბლამდე ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენების ან მოსყიდვის მოტივების არსებობის შემთხვევაში ჯარიმა 5 მილიონი რუბლი იქნება, ხოლო თავისუფლების აღკვეთა – 5-დან 10 წლამდე. თუ ყალბი ცნობების გავრცელებამ გამოიწვია მძიმე შედეგები, მაშინ თავისუფლების აღკვეთა 10-დან 15 წლამდე იქნება”, – წერს Tass-ი.

იმავე კომიტეტმა ასევე რეკომენდაცია გაუწია, რომ პალატამ მეორე მოსმენით მიიღოს კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსეთის წინააღმდეგ საგარეო სანქციების დაწესების მოთხოვნაზე.

“შემოთავაზებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შევსება ახალი მუხლით: „მოუწოდებს შემაკავებელი ზომების შემოღებას რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ან რუსეთის იურიდიული პირების მიმართ“. ასეთი ქმედებები ისჯება ჯარიმით 500 000 რუბლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით, ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე, 200 000 რუბლამდე ჯარიმით”.

24 თებერვალს რუსეთის შეარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის დაწყების გამო რუსეთის დაახლოებით 40 ქალაქში სხვადასხვა მასშტაბის საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსეთის პოლიციამ დემონსტრანტები, მათ შორის, მოხუცები და ბავშვები დააკავა.

დამოუკიდებელ უფლებადამცველ მედიაპროექტ OVD-info-ს ცნობით, გასული ხუთშაბათიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 7615 ადამიანი დააკავეს. მათივე ინფორმაციით, მოსკოვში ადამიანებს ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტებისთვისაც აპატიმრებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: