მთავარი,სიახლეები

რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში

02.03.2022 • 14782
რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში

„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს.

ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და დაჭრილების გადასარჩენად იბრძვის.

„იმ დღეს ბევრმა დამირეკა. ნათესავები, მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ლვოვამდე მატარებლით მივიდოდნენ, შემდეგ პოლონეთში გადავიდოდით. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. კიევში დავრჩი, რადგან როგორც ექიმისთვის, მორალურად გაუმართლებელი იქნებოდა აქედან წასვლა.

უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. აქ მყავს ბევრი მეგობარი, აქ არიან ჩემი მასწავლებლები. ჩემი კოლეგებიც გავიდნენ ქვეყნიდან, ოჯახები გაიყვანეს, თუმცა შემდეგ უმეტესობა უკან დაბრუნდა. ვერავინ გაჩერდა სახლში.

კლინიკაში ვცხოვრობთ, აქედან არ გავდივართ, რადგან პაციენტები გვყავს. ბუნკერში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავდივართ, თუ სირენების ხმა ისმის და გვაფრთხილებენ, რომ დაბომბვა იწყება.

მაგრამ თუ საოპერაციოში ვართ, არც სირენების დროს ჩავდივართ ბუნკერში, რადგან ჟანგბადზე მიერთებულ პაციენტებს ბუნკერში ვერ ჩავიყვანთ და ვერც ოპერაციას მივატოვებთ“, – გვეუბნება ექიმი.

მიშა ბერიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ბევრი ქართველი ექიმია უკრაინის სხვადასხვა კლინიკაში, ამოსოვის სახელობის კლინიკაში ქართველი ექიმი მხოლოდ თავადაა.

„ჯერჯერობით ერთი ქართველი ექიმი ვარ აქ. როგორც ვიცი, ბევრი მოხალისე ჩამოდის უკრაინის დასახმარებლად, თუმცა ჩვენს კლინიკაში დამხმარე ძალა არ დაგვჭირვებია.

ექიმები გადავამზადეთ, რადგან ჩვენი კლინიკა პროფილურია, ძირითადად აორტის დისექციებზე და მწვავე ანევრიზმებზე ვმუშაობთ და ახლა დაჭრილი პაციენტების დახმარება გვიწევს.

აქვე, ახლოს, ლომონოსოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლს ესროლეს ბომბი და 17 წლის ბიჭი დაიჭრა. კლინიკამდე მოსვლა შეძლო და გადავარჩინეთ.

დღეში 4-5 ოპერაციის გაკეთება გვიწევს, ვაკეთებთ დაგეგმილ ოპერაციებსაც.

მე ვერ გავდივარ საავადმყოფოდან, მაგრამ როგორც ვიცი, დაჭრილები ძირითადად რაიონებში მიჰყავთ, იქ, სადაც უფრო მეტი სიმშვიდეა. ბოლო დღეებია კიევშიც სიმშვიდეა, თუმცა კლინიკიდან მაინც ვერ გავდივართ. პაციენტები გვყავს და ვერ მივატოვებთ.

ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტი კიევში ომის დროს

როგორც გვეუბნებიან, ომის მდგომარეობა მაინც აისახა ყველაფერზე. მაღაზიებში სურსათის დეფიციტია, ადამიანები 3-4 საათი დგანან რიგში და შეიძლება მაინც არ შეხვდეთ პროდუქტი.

ძალიან რთულია ქვეყნიდან გაღწევა, რადგან ქალაქები იბომბება, ჩემი მეგობარი ცდილობს ოჯახის გაყვანას და 24 საათის განმავლობაში 300 კილომეტრიც ვერ გაიარა.

„კლინიკის დირექტორი ვასილი ლაზარეშენი და მედპერსონალი ადგილზეა. ყველანი კლინიკაში ვცხოვრობთ“- ამბობს მიშა.

კლინიკას რაც შეეხება, სამედიცინო საშუალებები გვაქვს, რადგან ჰუმანიტარული დახმარება მოდის, თუმცა ომია და ასეთ დროს მაინც აუცილებელია სისხლის და ყველა საჭირო მედიკამენტის მარაგი“ – ამბობს მიშა ბერიძე.

მისი თქმით, ექიმებიც და მოსახლეობაც განსაკუთრებულ სიმტკიცეს გრძნობენ და როგორც არასდროს, ისეთი ერთიანია უკრაინელი ხალხი.

„ყველა ძალიან შემართებით ვართ, მთელი მთავრობა ქვეყანაშია, პრეზიდენტი ზელენსკი ქვეყანას არ ტოვებს, ეს ყველას გვაძლიერებს.

მადლობა მინდა ვუთხრა იმ ქართველებს, ვინც აქ არიან და იბრძვიან იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ხდება. 2014 წლიდან, რაც უკრაინის ანექსია დაიწყო, აქ იბრძოდნენ ჩვენი ქართველი მოხალისეები, აქ მცხოვრები ქართველებიც და შეეწირნენ ამ უსამართლობას.

მინდა, ამ ხალხზე გითხრათ კიდევ, ამ მამაც ხალხზე, რომელიც ისტორიულად ძალიან მებრძოლი და მტკიცეა. უკრაინელები ყველაზე დიდხანს გაუმკლავდნენ გასაბჭოებას.

ერთ მუშტად შეკრული ერია, ყველა აქ დგას და იბრძვის და აქ ვიდგებით მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს,“ – გვეუბნება მიშა ბერიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: