მთავარი,სიახლეები

XI საუკუნის კიევის საკათედრო ტაძარი დღეს შეიძლება დაბომბონ – უკრაინის კულტურის მინისტრი

01.03.2022 • 13564
XI საუკუნის კიევის საკათედრო ტაძარი დღეს შეიძლება დაბომბონ – უკრაინის კულტურის მინისტრი

უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო აცხადებს, რომ კიევის ცენტრში მდებარე XI საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურების საფრთხის წინაშეა:

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რომელიც უკვე ექვსი დღეა გრძელდება, სამხედრო დანაშაულის სახეს იღებს ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების, საავადმყოფოების და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით. მათ შორისაა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ჩერნიგოვოში, ხარკოვში, კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში.

დღეს რუსეთის ფედერაციის თავდაცვამ განაცხადა, რომ აპირებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტების დაბომბვას დედაქალაქ კიევის ცენტრში, სამიზნე ობიექტებთან ახლოს კი მოზაიკით შემკული, XI  საუკუნის ფრესკებით მოხატული წმინდა სოფიას სახელობის საკათედრო ტაძარია,“ – წერს კულტურის მინისტრი ფეისბუქზე.

ის განმარტავს, რომ ეს უნიკალური არქიტექტურული ძეგლი მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია და ტაძრის ნებისმიერი სახის დაზიანება ან განადგურება მთელი კაცობრიობისთვის გამოუსწორებელი დანაკარგი იქნება.

„მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, იუნესკოს, ჩაერიონ ამ სიტუაციაში და დაგვეხმარონ, გადავარჩინოთ წმინდა სოფიას ტაძარი განადგურებისგან!“ – წერს სოციალურ ქსელში ალექსანდრ ტკაჩენკო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: