მთავარი,სიახლეები

თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება

27.02.2022 • 3269
თუ პუტინი ბირთვული იარაღით უკრაინას ემუქრება, ეს ვერ გაგვტეხს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმა დღეს, 27 თებერვალს, საერთაშორისო მედიის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დმიტრო კულებას ჰკითხეს, რა არის უკრაინის გეგმები მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავის „სტრატეგიული თავდაცვით ძალებს უბრძანა გადასულიყვნენ განსაკუთრებულ რეჟიმზე“?

კულებას თქმით, ამ შემთხვევაში მას აქვს „ძალიან მარტივი გზავნილი: ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს არ გაგვტეხს“:

„შენიშნავდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ეს ბრძანება გასცა ორი დელეგაციის შეხვედრის მზაობაზე განცხადებიდან ძალიან მალევე.

ჩვენ ვხედავთ ამ განცხადებას, ამ ბრძანებას, როგორც მცდელობას აწიონ ფსონები და გაზარდონ წნეხი, უკრაინულ დელეგაციაზე. მაგრამ ჩვენ არ მოვექცევით ამ წნეხში. როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ მივალთ იქ, რომ მოვისმინოთ, რა აქვს რუსეთს სათქმელი და ვეტყვით, ჩვენ რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე.

ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ომი და მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია. ომის სრული შეწყვეტა.

თუ პუტინის ბრძანება – მზადყოფნაში მოიყვანოს თავისი ბირთვული იარაღი – იქნება ამ ბირთვული იარაღის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების პირდაპირი მუქარა, მაშინ მე მაქვს ძალიან მარტივი გზავნილი – ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის, მაგრამ ეს ვერ გაგვტეხს“.

უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკება იმართება. კითხვაზე, რა იქნება შეთანხმების პირობები, რასაც უკრაინა დასთანხმდება, კულებამ განაცხადა:

„პირველ რიგში, არ მიუდგეთ მოლაპარაკებებს იმ მიდგომით, თუ რაზე დასათანხმებლადაა უკრაინა მზად. შეგახსენებთ, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც ომი დაიწყო, რუსეთს არ აინტერესებდა არანაირი საუბარი. მას შემდეგ, რაც მათ განიცადეს დანაკარგები და მიხვდნენ, რომ გეგმები ჩაეშალათ, რუსეთმა დაიწყო საუბარი ულტიმატუმის ენით – ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ უკრაინასთან სასაუბროდ წინასწარი პირობებით, რაც საუბრის დაწყებამდე უნდა შესრულებულიყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთის დანაკარგები გაიზარდა, რაც რუსულმა არმიამ ერთმანეთის მიყოლებით განიცადა მარცხი მარცხზე, მოთხოვნები, წინასწარი პირობები, ულტიმატუმები რუსეთის მხრიდან გვერდზე გადაიდო. ახლა მათ გადმოგვცეს გზავნილი, რომ მხოლოდ საუბარი სურთ.

ვფიქრობ, ფაქტი, რომ რუსეთი მზადაა საუბარზე წინასწარი პირობებისა და ულტიმატუმების გარეშე, უკრაინისადმი ნებისმიერი მოთხოვნების გარეშე, უკრაინისთვის უკვე გამარჯვებაა.

მეორე, ჩვენ როგორც ვთქვი, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ყველანაირ მხარდაჭერას, რაც ახლახან მივიღეთ საფრანგეთიდან თუ სხვა პარტნიორებისგან, მაგრამ ეს ჩვენ ვართ, ვინც იბრძვის, ეს ჩვენი ხალხია, ვინც კვდება, ეს ჩვენი სახლებია, რომლებსაც ანგრევენ.

დღეს ჩვენ ისე ახლოს ვიყავით ბელარუსის შეიარაღებული ძალების ომში ჩართვასთან, როგორც არასდროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს დღეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჩრდილოეთი ფლანგი, მინიმუმამდე დავიყვანოთ იქიდან მომავალი საფრთხე, ამიტომ ჩვენ დავთანხმდით დელეგაციის გაგზავნაზე უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შერჩეულ შეხვედრის ადგილზე.

ჩვენ არ წავალთ გომენში, ბელარუსის ქალაქში, რომელიც გამოყენებულია, როგორც რუსეთის სამხედრო ბაზა. ჩვენ შევხვდებით საზღვარზე. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვისმინოთ, რისი თქმა სურს რუსეთს. მივდივართ იქ ყოველგვარი წინასწარი ლაპარაკის, ამ საუბრის შესაძლო შედეგებზე ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. მივდივართ მოსასმენად და მისთვის, რომ ვუთხრათ, ჩვენ რას ვფიქრობთ ამ ომსა და რუსეთის მოქმედებებზე.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დაარწმუნა პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ბელარუსის არც ერთი შეიარაღებული ძალა არ იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის მიღწევა და ვიმედოვნებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო სიტყვას შეასრულებს.

ამ მოლაპარაკების დასრულებამდე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის თავდაუზოგავად დაცვას, გავაგრძელებთ რუსულის ძალების დამარცხებას, თუ ისინი ეცდებიან გააგრძელონ თავდასხმითი ოპერაციები, გავაგრძელებთ მათ დამარცხებას ტერიტორიებზე, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშაა, ჩვენ არ შევჩერდებით მანამ, სანამ არ დავიცავთ ჩვენ ქვეყანას მთლიანად.

არაფერია ცუდი საუბარში და თუ ამ საუბრის შედეგი იქნება მშვიდობა და ომის დასრულება, ეს მისასალმებელია. მაგრამ ჩვენ არ, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მინდა ძალიან გასაგებად ვთქვა, ჩვენ არ ჩავბარდებით, ჩვენ არ გამოვაცხადებთ კაპიტულაციას, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი ტერიტორიის არც ერთ გოჯს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: