დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის 24 ქალაქში გამართულ ანტისაომარ აქციებზე, რუსმა სამართალდამცველებმა ჯამში 167 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ოპოზიციური გამოცემა rain.tv დამოუკიდებელ უფლებადამცველ მედიაპროექტ ovdinfo-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
rain.tv იქვე წერს, რომ ovdinfo, რომელიც რუსეთში პოლიტიკური დევნის შესახებ ინფორმაციებს აგროვებს და მათ უფლებათა დაცვაზე მუშაობს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არარეგისტრირებული საზოგადოებრივი გაერთიანებების – უცხოური აგენტების რეესტრში შეიტანა.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა და ომის დაწყების საპასუხოდ, რუსეთის მოქალაქეები, რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან მართავენ საპროტესტო აქციებს. ზოგჯერ ერთკაციან აქციებსაც – ისინი მოითხოვენ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის შეწყვეტას და სახელმწიფოებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფას.
რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ანტისაომარ აქციებზე დაკავებები გრძელდება.