ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

20.02.2022 • 1522
143 ადამიანის უფასო კვებაში ხელვაჩაურის მერია 100 ათას ლარს დახარჯავს – 9 თვეში

ხელვაჩაურის მერია უფასო სასადილოებისათვის  100 ათას ლარს დახარჯავს. ერთი უმწეო ადამიანის კვებაში ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან დღეში 2,5 ლარი იხარჯება.

ხელვაჩაურის მერიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები 143 ბენეფიციარის უფასო კვებით უზრუნველყოფაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო თანხა 100 ათას 458 ლარია; მომსახურების გაწევის ვადა კი: 2022 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. ტენდერში წინადადებების მიღება 28 თებერვალს დასრულდება.

პირობის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა უფასო კვებით მომსახურება უნდა განხორციელდეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე შემდეგ მისამართებზე ან/და მიმდებარედ:

  • ბათუმი, თამარ მეფის გამზირის III შესახვევი ქ. N2 (ყოფილი დაბა მახინჯაური);
  • ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა I – ჩიხი №1 (ყოფილი დაბა ხელვაჩაური);
  • ბათუმი, ტაბიძის ქ. N2.

„ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის პროცესში უზრუნველყოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ხელვაჩაურის მერია უფასო კვების მომსახურებას „უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა ერჯერადი კვებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

ამ ქვეპროგრამისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 2022 წლისთვის 130 488 ლარია გამოყოფილი, ანუ, ერთი ბენეფიციარის კვებისთვის დღეში 2,5 ლარია გათვალისწინებული.

პროგრამითდღეს, ხელვაჩაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველი [0-დან – 65000-მდე სარეიტინგო ქულით] ოჯახებიდან 43 ბენეფიციარი სარგებლობს.

პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ:

  • „უფასო კვების სარგებლობის პერიოდში სარეიტინგო ქულის დროებით შეჩერება არ წარმოადგენს უფასო სასადილოთი სარგებლობის აკრძალვის მიზეზს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ტერიტორიაზე მერის ადმინისტრაციულ ურთიერთობებთან წარმომადგენლის მიერ წერილობით წარმოდგენილია ბენეფიციარისათვის უფასო კვების განსაკუთრებული საჭიროება.
  • ყოველთვიური მონიტორგის დროს საანგარიშო თვის პერიოდში ათი დღის უმიზეზოდ გაცდენის გამოვლენა წარმოადგენს მომსახურების შეწყვეტის საფუძველს.
  • ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვა განხორციელდება განცხადებების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში: განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; პირადობის მოწმობა ასლი დედანთან ერთად; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია.
  • წლის განმავლობაში ბენეციციართა მატება მოხდება ადგილის გამონთავისუფლების შეთხვევაში.
  • ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოდიური სიტუაციისა და დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, შესაძლებელია მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა არა ყოველდღიური ცხელი კვებით, არამედ, სასურსათო ამანათით.“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: