მთავარი,სიახლეები

ისინი დენის გადასახადს ვერ იხდიან – ქიქავას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი

11.02.2022 • 2134
ისინი დენის გადასახადს ვერ იხდიან – ქიქავას ქუჩის მცხოვრებთა პროტესტი

ბათუმში, ქიქავას ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს, 11 თებერვალს, საპროტესტო აქცია მოაწყეს და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს. ისინი მთავრობისგან მათზე დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის – 18 984 ლარის ჩამოწერას ითხოვენ, ხოლო ენერგოკომპანიისგან ქიქავას ქუჩაზე ელექტროქსელის მოწესრიგებასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

ქიქავას #9-ში 63 ოჯახი ცხოვრობს. ოჯახების ნაწილი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურადაა შესახლებული, ნაწილი კი ბარაკული ტიპის სახლებში ცხოვრობს.

იმის გამო, რომ ოჯახები თვითნებურად არიან შესახლებული, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ აბონენტებად. აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლის მიხედვითაც, ქიქავას ქუჩის მცხოვრებლები თავად კრებენ ელექტროენერგიის გადასახადს და შემდეგ ერთიან თანხას რიცხავენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მათთვის გამოყოფილ ანგარიშზე.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა ჩამოაწერონ მათ დაგროვილი დავალიანება, ქიქავას ქუჩის მცხოვრებლებს ერთი პასუხი აქვთ, რომ პანდემიის გამო გამოყოფილი კომუნალური სუბსიდიები, მათაც ისევე ეკუთვნით, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს.

„აქ ყოველ მეორე ოჯახს მცირეწლოვანი ჰყავს. ძალიან ვიწრო ფართობში ვცხოვრობთ – ღუმელს ფიზიკურად ვერ დავდგამთ. გაზი არ არის. დენის გამათბობლით ვთბებით მთელი ოჯახი. გაითიშა შუქი, გამიცივდა ბავშვი. გაუსაძლისია ასე ცხოვრება. ინჰალაცია უნდა გამეკეთებინა დღეს ბავშვისთვის, მთელი დღეა შუქს ველოდები, მაგრამ არ მოსულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქიქავას #9-ში მცხოვრებმა ირინა რიჟვაძემ.

შეშის ღუმელით თბება ქიქავას ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები დარინა მჟავანაძე. უშუქობა მისთვისაც რთულია.

„სამი ბავშვი მყავს სიბნელეში, სანთლის შუქზე როგორ უნდა მყავდეს. პატარა ერთი წლისაც არაა და გიჟდება ბავშვი ისეთ დღეში შედის, როცა შუქი არაა,“ – ამბობს დარინა.

არასტაბილური ელექტროენერგიის მიწოდებაზე ჩივის ინგა ქარცივაძე. მისი თქმით, როცა მათ ქუჩაზე შუქი მოდის, ხშირად მიწოდება არასტაბილურია, რასაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება მოჰყვება ხოლმე.

„დენი თამაშობს. ამის გამო ორჯერ გავაკეთე მაცივარი. გუშინ კონდიციონერის პრობლემა მქონდა. ვითხოვთ მოვიდნენ ენერგო-პროდან და გამართონ ქსელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინგა ქარცივაძემ.

„ექვსი თვის წინ ისეთი ცუდი დენი მოვიდა უცებ ყველაფერი დაიწვა – მაცივარი, გამწოვი, ინტერნეტის კაბელები – ყველაფერი დაიწვა,“ – ჩაერთო საუბარში დარინა მჟავანაძე.

ქიქავას ქუჩის მცხოვრებთა პრობლემების მოსაგვარებლად ბათუმის მერს მიმართა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ. მაჟორიტარი დღეს საპროტესტო აქციაზეც იდგა.

„მერიდან ჯერ პასუხი არ მიმიღია. გუშინ მთავრობის აპარატშიც შევიტანე ამ პრობლემის მოგვარებაზე. ვნახოთ რა რეაგირება ექნება,“ – თქვა ნაზი ფუტკარაძემ.

  • რას ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯია“

„აბონენტად რეგისტრაციას განსაზღვრავს სემეკის შესაბამისი დადგენილება. აბონენტად რეგისტრაციისთვის საჭიროა აღნიშნულმა პირებმა კომპანიაში შემოიტანონ განაცხადი და თან დაურთონ დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. განაცხადის შემოტანის შემდეგ კომპანია  იმოქმედებს არსებული კანონმდებლობის მიხედვით,“ – განგვიმარტეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.

კომპანიის განმარტებით, ქიქავას ქუჩას კომპანია ძაბვას აწვდის დაშვებული ნორმის ფარგლებში.

„რაც შეეხება დავალიანებას, რამდენიმე თვის დავალიანებაა. კომპანია ყოველთვის ითვალისწინებდა შესაძლებლობის ფარგლებში მათ თხოვნას, არაერთხელ გადავუნაწილეთ დავალიანება მოლაპარაკებების შედეგად,“ – განმარტავს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: