მთავარი,სიახლეები

თურნავა წავიდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ეკონომიკის მინისტრი გახდა

09.02.2022 • 1941
თურნავა წავიდა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ეკონომიკის მინისტრი გახდა

ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ დღეს, 9 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრი ამჟამინდელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

„ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მან ბევრი წარმატებული რეფორმა განახორციელა ამ სფეროში. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკის მინისტრი. მას ასევე შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის პოსტიც“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ნათია თურნავას, მან ჟურნალისტებთან არ დააზუსტა, თუ სად აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა თურნავამ დასძინა, რომ ის სფეროს გამოცვლას აპირებს. „მაქვს სურვილი შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები, ვიხილვათ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გავანდობ საზოგადოებას“-განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ამ პოსტზე ღარიბაშვილმა ოთარ შამუგია წარადგინა. ღარიბაშვილის თქმით, შამუგია სოხუმიდანაა და ის ამ პოსტზე დანიშვნამდე დავითაშვილის მოადგილე იყო.

„ოთარი არის სოხუმიდან, დევნილობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, შემდეგ კი თავისი კეთილსინდისიერი შრომით მიაღწია მინისტრობას. 16 წელი იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მჯერა, რომ წარმატებული მინისტრი იქნება. ჩვენი მთავარი ამოცანა ეკონომიკის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ უახლოეს მომავალში“- განაცხადა ღარიბაშვილმა ბრიფინგზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: