ბათუმი,მთავარი,სიახლეები

630 ათასი ბათუმში ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტისთვის – კონკურსი

08.02.2022 • 1821
630 ათასი ბათუმში ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტისთვის – კონკურსი

ბათუმში „ყინულის არენის“ დაწყებული მშენებლობის დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის მოწყობის დეტალური პროექტის მომზადებისთვის ამჯერად აჭარის ბიუჯეტიდან 630 ათასამდე ლარი დაიხარჯება.

პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე კონკურსი „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ სწორედ აღნიშნული თანხით [დღგ-ს გარეშე] გამოაცხადა. ეს კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა.

კონკურსში წინადადებების მიღება 2022 წლის 5 მარტს დაიწყება და 10 მარტს დასრულდება.

საკონკურსო პირობის მიხედვით, „შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე [ფართობი: 24 563 კვ.მ] დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის [1500 მაყურებელზე გათვლილი, რომელშიც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საციგურაო სპორტული საერთაშორისო და ეროვნული შეჯიბრების ჩატარება] სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის [ტრიბუნებით 800 ადგილზე] მოწყობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტი [პირველი ეტაპი – კონცეფცია (კონკურსი); მე-2 ეტაპი – გამარჯვებული კონკურსანტის მიერ კონცეფციის შესაბამისად დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება].

 


ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს აჭარის მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის ვერ ესწრებოდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმ დროს იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ.

ახალი არენის პროექტის ღირებულება, რომელიც საცურაო აუზის მშენებლობასაც მოიცავდა, 19 990 002 აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება შპს „სტადიონმა“ [ამჟამად „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“] კანადურ კომპანია Westincor Limited-თან მაშინ ტენდერის გარეშე გააფორმა.

ყინულის არენის მშენებლობა, 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული ყინულის სასახლე დაეშალათ.

მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.

ამავე თემაზე:

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: