მთავარი,სიახლეები

რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

31.01.2022 • 2793
რატომ ბნელდება ბათუმი? – განათების პრობლემა ბულვარსა და ქუჩებში

„არჩევნების მერე რომ ჩაქრა გარეგანათება, ისევ ბნელში ვართ,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ჯამბულ ბერიძე. ადამიანები ბათუმის სხვადასხვა ქუჩიდან, დაახლოებით 15 მისამართიდან, გვწერენ გარეგანათების პრობლემის შესახებ.

ჩაბნელებულია ბათუმის ბულვარის დიდი ნაწილიც. გარეგანათება სხვადასხვა ადგილზეა გამორთული, როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარში.

ჯამბულ ბერიძე ბათუმში, კახაბრის ქუჩაზე ცხოვრობს და გვიყვება, რომ გარეგანათების სისტემა 2019 წელს მოაწყვეს, თუმცა პერიოდულად ქუჩის განათება ითიშებოდა.

„ვის მივმართო, არ ვიცი, რწმუნებული ვინაა, არც ვიცი… განათებაზე რომელი კომპანიაც მუშაობდა, იმას დავუკავშირდით, მაგრამ არაფერი. ძალიან რთულია ასე, უკვე 4 თვეა გარეგანათების პრობლემა გვაქვს,“ – ამბობს ჯამბულ ბერიძე.

უკვე 3 თვეა გარეგანათების პრობლემა აქვთ სვიშევსკის პირველ ჩიხშიც. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

„გახშირდა ქურდობა, მათ შორის, უკვე 3 ავტომანქანა მოიპარეს, მთელი გოროდოკი ჩამქრალია,“ – გვიყვებიან სვიშევსკის ქუჩიდან.

დაახლოებით ორი თვეა, ჩაბნელებულია ლერმონტოვის ქუჩის უმეტეს ნაწილი.

მოქალაქეები ასევე გვწერენ შემდეგი ქუჩების ჩაბნელების შესახებ:

  • მელიქიშვილისა და კომახიძის ქუჩების კვეთა უკვე თვეები მაგ დღეშია
  • ლუკა ასათიანის ქუჩა ექვსი თვეა ჩაბნელებულია
  • ხელვაჩაურში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაც უკვე რამდენი თვეა ჩაბნელებულია
  • ცხრა მარტის ქუჩა, ორ თვეზე მეტია ჩაბნელებულია
  • პუშკინიც და ყოველ ღამე ბარის გარეგანათებაზე ნათურებს იპარავენ
  • ლეონიძე საუკუნეა ჩაბნელებულია, ღამით მანქანით გადაადგილება საკმაოდ საფრთხილო
  • ბესიკის შესახვევი
  • მეჯინისწყალზე ფრიდონ ხალვაშის მესამე ჩიხში არაა 3 თვეა და არავის შეუწუხებია თავი
  • ქეთევან წამებული
  • მელიქიშვილის მეორე შესახვევში არ გვაქვს გარე განათება
  • თაყაიშვილზე რეტრო სახაჭაპურესთან 6 თვეა გათიშულია
  • ანგისის ქუჩის ნახევარი ჩაბნელებულია
  • აღმაშენებლის ქუჩა ჩაბნელებულია – დასაწყისში

მერიაში აცხადებენ, რომ გარეგანათების აღდგენა დაწყებულია10 მისამართზე

ბათუმის მერიის ოფიციალური ინტერნეტგვერდის ინფორმაციით, თოვის შედეგად დაზიანებული გარეგანათების სისტემის აღდგენა დაწყებულია 10 მისამართზე.

„გარეგანათების აღდგენისა და მისი შემდგომი მოვლა-ექსპლუატაციისათვის 500 000 ლარი გამოიყო,“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ხდება იმ ქუჩებზე, სადაც თოვამდეც არსებობდა გარეგანათების პრობლემა და რატომ ჩაბნელდა უკვე ბათუმის ბულვარიც? – კითხვებით ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მივმართეთ.

„აღნიშნულ ლოკაციებზე შესაბამისი სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება. გარეგანათების აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია ქალაქის მასშტაბით და ეტაპობრივად ყველა მისამართს მოიცავს,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოდან. აქ უპასუხოდ დატოვეს კითხვები: რატომ ვერ აღდგა გარეგანათების სისტემა ამ დრომდე? როდის მოწესრიგდება გარეგანათება კონკრეტულ ქუჩებზე?

რაც შეეხება ბათუმის ბულვარს – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ახალ ბულვარში გარეგანათება დიდთოვლობამ დააზიანა, ძველ ბულვარში კი, საახალწლო განათების მოხსნის დროს დროებით შეიქმნა პრობლემა.

ბათუმის ბულვარსა და კომპანია „აჭარგანათებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2022 წელს ბათუმის ბულვარის გარეგანათების მოვლისთვის და ექსპლუატაციისთვის 291 499 ლარი იხარჯება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ბათუმის ძველ ბულვარში გარეგანათების პრობლემა დღეს საღამოს უკვე აღარ იქნება, ახალ ბულვარში კი უცნობია, როდის შეძლებთ პრომინადზე თავისუფლად სეირნობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: